ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026

ნანა კაკაბაძე: მიდის გაშმაგებული ბრძოლა, სადაც ყველა მიუღებელი მეთოდი და იარაღი აქტიურად გამოიყენება, ეს ყოველივე გასაკვირი არ არის, ვინაიდან „ლიბერალები“ ბოლო შანსს გრძნობენ

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოქმედებს ლოზუნგი – „ფსევდო-ლიბერალებო, ყველა ქვეყნისა, თბილისში შეერთდით!… ყველა მათგანს აერთიანებს ერთი მთავარი მიზანი – „ბიძინა ივანიშვილის განეიტრალება!“ კაცი თითქმის, 2 წელია, წასულია პოლიტიკიდან, ვერ მოიძებნა, თუნდაც ერთი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც ამბობს ივანიშვილი მითითებებს მაძლევდაო, მაგრამ მაინც, უარგუმენტოდ ისევ თავისას გაიძახიან, სანამ ოცნება ხელისუფლებაშია, შენ წასულად არ ჩაითვლებიო, ანუ ჩაგვაბარეთ ხელისუფლება და გააუქმეთ პარტია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე წერს.

მისივე თქმით, მიდის გაშმაგებული ბრძოლა, სადაც ყველა მიუღებელი მეთოდი და იარაღი აქტიურად გამოიყენება: სიცრუე, მოსყიდვა, ღალატი, ორპირობა, თვალებში ნაცრის შეყრა და საზოგადოების მოტყუება.

„ფსევდო ლიბერალების ბოლო შანსი – კაცობრიობის ისტორია, ომების ისტორიაა. იგი ეფუძნება იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ უთანხმოებებს. წინა საუკუნეებში ეს უთანხმოებები ტერიტორიების დაპყრობასა და რელიგიურ დაპირისპირებებში ვლინდებოდა. მე-20 საუკუნეში ბრძოლა კომუნისტურ-ფაშისტურსა და დემოკრატიულ იდეოლოგიებს შორის მოხდა. 21-ე საუკუნის დაპირისპირება, ფსევდო ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის მიმდინარეობს. ეს ბრძოლა საკმაოდ დაუნდობელი აღმოჩნდა, ვინაიდან ფსევდო ლიბერალიზმი, არსით ტოტალიტარულია და არანაკლებ დაუნდობელი, ვიდრე რელიგიური ომები.

დღეს ეს ომები ხშირად ქვეყნების შიგნით, გახლეჩილი საზოგადოების ნაწილებს შორის იწარმოება. ამ ომს ვერც ჩვენმა ქვეყანამ აუარა გვერდი. საქართველოში ბრძოლა გაჩაღებულია, ფსევდო-ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, ლოზუნგით – „ძირს რუსეთუმე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი!“. ამ ლოზუნგის გარშემო ერთიანდებიან ხელისუფლების ჟინით აღტყინებული პარტიები, NGO-ები, მაფიოზები და ლუმპენ პროლეტარების დიდი ნაწილი, რომლებსაც აქტიურად ეხმარებიან ემიგრანტების, უცხოეთში მცხოვრები ქართული გვარის მქონე ცნობადი სახეების, ევროპარლამენტარების, LGBT აქტივისტებისა და დიპლომატების „ლიბერალური“ ნაწილი. კომუნისტების დროს არსებობდა სახალისო გამოთქმა: მარქსმა კი თქვა, პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდითო, მაგრამ ის არ უთქვამს, თბილისში შეერთდითო.

მოკლედ, დღეს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოქმედებს ლოზუნგი – „ფსევდო-ლიბერალებო, ყველა ქვეყნისა, თბილისში შეერთდით!“… ყველა მათგანს აერთიანებს ერთი მთავარი მიზანი – „ბიძინა ივანიშვილის განეიტრალება!“.
ბიძინას ყოველ სიტყვას, წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად გაჟღერებულს, საპირისპიროდ ინტერპრეტირებენ და ცდილობენ, საზოგადოებას მრუდე სარკეში დაანახონ: სიკეთეს ბოროტება დაარქვან, ქველმოქმედებას – ანგარება, კეთილგონიერებას – რუსეთუმეობა, პატრიოტიზმს – მოღალატეობა და ა. შ. მაგალითად, თუ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაებას, ვინაიდან ეს ჩვენთვის დამღუპველია, ასევე, თუ გააჟღერებს აშშ-ის ელჩის 3-საათიანი ვიზიტის შესახებ, მაშინვე მატყუარა „ლიბერალები“ დასჭყივლებენ – „აი, ხომ ვამბობდით, ეგ მართავს ქვეყანას და მაგის პოზიციას ახმოვანებს ხელისუფლება. თუ ეს ასე არ არის, აბა, ელჩი რატომ მიდის მასთან სასაუბროდ?“ თუ ბიძინა იტყვის, ჩემი ფინანსური დავა ჩემი პირადი საქმეა, ამაზე ნუ მოცდებით, ეცადეთ დაალაგოთ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანო, ამ სიტყვებს შემდეგნაირად თარგმნიან – საკუთარი უსაფრთხოება და ქონება ყველაზე მეტად აწუხებს, დასავლეთს ევაჭრება და ფსონად ქვეყანა ჩადო, ანუ საქართველოს ყიდისო. მოკლედ, დეოლიგარქიზაცია-დებიძინიზაციას ნიშნავს და ამიტომ ბიძინა უნდა წავიდესო. თითქმის, 2 წელია, კაცი წასულია პოლიტიკიდან, ვერ მოიძებნა, თუნდაც ერთი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც ამბობს ივანიშვილი მითითებებს მაძლევდაო, მაგრამ მაინც უარგუმენტოდ, ისევ თავისას გაიძახიან – სანამ ოცნება ხელისუფლებაშია, შენ წასულად არ ჩაითვლებიო. ანუ, ჩაგვაბარეთ ხელისუფლება და გააუქმეთ პარტია. საქართველოში ერთი შენობაც არ ააშენო, ერთი კაციც არ დააფინანსო, ერთი ცენტიც არ დახარჯო, თორემ ამასაც პოლიტიკურ მოღვაწეობად ჩაგითვლით და მაინც ჩვენი, ანუ „ლიბერალების“ დარტყმის ობიექტი იქნებიო და გიენებივით შემოსეულები ვიქნებით, სანამ ჩვენსას არ მივაღწევთო. მოკლედ, გაქრი, თორემ ჩვენ გაგაქრობთო, ჯერ მორალურად და პოლიტიკურად, შემდეგ კი ფიზიკურადაცო. რაც მთავარია, ამის მოსწრება სასწრაფოდ უნდათ, 2024 წლამდე ვერ იცდიან, რადგან ეშინიათ, ვაითუ მაგ წელს აშშ-ის არჩევნებში ისევ კონსერვატორმა ტრამპმა გაიმარჯვოს, რომელმაც უკვე ფაქტობრივად, დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და ეს რომ ასე მოხდეს, ფსევდო ლიბერალურ ძალებს საქართველოში ხომ საბოლოოდ მოესპობათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების პერსპექტივაო? ამიტომაც, მიდის გაშმაგებული ბრძოლა, სადაც ყველა მიუღებელი მეთოდი და იარაღი აქტიურად გამოიყენება: სიცრუე, მოსყიდვა, ღალატი, ორპირობა, თვალებში ნაცრის შეყრა, საზოგადოების მოტყუება, შანტაჟი, მუქარა, შეთქმულება, ლანძღვა, გინება, ტვინების გამორეცხვა, პროვოკაცია და ათასი სხვა სიბინძურე. ეს ყოველივე გასაკვირი არ არის, ვინაიდან „ლიბერალები“ გრძნობენ, ბოლო შანსს.

ევროკავშირის 12 ბუნდოვანი რეკომენდაციაც მაშველ რგოლად არის გადმოგდებული და თუ ესეც ვერ გამოვიყენეთ ხელისუფლების დასამხობად, მაშინ ხომ ყველანაირი პერსპექტივა დაკარგული იქნებაო. ალბათ, ეს ასეც არის. ამიტომაც, ვინც ამას ხედავს და ვისაც ფსევდო ლიბერალების გამარჯვება საქართველოს დაღუპვად მიაჩნია, ყველას გვმართებს მეტი კონსოლიდაცია, აქტიურობა, მოთმინება და მეტი სიმტკიცე, რადგან ყველა პროვოკაციაზე წამსვლელ ნეოფაშისტ-ლიბერალებისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – წერს ნანა კაკაბაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

21 სექტემბერი ღვთისმშობლობაა – პატრიარქის კურთხევით, ამ ლოცვას ვკითხულობთ…

დღეს, 21 სექტემბერს, მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას ზეიმობს;ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა "მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.გავიხსენოთ შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი;მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.წმინდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. ანას უშვილობა წამოაყვედრა მისმა მხევალმაც: „უფალმა ღმერთმა დაგიხშო საშო და არ მოგმადლა ნაყოფი ისრაელიანთა შორისო“.მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.იოაკიმემ მწყემსები მოიხმო და შესაწირავი მსხვერპლის გამზადება უბრძანა. ანა მას სახლში ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, წინ მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო.მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა.როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, შინ მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. „ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო, ძუძუს აწოვებს ანა“, - სიხარულით გალობდა წმინდა ანა.როცა მარიამი სამი წლისა გახდა, მშობლებმა, მიცემული აღთქმისაებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი საკურთხეველში შეიყვანა და ასე აკურთხა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა სახელი შენი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა შვილნი ისრაელისა“.ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარეს.შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია.როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს. პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 21 სექტემბერს 12 საათზე ყველა ქართველმა უნდა აანთოს სანთელი და სამჯერ წარმოთქვას ეს ლოცვა:"მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ. არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ."ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანას, ოჯახებს, ამინ.

“მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს”

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარტია „თავისუფალი ხალხის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.მისივე თქმით, დანარჩენებს ყველას ეტყობა, რომ გვარამიას ხათრი აქვთ. „ნაცი“ თავის თავში იმას გულისხმობს, რომ გვარამიას ხათრი არ უნდა ჰქონდეს. რაც წაგართვა გვარამიამ, უნდა დაიბრუნო.„გვარამიასთან დაპირისპირების „გაგდებით“, ჩემზე უკეთესი სივი ძალიან ცოტა ადამიანს ექნება. უბრალოდ გვარამიას მისცეს 40 მილიონი, რომ „ნაცებისთვის“ წაერთმია ხმები, გაელანძღა ყველა და ყველაფერი და დამჯდარიყო რადიკალურ ოპოზიციურ ხმებზე, რომელზეც მიშა ზის. დღეს ეს ყველაფერი გაიშიფრა, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ჯერჯერობით არ უნდათ აღიარება და მე კიდევ მინდა, რომ შემდეგ არჩევნებამდე ეს საკითხი არ მივიდეს გაურჩეველი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მედია – ეგზიტპოლის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49,4%-ს მიიღებს, მეორე ადგილზე კი 14,2% -ით კომუნისტური პარტიაა”

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, შედეგების შესახებ პირველადი მონაცემები ვრცელდება. რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერილი მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49,4%-ს მიიღებს. როგორც დასავლური მედია წერს, ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება „ერთიანი რუსეთის“ მიერ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ 49,8%-ს. პროგნოზის თანახმად, მეორე ადგილს რუსეთის ფედერაციის "კომუნისტური პარტია" დაიკავებს ხმების 14,2%-ით. ამავდროულად, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.

ტარიელ კაკაბაძე – როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს საფრანგეთში

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მიქაძე საფრანგეთში დააკავეს. "როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში", - წერს კაკაბაძე "ფეისბუქზე". როგორც ცნობილია, დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.მინისტრმა წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.ხუციშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ის მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით შეასრულოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მხრივ. მისი თქმით, უწყების მიზანია მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების კუთხით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.

ბოლო სიახლეები