კვირა, მაისი 31, 2026

მეუფე შიო – ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, რამდენი საუბარია, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა – უნდა იყოს ურთიერთგაგება, კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის, მიმტევებლობა, პატიების უნარი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ საზოგადოებას კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

მეუფე შიოს თქმით, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც.

„დღეს წაკითხულ სახარებაში მოვისმინეთ, რომ მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა – მშვიდობა თქვენდა. მერვე დღეს როდესაც გამოეცხადა, თომა მოციქულიც მათთან ერთად იყო და კიდევ ერთხელ უთხრა – მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს ამ მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. მაშასადამე, უფლის მიერ მოცემული მშვიდობა განსხვავდება ამასოფლიური მშვიდობისგან. ეს უკანასკნელი ვერ იძლევა ნამდვილ მშვიდობას, ვერც ღმერთთან, ვერც ადამიანებთან. ამის დასტური არის მთელი კაცობრიობის ისტორია. საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება. მაშ, როგორია იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მშვიდობა? ის ორგვარია – ერთია მშვიდობა ღმერთთან, როდესაც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული წინაღობა იხსნება და ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, არა მხოლოდ მივუახლოვდეთ ღმერთს, არამედ მის საღვთო ბუნებასაც კი ვეზიაროთ. ეს არის მშვიდობა ღმერთთან, მაგრამ ეს მიიღწევა სწორი სულიერი ღვაწლით.

მეორე მშვიდობა არის მშვიდობა ადამიანებთან, რაც მიიღწევა სახარებისეული ცნებების დაცვით. ჩვენ დღეს ასევე ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, რა პირობებია ამისთვის? ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა – ერთი, რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, მეორე – უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის და მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი. ეს მთავარი პირობებია, რაც მიიღწევა ადამიანების ძალისხმევით და ღვთის შეწევნით.

გახსოვთ, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია ხშირად გვახსენებდა ამ სინერგიის შესახებ სწავლებას – ორივე ნება უნდა იყოს. მარტო ჩვენი ნებით რაც არ უნდა ვეცადოთ, მშვიდობას ვერ დავამყარებთ, თუ არ შეგვეწია ამაში ღმერთი. როგორ შეიძლება, დამყარდეს ურთიერთგაგება, როცა არის ცილისწამება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა. ეს ხომ შეუძლებელია. რასაც ჩვენ ასე უხვად ვხედავთ მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს. იციან თუ არ იციან ფაქტები, თუ მარტო აღქმებს ეყრდნობიან, თუ ჭორებს ეყრდნობიან, ასე იმეტებენ ძალიან სასტიკად ადამიანებს, უშვერი სიტყვებით. ეს რაზე მეტყველებს? – უკიდურესად დაბალ განვითარებაზე, ვგულისხმობ როგორც გონებრივ განვითარებას, ასევე სულიერს, რომ სხვა გამოხატვის საშუალება ადამიანს არ აქვს, რომ რაღაც დაწეროს ან თქვას, თუნდაც კრიტიკული. ამიტომ, უფალი ყველაფერს ხედავს, ის ხედავს ჩვენს ამ ქცევას, რითიც ვარღვევთ ამ მშვიდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არა მხოლოდ მოწყალეა, არამედ მსაჯულიც არის. ამიტომ თუ ჩვენ მშვიდობა გვსურს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ, ეს მანკიერება გამოვასწოროთ და ურთიერთგაგება რომ დამყარდეს, აუცილებელია, როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ, სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში, რა გინდ არ ვეთანხმებოდეთ და არ მოგვწონდეს მისი ქცევა. იცით, კიდევ რა არის აუცილებელი? ჩვენი სისუსტეც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი პირადი სისუსტეები და უძლურებებიც უნდა გვახსოვდეს, როცა სხვაზე ვლაპარაკობთ.

გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე როგორ გვასწავლის, ყოველივე, რაც გინდათ, რომ ადამიანებმა გაგიკეთონ, თქვენც გაუკეთეთ მათ. შემდეგი პირობა არის მოსიყვარულე ურთიერთობები, კეთილი დამოკიდებულება ადამიანებთან. ჩვენ როცა თანავუგრძნობთ ადამიანებს, მათ მწუხარებებს, მათ სიხარულებს, უკვე ვხდებით ქრისტეს მშვიდობის მუშაკები. როგორც უფალი ამბობს, თუ გინდა, რომ პირველი იყო, იყავი ყველაზე უკანასკნელი და სხვების მსახური. რამდენი საუბარია დღეს იმაზე, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში და ა.შ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება, დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების დამკვიდრება. მესამე პირობა არის პატიების უნარი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვებრძოლოთ ბოროტებას და ყველას ყველაფრის კეთების უფლება მივცეთ, ამით ბოროტება წავახალისოთ, არა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას. ბოროტებასთან ბრძოლა მოვალეობაა ყოველი ქრისტიანის, როგორც თავის თავში, ასევე მის გარშემო. ამასთან, აუცილებლად უნდა გვქონდეს ლმობიერი და გულმოწყალე დამოკიდებულება ადამიანებთან და როდესაც საჭიროა, ამას უნდა ვავლენდეთ. მტერთან მოქცევაშიც გულმოწყალება აუცილებელია. უფალი იესო ქრისტე ორჯერ ამბობს – მშვიდობა თქვენდა და ეს მშვიდობა დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ამიტომ უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უცხოური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე – მან პსჟ-ის ისტორია შეცვალა

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებაში მის როლს ყველა აღნიშნავს.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პენალტი მოიპოვა და ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა პსჟ-ს, რომელმაც საბოლოოდ პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს ასე ეხმაურება:Footmercato: „მადლობა, ხვიჩა კვარაცხელია, ამ წარმოუდგენელი 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონისთვის! ბრავო მხატვარო“.ESPN: „ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან გარისკა, რადგან მოედნის დატოვებისას ფეხი უმძიმეს მდგომარეობაში ჰქონდა. ასეა, როდესაც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებ“.ActuFoot: „მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე, „ოქროს ბურთი“ შეხვდებოდა. ამაზე კამათი შეუძლებელია“.Bolavip Argentina: „პოსტი ეძღვნება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც პსჟ-ს ისტორიის მიმდინარეობა შეცვალა. როდესაც „არსენალის“ დაცვა ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა, სწორედ მისმა დრიბლინგმა, სისწრაფემ და შანსების შექმნის უნარმა გამოიწვია პენალტი, რომლითაც პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა“.

მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს

უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მთელ ქვეყანაზე გაბრწყინდა კაცთა ნათესავის მაცხოვნებელი აღდგომის ნათელი.წმინდა მოციქულებმა მოძღვრისა და უფლის მკვდრეთით აღდგომის მარადიული და ხელშეუხებელი სიხარულის სიტკბოება განიცადეს. მათ სრული შეგნებით, გონიერებითა და სიხარულით გააცნობიერეს ის უდიდესი ძლევა, ქრისტე ღმერთმა რომ მოიპოვა მსოფლიო ბოროტებასა და სიკვდილზე, გაითავისეს ისიც, რომ თავადაც ამ ძლევაში მონაწილეობისათვის იყვნენ მოწოდებულნი. მოციქულთა წინაშე იხსნებოდა უდიდესი, დიდებული და ერთობ მძიმე გზა, მასზე შესადგომად და საბოლოო გამარჯვების მიღწევისათვის ადამიანური შესაძლებლობები, ცხადია, არ კმაროდა. მხოლოდ სულიწმინდამ, მისმა მადლმა და კაცთმოყვარეობამ მიანიჭა მოციქულებსა და დედაეკლესიას ის უძლეველი ძალა, რომლითაც მონადირებული და განათლებულია მთელი ქვეყანა. სულიწმინდამ ამა სოფლის მძლედ ჰყო უფლის მოწაფენი, ბოროტების, ლეგიონის მთავრის მძლეველ, ქვეყნის კეთილ ანგელოზებად განაწესა ისინი, უძლური სხეულის მქონენი, მოკვდავი ადამიანები, უმდიდრესებად წარმოჩინდნენ მის მიერ. ბრძენ კაცებად წარმოაჩენს მათ, რომელთაც ელინური ფილოსოფიიდან და ამა სოფლის სიბრძნიდან არაფერი აუღიათ! „მეთევზურთა ბადეებით“ მოინადირეს კაცობრიობა და ღმერთის შემეცნებასა და სიბრძნის ზღვაში ჩაძირეს უღმერთოების მთელი სისაძაგლე.წმინდა მოციქულების დროინდელი სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა განუშორებლად იმყოფება ეკლესიაში, მისი მადლი განუწყვეტლივ აღასრულებს ყველა საიდუმლოს. ეს დღესასწაული მხოლოდ წარსული მოვლენის გახსენება როდია, ის საღვთო სულის განსაკუთრებული და უხვი მყოფობაა ეკლესიაში, მისი მადლისმიერი დიდი მფარველობაა ყველას მიმართ, ვინც ამ დღეს ღმრთის ტაძრებში მუხლმოდრეკილი და გულშემუსვრილი ლოცულობს საკუთარ სულში სულიწმინდის მიღებისა და თავისი ცხოვრების კურთხევისათვის. აუცილებელია მოვემზადოთ ამ მადლის არა მხოლოდ შეხებისათვის, არამედ ჩვენს გულებში მოუკლებელი და განუყრელი დამკვიდრებისთვის. ნუ ვიფიქრებთ, თითქოს დრო უფლის ამაღლებიდან წმინდა სულთმოფენობამდე სიცარიელეს წარმოადგენს, რადგან იგი მხოლოდ იმისთვის მოგვეცა, რომ ჩვენი სულის ჭურჭელი წრფელი და ლოცვით განწმენდილი შევაგებოთ მას.ნათქვამია, მაცხოვრის მოწაფეები ღვთის სულის გარდამოსვლის მოლოდინისას მხოლოდ „ლოცვასა და ვედრებაში“ იყვნენო. მათი სიხარული ამ უდიდესი ნიჭისა (საქ. 11,20) არ უკავშირდებოდა არავითარ შრომასა და სიძნელეს, რადგან მოციქულთა ღვაწლი მხოლოდ სულიერი იყო. ამ საოცარი დღის დადგომამდე არც ჩვენ მოგვეთხოვება მარხვა და მეტანიების კეთება, არამედ მხოლოდ - მადლის სასიხარულო წყურვილი და ლოცვა „ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც!“ეკლესია იქ არის, სადაც სული წმინდა მკვიდრობს. ამიტომაც მწვალებელთა თავყრილობა ეკლესია ვერ იქნება, თუნდაც მათი ტაძრის გარეგნული ფორმა ღვთის სახლს მოგვაგონებდეს - იგი მხოლოდ უსიცოცხლო სხეულია. სულიწმინდა მხოლოდ იქ იმყოფება, სადაც მართალი სარწმუნოება და მყარად განმტკიცებული სიმართლე და სიკეთეა. სწორედ ამგვარი ეკლესიის შესახებ მოწმობს უფალი, როგორც თავის სასძლოზე, და აუწყებს მას: „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო და ბიწი არა არს შენ თანა“ (ქება 4,7).ჩვენც ტაძარნი ვართ ღვთისა, როგორც თვით პავლე მოციქული ამბობს: „ხორცნი ეგე თქვენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი“ (I კორ. 6,19). ესე იგი, საკუთარ თავს კი არა, ღმერთს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ვეკუთვნით, რომელმაც უდიდესი სასყიდლით - თავისი პატიოსანი სისხლით გამოგვისყიდა და შეგვიძინა (საქ. 20,28).ქვით, აგურით, მარმარილოთი და რკინით ნაგები მიწიერი ტაძრებიც ზიანდება და განახლებას საჭიროებს, თუმცა ბევრად უფრო მტკიცე მასალით არიან ნაშენები, ვიდრე ჩვენი სხეული, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ თავის უძლურებასა და მრავალ სნეულებას უკვლად სულს გადასცემს. ვილოცოთ, რომ სულიწმინდამ არა მარტო არ მიგვატოვოს, არამედ განგვაახლოს, გაგვაძლიეროს, განგვანათლოს და კეთილმშვენიერებაც მოგვანიჭოს.სულიწმინდა პირველ საუკუნეთა ნათელია, იგია საუკუნო ცხოველმყოფელი ცეცხლი, ცხოვრების მომცემელი და თვით სიცოცხლეც. იგია გონება და ძალა, რომლის სიღრმის წვდომასა და აღწერას ვერასდროს შეძლებს ვერც ერთი მოკვდავი, და არა მარტო მოკვდავი, თვით ზეციურ ანგელოზთა დასნიც კი. ვინც იტყვის, ვიცი სულიწმინდაო - ცდება, რადგან მხოლოდ ღმერთმა უწყის ჭეშმარიტად მის შესახებ, რამეთუ თავად ღმერთია იგი: „ღმრთისა არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისაგან“ (I კორ. 2,11).სულიწმინდასთან თითქოსდა „დაძმობილება“ მწვალებელთ სჩვევიათ. ჩვენ, მართლმადიდებლებს, შიშითა და ძრწოლით გვმართებს ზეციური სულის, ჩვენი ღმერთის სახელის ხსენებაც კი. თუკი შენში არ არის სული ქრისტესი, არც შენ ხარ ქრისტესი; თუ იგი არ შეეხება შენს გულს ამ ცხოვრებაში, ვაი შენდა! რადგან სულიერად კვლავ მკვდარი ხარ (რომ. 8,9,10). ვისაც განუცდია ოდესმე დიდი სიხარული, ეს სულიწმინდა იყო. განა გარეგნული სრული კმაყოფილების დროს არ გტანჯავდა წუხილი იმაზე, რომ ზეცას დაშორდი? - ამას სულიწმინდა გაუწყებდა და თავისკენ გიხმობდა. და პირიქით, ყველაფრისაგან მოკლებულს განა ოდესმე არ განგიცდია სრული კმაყოფილება ყველაფერში, ისე, რომ აღარაფერი გისურვებია? - ესეც მანუგეშებელი სული იყო. ჭეშმარიტად გვჯეროდეს - როცა სულიწმინდა ჩვენს სულს შეეხება, ქვეყნიერება სხვაგვარად წარმოგვიდგება და ჩვენში დაივანებს საოცარი სითბო და სიყვარული ყოველთა მიმართ და ყოველთა წინაშე.უფალო, აღამაღლე მიწიდან ჩვენი გონება შენთან - ზეცაში, დაე, როცა ჩვენს თვალებს უსარგებლო და დამამძიმებელი აზრების ბურუსი მოსცილდება, მუდამ შენს ჭვრეტაში იყოს. ჰქმენ ჩვენი გული წმინდა და ამაღლებულ აზრთა სამსხვერპლოდ; ჰქმენ იგი შენს „მთად წმინდად“ (ფს. 47,1). მზეო სიმართლისაო, უფალო იესო ქრისტე, კვლავ გამობრწყინდი ჩვენ ცოდვილთა ღამის სამყაროში და განაცისკროვნე ღრმად მძინარე ჩვენი სულები, განაღვიძე ისინი, რათა გაქებდნენ და გადიდებდნენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - მამას, ძეს და სულიწმინდას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ პენალტი მოიპოვა და „პარი სენ-ჟერმენს“ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვება დაეხმარა 2:1.უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ქართველის გუნდისთვის უიღბლოდ დაიწყო. ლონდონელების სწრაფი კონტრშეტევა მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა დააგვირგვინა და „არსენალი“ წინ გაიყვანა.ამის შემდეგ უპირატესობა ფრანგებმა მოიპოვეს, მაგრამ მზიანს მეორე ტაიმში მიაღწიეს, რაშიც მთავარი როლი კვარაცხელიამ ითამაშა – ქართველი ვარსკვლავი საჯარიმოში წააქციეს და „არსელანის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 65-ე წუთზე უსმან დემბელემ უნაკლოდ გამოიყენა. 83-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა.მას მერე, არც ძირითად დროში და არც დამატებულ 30 წუთში გოლი აღარ გასულა. დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც უკეთესად პსჟ-მ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.

The New York Times – დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა

დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა, - ინფორმაციას The New York Times-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, ირანთან დაკავშირებით თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.თეთრი სახლის ოფიციალური პირის ცნობით, ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა გარკვეული საკითხების განხილვა კვლავ გრძელდება.ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა ის პირობები დაასახელა, რომელსაც ირანი სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად უნდა დათანხმდეს.„ირანი უნდა დათანხმდეს იმას, რომ ბირთვული იარაღი ან ბომბი არასდროს ექნება. ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და შეუზღუდავი საზღვაო მიმოსვლისთვის, ორივე მიმართულებით. ყველა საზღვაო ნაღმი, თუ მსგავსი საერთოდ არსებობს, განადგურდება. ირანი დარჩენილი ნაღმების დეტონაციას დაასრულებს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

საპროტესტო მარშის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდნენ

შაბათის მარშის მონაწილეები ლოზუნგით ,,ერთად ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციას შეუერთდნენ. მათ მსვლელობა ფილარმონიიდან მოაწყვეს. მარშის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. მოგვიანებით, ისინი პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც მოქალაქეები ერთ წელზე მეტია აქციას მართავენ.

ბოლო სიახლეები