ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ დღევანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ, ცხრა წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირის გამოცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მეუფე საბას თქმით, პატრიარქი ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა და ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიოს გამოცხადება არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება.
მიტროპოლიტმა საბამ ისაუბრა იმის შესახებ, რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს, ვიდრე პატრიარქი თავის გადაწყვეტილებას გააჟღერებდა.
„მისახვედრად ძნელი არ იქნება ალბათ, მე პირადად, რას ვფიქრობ, რას ვიტყვი და რას გავაკეთებ. ჩემთვის პირობა არის პატრიარქის დატოვებული ანდერძი, ის, რაც ეხება მეუფე შიოს. არის ისეთი დეტალები, რომლებიც ბევრმა არ იცის. ბევრმა იცის, მაგრამ არ უნდა, იცოდეს. მე გეტყვით თქვენ: რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ბიზნესმენმა, საპატრიარქოსთან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ ვიდრე პატრიარქი 9 წლის წინ აირჩევდა მოსაყდრეს, მეუფე შიოს, პატრიარქმა დაიბარა და უჩვეულო რამ დაავალა. წადი გურიაში და გამოიკვლიე მუჯირის გვარი, როგორი ხალხია, როგორი წარსული აქვთ და ყველაფერი მათ შესახებო. ეს ადამიანი ამბობს, ვერაფრით მივხვდი, რატომ მეკითხებოდა ამას, ვერ წარმოვიდგენდიო, მაგრამ პატრიარქის კურთხევა შეასრულა, წავიდა გურიაში, გაიგო ამ ხალხის შესახებ – ძალიან კარგი, კეთილი, ჩვეულებრივი, მორწმუნე, ეკლესიური და ეროვნული ადამიანები არიან. პატრიარქმა როდესაც გააცხადა მისი სურვილი, მეუფე შიოს – რომელიც არის გვარად მუჯირი – მოსაყდრედ წარდგინება, შემდეგ მიხვდა ის ადამიანი, რატომ სთხოვა პატრიარქმა. ანუ, ის ამას დიდი ხანი ფიქრობდა, ეს არ იყო ერთი დღის გადაწყვეტილება.
მეორე – ვიდრე ამას გაამჟღავნებდა პატრიარქი, ერთ მშვენიერ დღეს, იყო რა სასულიერო პირებთან ერთად, უცებ თქვა, მოდი, წავიდეთ სიონში, პატრიარქებს უნდა ველაპარაკოთო. სიონში ხომ რვა პატრიარქია დაკრძალული. როდესაც მივიდნენ, უთხრა მათ, თქვენ გარეთ დაიცადეთ, მე მარტო დამტოვეთ ტაძარში, უნდა ვილოცო, პატრიარქებს ველაპარაკოო. ჩვენ არ ვიცით, რა ელაპარაკა, მაგრამ რას სთხოვდა, ცხადია. ერთი საათის შემდგომ გამოვიდა პატრიარქი ტაძრიდან და ახლა სვეტიცხოველში წავიდეთ, მეფეებს უნდა ველაპარაკოო. იცით, რომ სვეტიცხოველში რამდენიმე მეფის საფლავია. ასევე წავიდა, იქ მარტო დარჩა ტაძარში და დიდხანს ილოცა. შემდეგ დაბრუნდა საპატრიარქოში, მამა დავითს უთხრა, კალამი და ფურცელი მომიტანე, რაღაც უნდა დავწეროო. ანუ, ის, რაც პატრიარქმა დაწერა თავისი ხელით და შემდეგ ჩვენ ყველამ ვიხილეთ, იყო ბრძანება, რომლის დაბეჭდვა არავის არ დაავალა, რადგან იცოდა, იქნებოდა უამრავი შეკითხვა და წინააღმდეგობაც კი. შეიძლებოდა, ვინმეს ჰქონოდა მცდელობა, რომ იქნებ გადაიფიქრო და ეს ასე არ იყოს. პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ. ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ, 2017 წელს.
ამასაც ვიტყვი – ამ წლების მანძილზე პატრიარქს, მის სიცოცხლეშივე, რამდენჯერმე ჰქონდა სურვილი და მცდელობაც, პირდაპირ უთხრა მეუფე შიოს და მის გარეშეც ჩვენც – ახლა წაგიყვან, ახალ საპატრიარქო რეზიდენციაში დაგტოვებ, მე გადავალ ძველ საპატრიარქოში, გადავდგები და შენ გააგრძელე ეკლესიის მართვა. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებოდით, თუ შეიძლება ითქვას, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებდით.
იყო შემთხვევები, როდესაც პრემიერიც კი მოგვიყვანია იმისთვის, რომ ეთხოვა პატრიარქისთვის, ეს არ გაეკეთებინა. პატრიარქი რატომ აკეთებდა ამას, ესეც ცხადია ჩემთვის. მიგვაჩნდა, რომ ეს იქნებოდა ჩვენთვის ძალიან დიდი სირცხვილი, ჩვენი ისტორიისთვის, პატრიარქისთვის კი არა, ჩვენთვის, რომ დაგვეშვა, ასეთი რამ პატრიარქს გაეკეთებინა და არ დაგვეცვა ის მომავალი რაღაც უსიამოვნებებისგან, რომლის საშიშროებაც შეიძლება, დღეს არსებობდეს.
უფრო მეტს გეტყვით, შეიძლება, ძალიან ბევრს არ სურდეს და ეს არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია, პატრიარქის ნათქვამია – ამ წლების მანძილზე, სადღაც შუალედში პატრიარქმა ბრძანა, თუ გაჩნდება სხვა ვინმე, მას ღმერთი არ მიიღებს. მეტი რა უნდა თქვას და გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ, რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ღვთისა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა საბამ.
ამასთან, მეუფე საბამ ისაუბრა თავისი პირადი მოსაზრების შესახებაც, თუ რატომ აირჩია პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიო.
მეუფე საბას აზრით, ილია მეორე აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან და მეუფე შიოში დაინახა ამ ყველაფრის გამგრძელებელი.
„ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო. ასე ვფიქრობ, რომ ის ალბათ აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან. ჯერ ერთი, კი არავის ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაქვს, წლები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს, არ ვიცი, რა დავარქვა ამას. აი, შეხედეთ მეუფე შიოს, პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება. და უფრო მეტიც, პატრიარქი იყო ერთ-ერთი გამგრძელებელი მონაზვნური, ბერული ცხოვრებისა, რომელიც კავშირშია ათონურ ცხოვრების წესთან, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში დამკვიდრებული იყო სენაკში. მისი მოძღვარი, მამა შიო ძიძავა სწორედ იქ მოღვაწეობდა. იქ მოღვაწეობდა არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია და უფრო მეტიც, იქ მოღვაწეობდა წმინდა ალექსი ბერი შუშანია, რომელიც იყო საწყისი და გამგრძელებელი საქართველოში ამ ყველაფრის, ათონური მონაზვნური ცხოვრებისა.
პატრიარქი იყო ამის გამგრძელებელი და, ჩემი აზრით, ამის გამგრძელებელი დღევანდელ საქართველოში არის მეუფე შიო. არა მარტო იმიტომ, რომ ის იქ იყო არჩეული და ამის შესახებ გამოკვლევები აქვს და წერდა, არამედ იმ სკოლის გავლის გათვალისწინებით, რომელიც გაიარა ბერულ ცხოვრებაში, ეს ძალიან ახლოს არის ამ ყველაფერთან. პატრიარქმა ეს ყველაფერი შეისწავლა და თითქოს, ჩემი აზრით, მეუფე შიოში დაინახა ამ ყველაფრის გამგრძელებელი, თითქოს თავის ახალგაზრდობას უყურებდა მასში.
მგონი, ყველაფერი ვთქვი, რაც მაწუხებდა, წესით, არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუ ყველა ამბობს, მე რატომ არ უნდა ვთქვა? ვის ვუჭერ მხარს? უპირობოდ მეუფე შიოს. არა იმიტომ, რომ მასთან პირადი ურთიერთობები მაკავშირებს 30 წელზე მეტია, ჯერ კიდევ ჩვენი ბერობიდან მოყოლებული. იმიტომ ვამბობდი, ჩემთვის პატრიარქი არის ერთადერთი ადამიანი, რომლის სიტყვას უპირობოდ ვენდობი და მივიღებ ჭეშმარიტებად, რომ ვიცი და ყოველთვის ვხედავდი პატრიარქში ღვთის ნების აღსრულებას. ამაზე ვიღაცები მეწინააღმდეგებოდნენ, ადამიანია პატრიარქი და რატომ არ შეიძლება, შეცდესო.
მე ვხედავდი, რომ პატრიარქი არ ცდებოდა, იმიტომ კი არა, რომ შეუმცდარი ადამიანი იყო, იმიტომ, რომ ის ღმერთმა პატრიარქობაში მოიყვანა ისეთი სულიერი მდგომარეობით, თავის თავს არ აძლევდა საშუალებას, ღვთის ნებისთვის ოდესმე გადაეხვია. ამას გვასწავლიდა ძალიან ფაქიზად, შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, არაპირდაპირი სიტყვებით, მაგრამ თავისი ცხოვრების წესით, თავისი ქადაგებით, დამოკიდებულებით. დღეს თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პატრიარქს ვენდობოდით 50 წლის მანძილზე, პატრიარქი უპირობოდ წმინდა ადამიანია – და ეს დროც მალე დადგება – და ა.შ. მაშინ მაგრამ არ უნდა არსებობდეს. სიცოცხლეში თუ მისი ყოველი სიტყვა იყო მისაღები, უპირობოდ მისაღები, ეს ყველაფერი, რაც ვთქვი და თვალნათელია ყველასთვის, ხომ სიცოცხლეში განხორციელდა, სიცოცხლეში გაკეთდა, სიცოცხლეში ითქვა და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება. ადამიანს შეუძლია და ღმერთმაც შეიძლება, დაუშვას, რომ ადამიანი არ დაემორჩილოს ღმერთის ნებას, ის გააკეთოს, რაც მას სურს და მიაჩნია სწორად, თავისი თავისუფალი არჩევანი გამოიყენოს ამისთვის, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ღვთის ნება მაინც აღსრულდება და იმ ადამიანს, თუ რაღაც საზოგადოებას მოუწევს სინანული ამისთვის, თუ არა სასჯელის ატანა“, – განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ.

