გვქონდა შეხვედრები საფრანგეთის და მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციებთან. ძირითადი საკითხი მოლდოვასთან იყო ის, თუ როგორ ასრულებენ ისინი საკუთარ რეკომენდაციებს საფრანგეთთან კი საუბარი იყო უსაფრთხოებაზე, ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე დგანან მოლდოველები, რაც ჩვენ; არის ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელიც მათთვისაც ბოლომდე გასაგები არ არის და ჩვენთვისაც ბუნდოვანია, შესაბამისად ამაზეც გვქონდა საუბარი. რაც შეეხება, საფრანგეთის დელეგაციას, იქ ძირითადად საუბარი იყო უსაფრთხოებაზე, ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაზე. ხაზი იყო გასმული საფრანგეთის მხარდაჭერის აუცილებლობაზე, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ საფრანგეთის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში“, – განაცხადა სამხარაძემ.