მეუფე შიო: უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ყოველი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, გამოვცადოთ, შევამოწმოთ ჩვენი თავი, რამდენად ვცხოვრობთ სახარების მიხედვით

Read Time:2 Minute, 38 Second

უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ყოველი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, გამოვცადოთ, შევამოწმოთ ჩვენი თავი, რამდენად ვცხოვრობთ სახარების მიხედვით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას აღნიშნა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის საიდუმლო სერობის ხსენება, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ, დიად და გამორჩეულ მოვლენას, ევქარისტიის საიდუმლოების, წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგენას უფალი იესო ქრისტეს მიერ.

როდესაც წმინდა ეკლესია აღასრულებს ევქარისტიის საიდუმლოებას, სულიწმიდის ძალით და მადლით, იგი უერთდება იმ საიდუმლო სერობას, რომელიც აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებთან ერთად, როდესაც აკურთხა,

განტეხა და პური და ღვინო გარდაქმნა თავის წმინდა სისხლად და ხორცად. და აი, ჩვენ სულიწმიდის მადლით ვუერთდებით იმ საიდუმლო სერობას, იმიტომ რომ ღმერთში არ არსებობს დრო. ამრიგად ჩვენ გადავლახავთ დროსაც, მანძილსაც, სივრცესაც და, ვიმეორებ, ვხდებით თანამონაწილენი იმ ერთადერთი საიდუმლო სერობისა. ყოველი წირვა არის გაგრძელება, არის მონაწილეობა იმ საიდუმლო სერობაში.

თქვენ იცით, რომ ევქარისტია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს როგორც მადლიერებას, ასევე ნიჭსაც. მართლაც, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებაზე დიდი ნიჭი რა შეიძლება იყოს?! ეს არის ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ღმერთმა მოგვმადლოს, ვინაიდან ჩვენ თავად მაცხოვარს ვუერთდებით ამ საიდუმლოთი, როგორც მან თავად ბრძანა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემშია და მე მასში“. და როგორც ასწავლიან წმინდა მამები, ღირსი იოანე დამასკელი და სხვა მამები, ჩვენ წმინდა ზიარების შედეგად წილმქონენი ვხდებით ქრისტეს სისხლისა, ქრისტეს სხეულისა და ქრისტეს ღვთაებისა. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობენ წმინდა მამები და ჩვენ ყველა ვხდებით ქრისტეს სხეული, შესაბამისად, ერთი მეორესაც ვეზიარებით, ამიტომ ეწოდება ამ საიდუმლოს ზიარება. მაგალითად, წმინდა იოანე დამასკელი ასევე ამბობს: „ჩვენ ვხდებით ქრისტეს თანამესხეულენი“, ე.ი. მისი სხეული, მისი სისხლი ხდება ჩვენი სისხლი და მისი ხორცი ხდება ჩვენი ხორცი.

აი, ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოგეხსენებათ, რომ ეს საოცარი თანაზიარებაიწყება დედამიწაზე, მიწიერ ცხოვრებაში, წმინდა ევქარისტიაში და გრძელდება მარადიულად ცათა სასუფეველშიც. აი, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საიდუმლოებას ჩვენი ცხონებისთვის, ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ამიტომ, როცა ჩვენ ვემზადებით წმინდა ზიარებისთვის, კარგად უნდა გამოვცადოთ ჩვენი თავი, რამდენად შეესაბამება ჩვენი ცხოვრება სახარების მცნებებს, ვცხოვრობთ თუ არა სახარების მიხედვით, რომ არ მოხდეს ისე, როგორც წერდა პავლე მოციქული: „ჩვენ ჩვენს სხეულებს, რომლებიც ქრისტეს ასონიარიან, ვართმევთ ქრისტეს და მეძავის ასოებად ვაქცევთ”. ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ეზიარება, მაგრამ არ ცხოვრობს სახარების მცნებებით და ამით, რა თქმა უნდა, არღვევს ამ თანაზიარებასდა საკუთარ თავს აკლებს ამ საოცრად დიდ ბედნიერებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ყოველი წირვა, ყოველი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, გამოვცადოთ, შევამოწმოთ ჩვენი თავი, რამდენად ვცხოვრობთ სახარების მიხედვით. ვეცადოთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცოდვები სინანულით, აღსარებით და შევწიროთ მადლობა უფალს, რომელმაც ღირსი გაგვხადა ამ დიდი საიდუმლოების, ვინაიდან არ არსებობს სხვა საზრდო და სხვა პური იესო ქრისტეს გარდა, რომელსაც ძალუძს ჩვენი დაპურება და განძღება.

ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან მშვიდობას, სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, რომელსაც ადამიანი მიაღწევს მხოლოდ წმინდა ზიარების მეშვეობით.

ამრიგად, ძმებო და დებო, ვეცადოთ, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და ვევედროთ მას, რომ შეგვეწიოს სახარების მცნებების აღსრულებასა და ისეთი სულიერი მდგომარეობის მიღწევაში, რომელზეც წერდა წმინდა პავლე მოციქული, როცა წერდა: „მე აღარ ვცოცხლობ, არამედ ამიერიდან ცოცხლობს ჩემში უფალი იესო ქრისტე“, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთმამით მისით, ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს მყოფელითსულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ხალხის ძალა“: რატომ არ ასანქცირებს სახელმწიფო დეპარტამენტი მამუკა ახვლედიანს კონკრეტული მძიმე კორუფციული დანაშაულისთვის, რომელიც ხელის გულზე დევს? მით უმეტეს, რომ მოსამართლის სანქცირებისთვის არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება
Next post ბადრი ჯაფარიძე: იმედგაცრუება მაქვს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების სიაში ნიკა გვარამია არ არის