სამშაბათი, მაისი 12, 2026

მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომას KIU-ს საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი ალექსანდრე თევზაძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან.

„მივესალმები უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. თქვენი მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ!
როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი არის საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი. წელს უნივერსიტეტმა აკადემიური ცხოვრება დაიწყო, რაც ძალიან გვახარებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, იგი რეგიონში განათლებისა და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვან ჰაბად ვაქციოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. ამჟამად მოქმედი პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ანალოგს წარმოადგენს, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, როგორსაც მათი თანატოლები იღებენ საზღვარგარეთ.

მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევითი მხარე და ისაუბრა ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ, რომელიც რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის დამზადება და აწყობა. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ.

მიხეილ ჩხენკელმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. ამგვარი მიდგომა ნათელს ხდის იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე მზად არიან ქართველ მეცნიერებთან ერთად ქუთაისში აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა: საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა (გერმანია), პროფ. რაიმონდ მირალბელმა, ქუირონსალუდის საუნივერსიტეტო კლინიკის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო მიმართულების დირექტორმა (ესპანეთი), პროფ. ბერნდ ნოიმაიერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-5) (გერმანია), პროფესორ რობერტო ორეკიამ, ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა (იტალია), პროფ. ჯონი შაჰმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირობიოლოგიისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-4) (გერმანია), პროფ. ახიმ შტალმა, RWTH აახენის უნივერსიტეტის პროფესორმა (გერმანია), პროფ. ჰანს შტროერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა (გერმანია) და ზენშო იოშიდამ, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა (იაპონია).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რაგბის კლუბი ყაზბეგი სამწუხარო ინფორმაციას ვარცელებს

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!მშვიდად განისვენე წიკო“, - წერს კლუბი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება

უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ივნისში ველოდებით ევროკავშირის მხარდამჭერი პაკეტის პირველ ტრანშებს უკრაინისთვის, 90 მილიარდ ევროს. სწორედ ივნისში უნდა ამუშავდეს ეს სახსრები უკრაინის  სასარგებლოდ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები აქტიურად მუშაობენ ევროკომისიასთან, რათა არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება.

ირანის პარლამენტის სპიკერი – მზად ვართ, ნებისმიერ აგრესიას ვუპასუხოთ – ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ, ისინი გაოცებულები დარჩებიან

ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, ნებისმიერ აგრესიას დამსახურებული პასუხი გასცენ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ირანი ყველა ვარიანტისთვის მზადაა. „არასწორი სტრატეგია და არასწორი გადაწყვეტილებები ყოველთვის არასწორ შედეგებამდე მიგვიყვანს - ეს უკვე მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ; ისინი გაოცებულები დარჩებიან“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილი ომის დასრულებასთან დაკავშირებული შეთავაზება მიუღებელი და სისულელე იყო და რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი არსებობდა.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„ხვალ, 2026 წლის 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას.ასევე, ხვალ მცხეთის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში (სვეტიცხოველში) აღვლენილ საზეიმო წირვაზე შედგება ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება.ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის უზრუნველყოფით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, დილის 08:00 საათიდან მცხეთაში წავლენ უფასო ავტობუსები“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტუ-ის რექტორი – ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის - ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის არჩევას ულოცავს.რექტორის მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი ღირსეულად აგრძელებს იმ დიდ სულიერ მისიას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღასრულებდა.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, უწმინდესო და უნეტარესო შიო მესამე, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად გამორჩევას, რაც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რამეთუ საქართველოს ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი სულიერიერების, კულტურული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და მთლიანობის საყრდენია.თქვენი უწმინდესობის მწყემსთმთავრობა აღიქმება როგორც უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე მისია, რომელიც მოითხოვს ღრმა სულიერ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თანადგომას, სიმტკიცესა და ქრისტიანულ სიყვარულს. თანამედროვე ეპოქაში, როცა მსოფლიო მრავალი გამოწვევის დაძლევას ცდილობს, როცა ვდგავართ სულიერი გაუცხოებისა და ადამიანური ღირებულებების დაკნინების საფრთხის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკლესიის მშვიდობისმყოფელი და განმანათლებლური როლი. გვწამს, რომ თქვენი უწმინდესობის მსახურება დაფუძნებული იქნება სწორედ იმ მარადიულ ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ქართველ ერს: ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა, სამართლიანობა, თანალმობა.გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, ღვთის მადლსა და წყალობას თქვენს ურთულეს გზაზე.ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

ბოლო სიახლეები