მიხეილ სააკაშვილი – ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა მე არ დავიკარგები

Read Time:1 Minute, 33 Second

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე დაბრუნდება. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მას ნიდერლანდებში ბინადრობის მოწმობა აქვს და ის ხშირად მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში.

„მე ვმოგზაურობ ევროპაში – მუდამ გადავაადგილდები ბრიუსელს, მიუნხენს, ამსტერდამს ვარშავასა და ტერნეზენს შორის, ეს ჩემი ცოლის ქალაქია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ერთ ადგილზე მშვიდი ევროპული ცხოვრება მისთვის მოსაწყენია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინიდან გაძევების შემდეგ ის ვარშავაში მხოლოდ ერთი დღით გაჩერდა.

„როდესაც პოლონეთში ჩავედი, პოლონელებმა ფორმალურად მკითხეს: ხომ არ ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარას. ჩემი პასუხი იყო – არა. მე პოლონეთის ტერიტორიაზე 15 დღით დარჩენა შემეძლო, თუმცა მე ეგრევე გადავედი ჰოლანდიაში და იქ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მივიღე, რომელიც მე ევროკავშირში გადაადგილებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის განმარტებით, ვინაიდან მისი მეუღლე ჰოლანდიელია, მას ნიდერლანდებში ოფიციალური სტატუსის მიღება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის გარეშე შეუძლია.

„მე არსად არ მინდა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა. მე აქ ვიმყოფები ლეგალურად, როგორც მოქალაქის ოჯახის წევრი. ჩამოსვლისთანავე, ნახევარ საათში მე ბინადრობის მოწმობა გადმომცეს. ეს მე მაძლევს უფლებას, მაგალითად, გავხსნა ანგარიში ბანკში, რადგან მე არც ერთი საბანკო ანგარიში არ დამრჩა. მე შემიძლია გადაადგილება, შემიძლია მქონდეს ლეგალური სამსახური. მაგალითად, უკვე მაქვს ლექციების წაკითხვისა და ფულის გამომუშავების შეთავაზებები“, -აღნიშნა სააკაშვილმა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინაში წელსვე დაბრუნდება.

„მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წელს დავბრუნდები უკრაინაში. არ ვფიქრობ, რომ ისინი დიდ ხანს გაძლებენ. ადამიანები, რომლებიც ასეთ ისტერიკაშია, დიდ ხანს გაძლება არ შეუძლიათ, უკრაინული ხასიათის, უკრაინელი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, ცვლილებებისკენ სწრაფვის გათვალისწინებით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამას გარდა, ინტერვიუში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახი დროის ნახევარს – ნიდერლანდებში, ნახევარს კი საქართველოში ატარებს.

ჟურნალისტი პოლიტიკოსის შემოსავლითაც დაინტერესდა.

„მე მაქვს რამდენიმე ათასი დოლარი. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა ნორმალური ჰოლანდიური შემოსავალი აქვს. საწყის ეტაპზე ეს სავსებით საკმარისი იქნება. შემდეგ კი მე არ დავიკარგები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის პარტიის შემოსავალზე დამოკიდებული არ იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სერგი კაპანაძე – ე.წ. ოთხოზორიას სიის გარეშე რეზოლუცია ეფექტური ვერ იქნება
Next post მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები 6 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა