მთავრობა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტს 100-ზე მეტ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს

Read Time:1 Minute, 27 Second

საქართველოს მთავრობა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტს 100-ზე მეტ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს.

როგორც 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული, მთავრობა 20-ზე მეტი ახალი კანონპროექტისა და უკვე არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების 100-ზე მეტი პროექტის ინიცირებას გეგმავს.

სხვადასხვა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივები დასაქმების, შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, თავდაცვის, პენიტენციური სისტემის, დანაშაულთან ბრძოლის, განათლების, სპორტის და სხვა მიმართულებებს შეეხება.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტს ახალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის “ პროექტი წარედგინება. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, რომელიც 1984 წელს არის მიღებული, ვერ პასუხობს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაცია ახალი კოდექსის მიღების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრო აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობაზე გარკვეული რეგულაციების შემოღებას გეგმავს. გარდა ამისა, ამავე სესიის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს მიერვე მოხდება პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირებაც.

ცვლილებები იგეგმება შრომის უსაფრთხოების მიმართულებითაც. კერძოდ, შრომის ინსპექციის ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის კანონპროექტს შეიმუშავებს. ამავე სამინისტროს მიერ იგეგმება სრულიად ახალი – „დასაქმების შესახებ“ – კანონის შექმნაც, რომელიც დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიკურ, სოციალურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით კი შესაძლოა კოდექსში გაჩნდეს ნორმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება, ამნისტიის აქტის საფუძველზე სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა. კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული უწყება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, „დნმ-ის კოდის ერთიანი ბანკის შექმნის შესახებ“ კანონის შემუშავებას აპირებს.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში კანონმდებლები ასევე იმსჯელებენ „თავდაცვის კოდექსის“ დამტკიცების შესახებაც. პროექტი, რომლის ავტორიც თავდაცვის სამინისტროა, სამხედრო სამსახურის გავლასთან, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან და მისი სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას ისახავს მიზნად.

საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას აპირებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც, რომლის ფარგლებშიც ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე დაარსდება ახალი დაცული ტერიტორია – ერუშეთის ეროვნული პარკი, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ფრანგულაშვილი, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდებოდა, გარდაიცვალა
Next post მიხეილ სააკაშვილი – ჩემს დროს საქართველოს მოქალაქეებს თვალებში გამოხედვის ოთხჯერ მეტი შესაძლებლობა მიეცათ