გადავწყვიტე, აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ენის მოჩლექის დრო არ არის.
„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი. ეს რომ მტკნარი სიცრუეა, ძალიან ადვილი შესამოწმებელია ჩემი ყველა პოსტის და საჯარო განცხადების ნახვით. მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი – პრობლემა ის კი არაა, რომ მე თავს ლიდერად ვაცხადებ, ლიდერს ხალხი ასახელებს და ისტორია ადასტურებს, არამედ ის, რომ ლემონჯავა და ზოგიერთ სხვას მართლა მივაჩნივარ ლიდერად და ეს ფაქტი მათ სასტიკად აღიზიანებთ და ფიქრობენ, რა სულ მიშა, რით ვერ დადგა ჩვენი დრო?
სინამდვილეში მიმაჩნია, რომ ალიანსს ჰყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები, „ნაცმოძრაობას“ ხომ მთელი თანავარსკვლავედი (ძირითადად ციხეში). მაგრამ არსებობს ლემონჯავას კატეგორიის ხალხი, რომლებიც გაჭედილია, რადგან თვითონ კი მიაჩნიათ თავი პოლიტიკოსად, მაგრამ მათ გარშემო არავინ აღიარებს ამას და ამ ამბავს საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ, ხოდა ისევ „არ დავუშვებთ მიშას ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადებას!“ აწვებიან.
ნუ, ჩემი აზრით, ამას მალე დაემატება „მიშა გადადექიც“.
გადავწყვიტე აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც. ენის მოჩლექის დრო ნამდვილად არ გვაქვს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

