„რუსეთი ფატალურად იგვიანებს“, – აცხადებს დრონების წარმოების მენეჯერი, ალექსეი ჩადაევი და ქვეყანას „ახალი წარუმატებლობების“ შესახებ აფრთხილებს. იმავდროულად, მილიარდერი ოლეგ დერიპასკა „ღრმა კრიზისზე“ საუბრობს და 12-საათიანი სამუშაო დღის შემოღებას ითხოვს. მათი კრიტიკა პირდაპირი და მოურიდებელია… პეტერ იუნგბლუტი („ბავარიის რადიო“ – BR24) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის გარშემო მიმდინარე დებატებს აკვირდება – ის რუსულ მედიას, ტელეგრამ-არხებსა და სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალს.
„ასეთი სტატიის გამო, ოპოზიციის ნებისმიერი წევრი ციხეში ღმოჩნდებოდა“, – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი რუსი პოლიტიკური ბლოგერი მილიარდერი მეწარმის, ოლეგ დერიპასკას სენსაციურ მოსაზრებას. არადა, არავისთვის არის საიდუმლო, რომ დერიპასკა პუტინის ოლიგარქების უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნება.
საკუთარ ტელეგრამ-არხზე დერიპასკამ პუტინის უსაფრთხოების ძალები „სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების ნგრევაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციები აღარ იდება: „ეს ღრმა კრიზისია. ის რთული ცვლილებებით არის გამოწვეული – იმ გლობალური შესაძლებლობებიდან, რომლებიც ადრე გაგვაჩნდა, გადავედით რეგიონულზე, რასაც უამრავი შეზღუდვა ახლავს თან“.
დერიპასკამ თანამემამულეების გაღიზიანება გამოიწვია შეთავაზებით, რომლის მიხედვითაც, მათ დღეში თორმეტი საათი, კვირაში კი ექვსი დღე უნდა იმუშაონ — დილის რვიდან საღამოს რვამდე: „ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ და რაც შეიძლება სწრაფად. ვაღიარებ, რომ ბევრი არჩევანი არ გვაქვს. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი გზაა და ის ჩვენს ეროვნულ ხასიათთანაა დაკავშირებული: მძიმე დროს, ჩვენ ერთად დგომა და კიდევ უფრო თავდაუზოგავი შრომა შეგვიძლია“.
„როდის დაგვინაწილებენ ყმებად?“
მას შემდეგ, რაც დერიპასკამ სახელმწიფო აპარატისგან მხარდაჭერა მიიღო (მაგალითად, ყოფილი დეპუტატის, გენადი ონიშჩენკოსგან), მიმომხილველმა ოლეგ საროვმა (412 ათასი გამომწერი) სარკასტულად დაწერა: „ჩვენ სწრაფად ვუბრუნდებით საწყისებს. მეგონა, დერიპასკამ რაღაც სისულელე დაუფიქრებლად დაწერა. თურმე, არა – რა დაუფიქრებლად? XIX საუკუნეში დაბრუნების მთელი კამპანიაა დღეს გაჩაღებული. საინტერესოა, როდის აპირებენ ყმების ერთმანეთში განაწილებას?“
სხვა რუსი ექსპერტები ირონიისგან თავს იკავებენ და სერიოზულად აცხადებენ: „მთავრობა მოსახლეობას, შესაძლოა, ტოტალური შრომითი მობილიზაციის სცენარისთვის ღიად და სისტემურად ამზადებს“.
„ფუტკრები დილის 6-დან საღამოს 7-მდე შრომობენ“
ანალიტიკოსების შეფასებით, ანაზღაურებად „ზეგანაკვეთურ სამუშაოზე“ ოცნებაც არ ღირს, რადგან საამისოდ ფული არ არსებობს: „ქვეყანას გიგანტური პარამილიტარისტული ბანაკისთვის ამზადებენ, სადაც სამსახურიდან წასვლა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, ტრადიციული ხელფასები კი შესაძლოა ნაწილობრივ სასურსათო ტალონებმა შეცვალოს“.
დერიპასკამ ამ კრიტიკას ირონიულად უპასუხა: მან აყვავებული ბაღის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფუტკრებიც კი ყოველდღე დილის 6-დან საღამოს 7-მდე „შრომობენ“. ამ კონტექსტში, ბევრს გაახსენდა მიმდინარე წლის 23 თებერვალს პუტინის ნათქვამი, რომლითაც მან, ფაქტობრივად, დერიპასკას მოთხოვნა „იწინასწარმეტყველა“: „საერთო მიზნებისთვის ერთად გამარჯვების უნარი ჩვენი არმიისა და ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების უდიდესი ძალაა“.
„რუსეთის თავზე ყმობის აჩრდილი ტრიალებს“, – აცხადებს კიდევ ერთი მიმომხილველი, რომელსაც 118 ათასი გამომწერი ჰყავს. მისი თქმით, დერიპასკამ „ამომწურავი პოლიტიკური დიაგნოზი“ დასვა: „პირველად მოხდა, რომ ძველი ეკონომიკური ელიტის წარმომადგენელმა ასე ღიად დაასახელა ის ჩიხი, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანა შეიყვანა. დერიპასკას ფიქრები იმის გაცნობიერებითაა განპირობებული, რომ „სტაბილურობა“, საბოლოო ჯამში, სტაგნაციად იქცა“.
„რუსეთი ფატალურად იგვიანებს“
დერიპასკა სულაც არ არის ერთადერთი რუსი მეწარმე, რომელიც მომავალს შავ ფერებში ხედავს. განგაშის ზარს სცემს დრონების მწარმოებელი ალექსეი ჩადაევიც: „ამ ომში, რომელიც თავბრუდამხვევი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში მიმდინარეობს, ჩვენი ქვეყანა ჰგავს ლოსს – ამერიკულ ირემს – რომელიც ავტომაგისტრალზე გავიდა. მისი ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციის უნარი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილთან შეჯახება თავიდან აიცილოს. ის ვერც კი მოასწრებს რეაგირებას, ვერც კი დაინახავს, რა ეჯახება, რომ აღარაფერი ვთქვათ მანევრირებაზე. ჩვენ მიუღებლად, აუტანლად და ფატალურად ნელები ვართ ამ ომში“.
საკუთარ პროგნოზში ჩადაევმა „შემდგომი წარუმატებლობები“ დააანონსა და ასევე იწინასწარმატყველა: „ჩემი მისამართით, რა თქმა უნდა, წყევლა-კრულვა წამოვა, როგორც ჩვენთან ყოველთვის ხდება“.
„დესტაბილიზაცია შიგნიდან“
პოლიტოლოგი მიხეილ ვინოგრადოვი ამბობს, რომ ზოგიერთები დერიპასკას „მოჩვენებით აღშფოთებაში“ ადანაშაულებენ, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ის მართლაც გაბრაზებულია საკუთარი „უძლურების გამო“. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანი კრემლის „ფრიადოსან მოწაფეს“ ნამდვილად არ ჰგავს.
ოლიგარქების მიმართ არაერთი კრიტიკის ფონზე, არხი „ორი მაიორი“ (Two Majors), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო ბლოგს (1,18 მილიონი გამომწერი) მართავს, „დესტაბილიზაციაზე“ საუბრობს: „ჩვენ უკვე დავამკვიდრეთ ტერმინი „მეექვსე კოლონა“. მასში მოიაზრებიან მოღალატეები, რომლებიც ულტრაპატრიოტებად ოსტატურად ინიღბებიან და ქვეყანას ყალბი არგუმენტებით აზიანებენ“.

