პარასკევი, თებერვალი 6, 2026

მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც, ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი

 ,,მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს… ეს არის სიყვარული… თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს… ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში…”- ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას  განაცხადა.

” სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის.

ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველაზე საჭირო რამეს გვეუბნება ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შევიდნენ ტაძარში სალოცავად? – ერთი იყო მეზვერე, მეორე –  ფარისეველი. მეზვერეები იყვნენ გადასახადების ამკრეფნი რომის იმპერიისთვის, მაშასადამე, დამპყრობელი სახელმწიფოსთვის; მაგრამ, ამავე დროს, ისინი გადასახადს იღებდნენ იუდეის სახელმწიფოსთვისაც და მინიჭებული ჰქონდათ უფლება, იმდენი ფული გამოერთმიათ, რამდენსაც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ. ამიტომ ისინი ართმევდნენ სახელმწიფოსთვისაც და პირადად თავიანთათვისაც. ამიტომ მათი უმეტესობა ძალიან მალე მდიდრდებოდა, ისინი გამოირჩეოდნენ სისასტიკით, უსამართლობით და ხალხს ძალიან არ უყვარდა ისინი.

? ტაძარში შედის ფარისეველიც. ჩვენ მიჩვეული ვართ ფარისევლების ადვილად განკითხვას და მათდამი სიძულვილს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ფარისევლები ძალიან მოღვაწე ადამიანები იყვნენ.  დღევანდელი იგავიდანაც ჩანს, რომ ისინი კვირაში ორჯერაც მარხულობდნენ თავიანთი მოშურნეობის გამო, იმიტომ რომ სულაც არ იყო სავალდებულო კვირაში ორჯერ მარხვა ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ტრადიცია იყო. გარდა ამისა, თავიანთი შემოსავლის საკმაო ნაწილს გლახაკებსაც ურიგებდნენ, ე.ი. ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის წინაშე ფასს კარგავდა იმის გამო, რომ ისინი თავიანთ შრომას ძალიან ძვირად აფასებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თავიანთ ღვაწლზე და საკუთარი თავი მართალი ეგონათ.

? ეს ფარისეველიც ლოცულობს, მაგრამ მის ლოცვას შეიძლება ლოცვაც არ ეწოდოს, იმიტომ რომ იგი უფრო საკუთარ თავს იქებს, საკუთარ სიკეთეებზე საუბრობს და ასე ამბობს: „გმადლობთ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, კვირაში ორჯერაც ვმარხულობ, მეათედსაც დროულად შევწირავ, არ ვარ, როგორც სხვა ადამიანები, ცოდვილი, არ ვარ მემრუშე, არ ვარ მტაცებელი და ა.შ. ესე იგი ის თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, არაფერს ინანიებს, არამედ, მეტიც, პირიქით, გაიხედავს უკან, დაინახავს მეზვერეს და იტყვის: ,,აი, უფალო, ანდა როგორც ეს მეზვერე, ისეთი არა ვარ მე, რომელიც ახლა უკან დგას, მკერდში ხელს იცემს და ლოცულობს”.

? ამრიგად, ფარისეველმა ლოცვის დროს მეზვერე თავის გულში განიკითხა, დაამდაბლა და დაამცირა. ხოლო მეზვერე როგორ ლოცულობს? მან იცის, რომ ძალიან ცოდვილია, იცის, რომ არ იმსახურებს იგი ღვთის წყალობას, იცის, რომ ტაძარში დგომასაც კი არ იმსახურებს თავისი ცოდვების გამო და ამიტომ ძალიან უბრალოდ ლოცულობს: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“. ე.ი. უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.

? და იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ცოდვილი მეზვერე უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა რელიგიურ წესებს და ყველას მართალი ეგონა.

? მაშასადამე, ამ ლოცვის დროს მეზვერე თავს იმდაბლებდა, ხოლო ფარისეველი თავს იმაღლებდა და ამპარტავნობდა.

? აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რას გვასწავლის ჩვენ დღევანდელი იგავი? რას გვასწავლის ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით? გვასწავლის სიმდაბლეს.

? მაცხოვრის სახარება – ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრება, მისი ჯვარზე სიკვდილიც – ეს არის სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინება.  რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, სიმდაბლის სათნოება, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავად უფალი ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძვლად გვიდებს მას? – იმიტომ, რომ მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და  მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების.

მაშასადამე, თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც აღმოფხვრის. ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი, მას განსწმენდს, აღამაღლებს და მიამსგავსებს თავად ღმერთს, მიამსგავსებს იესო ქრისტეს. და როგორც მოგახსენეთ, ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, მეზვერისა და ფარისევლის მაგალითზე ვისწავლოთ, რას ვერიდოთ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, რისკენ ვისწრაფოთ და გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომლებითაც იგი ასრულებს დღევანდელ იგავს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს, ამინ“.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს: ალუღიშვილებს და ზოიძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო.მედიის ინფორმაციით, წინასწარი მატჩი ხუთშაბათს უნდა დაწყებულიყო, როდესაც ექიმებმა ფინეთის ქალთა ჰოკეისტთა გუნდში ვირუსის შემთხვევები დაადგინეს.„გადაწყვეტილება სამედიცინო პროფესიონალებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც ფინეთის ნაკრებში ნოროვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ეს გადაწყვეტილება კოლექტიურად, დადგენილი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად იქნა მიღებული. მოთამაშეების, გუნდის პერსონალის, ოფიციალური პირების და ტურნირის ყველა მონაწილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უმაღლეს პრიორიტეტია“, – ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებაში.როგორც ცნობილია, გადადებული მატჩი 12 თებერვალს „რო არენაზე“, სპეციალურად ჰოკეისთვის აშენებულ დროებით არენაზე  გაიმართება.ცნობისთვის, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვლიდან 22 თებერვლამდე იმართება. ნოროვირუსი გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციას და ვლინდება ძირითადად ღებინებით, დიარეით, მუცლის ტკივილითა და ზოგჯერ ცხელებით; ის ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით.

გიორგი კვერნაძის გოლი იანვარში სერია B-ში საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი კვერნაძის გამარჯვების გოლი „რეჯანას“ წინააღმდეგ სერია B-ს 21-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.„წამის მეასედის საკითხი იყო – კარს გახედა, დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“, – ასე ლაკონურად შეაფასა სერია B-ს გვერდმა ქართველის გოლი.„ფროზინონეს“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ „რეჯანას“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც გუნდს 1:0 გამარჯვება მოუტანა. გამოკითხვა ლიგა B-ს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა.ეს „ფროზინონეს“ 22 წლის თავდამსხმელისთვის სეზონში მესამე გოლი იყო.

დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.„ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“ – Entrepreneur Georgia

„ჟუჟუნა ღვინოს“ და „მილენიან ჰაბის“ თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში Entrepreneur Georgia ავრცელებს.„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“, - წერს Entrepreneur Georgia.გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ვარშავაში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა განაცხადა.„დაუყოვნებლივ ძალაში შესული ბრძანების თანახმად, ჩვენ აღარ გვექნება ურთიერთობა, კონტაქტი ან კომუნიკაცია სეიმ ჩაჟასტისთან, რომლის აღმაშფოთებელმა და არაპროვოცირებულმა შეურაცხყოფამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სერიოზული დაბრკოლება შექმნა პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და მის მთავრობასთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს და არც შეურაცხყოფა მიაყენოს დონალდ ტრამპს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა პოლონეთისა და პოლონელი ხალხისთვის“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა, ვლოძიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის და ისრაელის ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას მიერ წამოყენებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის ხელმძღვანელების მობილიზებას, რათა ტრამპი 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის.

ბოლო სიახლეები