სამშაბათი, მარტი 17, 2026

მეუფე შიო: დიდი მარხვის განმავლობაში განსაკუთრებით ვუკვირდებით და ვუღრმავდებით ჩვენს ცოდვებს და ყოველდღე ვევედრებით უფალს

,,ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა“- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)  ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

” სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

✨ ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის მე-5 კვირას, რომელიც ეძღვნება ღირს მარიამ ეგვიპტელს.

? დიდი მარხვის განმავლობაში განსაკუთრებით ვუკვირდებით და ვუღრმავდებით ჩვენს ცოდვებს და ყოველდღე ვევედრებით უფალს წმინდა ეფრემ ასურის ლოცვაში, რომ მოგვცეს ხედვა და განცდა ამ ცოდვებისა. „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა“, – ვამბობთ  ყოველდღე და ეს აუცილებელია სულის გადარჩენისთვის, სულიერი წარმატებისთვის.

? მაგრამ მითქვამს თქვენთვის ასევე, რომ ეკლესიის წმინდა მამები გვაფრთხილებენ, მეორე მხრივ, სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის თავში ხედავს მხოლოდ უარყოფით მხარეს და ავიწყდება მასში არსებული მეორე, ნათელი მხარე და ის, რომ ადამიანის ბუნების საფუძველი, არის ხატება ღვთისა. ასეთი არასწორი სულიერი მდგომარეობა საზიანოა, რადგან იწვევს ჩვენში მოწყინებას, სასოწარკვეთილებასა და შემოქმედებითი ძალების პარალიზებას.

?ამიტომ დღეს, ისევე როგორც დიდი მარხვის წინა კვირებში, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რა დიდი სიკეთეა ადამიანში, როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია დაფარული ადამიანის ბუნებაში.

? თქვენ გახსოვთ, რომ ღირსი მარიამ ეგვიპტელი არაწმინდა ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ შემდეგ შეინანა.

?რა არის სინანული, რას ნიშნავს ის?  რას ნიშნავს სიტყვა ,,სინანული”? ეს არის ცვლილება აზრის, სიტყვისა და საქმის. ღირს მარიამ ეგვიპტელში ისეთი დიდი ცვლილება მოხდა, რომ იგი ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. მისი ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ლოცვის დროს იგი ჰაერში იწეოდა და მდინარეზე ფეხით დადიოდა.

? რა ცვლილებაა ეს, რაც მასში მოხდა? როგორი ცხოვრებიდან გადავიდა იგი ასეთ ცხოვრებაში? იგი გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა და უმანკო ცხოვრებაში. რა არის სიწმინდე და უმანკოება? ეს არ არის მხოლოდ სიძვის ვნებისგან გათავისუფლება, როგორც ზოგს ჰგონია, რადგან შეიძლება ადამიანმა ხორციელი ვნება დაამარცხოს საკუთარ თავში, მაგრამ სიწმინდისგან ჯერ შორს იყოს. სიწმინდე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ხორციელი ვნების დამარცხება. მაშ, რა არის ეს? ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება პიროვნების სიმრთელე, ცნობიერების სიმრთელე, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი ძალები მიმართულია ღმერთისკენ და გახსნილია სულიწმიდის მიღებისთვის. როდესაც სულიწმიდის ეს მადლი და ნიჭები განასულიერებს ადამიანს, ეს არის სულიწმიდის დამკვიდრება ჩვენში. აი, რა არის ნამდვილი სიწმინდე.

? ამ მდგომარეობის მოხვეჭა და მიღწევა მხოლოდ წარსულ ეპოქაში არ იყო შესაძლებელი, ეს დღესაც ხელეწიფება ადამიანს. ღვთის შეწევნით, ადამიანს დღესაც შეუძლია, ამ სიწმინდის ძალა გახსნას და განავითაროს საკუთარ თავში, მთელი თავისი პიროვნება, ვიმეორებ, სულიერიც, ფიზიკურიც, მშვინვიერი ძალები, ღმერთისკენ მიმართოს და მიიღოს სულიწმიდის ნიჭები.

? ნამდვილი სინანულის შედეგი არის სწორედ ის, როდესაც ადამიანი ამ მადლის მეშვეობით საკუთარ თავში მუდმივად ცვლის უკეთესობისკენ ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს.

? დღეს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმინდა ეკლესია გვასწავლის ადამიანში ამ სიწმინდის გამარჯვებისა და ზეიმის შესახებ. გვასწავლის იმის შესახებ, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა ამას მიაღწიოს.

? ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა“.

? იმისთვის, რომ ეს სიწმინდის სული მოგვეცეს და მან შეგვიყვანოს იმ სიხარულში, იმ ნეტარებაში ამ მიწიერ ცხოვრებაშივე, რომელიც შემდგომ სრულად გაიხსნება ზეციურ ცხოვრებაში, საჭიროა კეთილი ნება, ძალისხმევა და საკუთარი თავის იძულებაც. როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე:  „სასუფეველი ცათა იიძულების“, ე.ი. ძალისხმევით მიიღწევა.
ჩვენ შეიძლება კეთილი ნება გვაქვს, მაგრამ ძალისხმევა ნამდვილად გვაკლია. ამიტომ, თუ ვეცდებით და მივმართავთ ამ ძალისხმევას, მაშინ აუცილებლად ვიგრძნობთ სიხარულის მოზღვავებას და ჩვენში დაიწყება გამოსვლა იმ ცხოვრებიდან, რომელშიც არის ამდენი ცოდვა და სიბნელე, და შესვლა საღვთო სინათლეში.

? გვაღირსოს უფალმა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ გამოვცადოთ საღვთო სინათლეში შესვლისა და საღვთო ცხოვრებასთან თანაზიარების სიხარული, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი, ვართ მოწოდებულნი, ამინ!

? დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით ჯილდოვდებიან შემდეგი სასულიერო პირები:

?დეკანოზი გიორგი წურწუმია ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
? დეკანოზი შალვა როსტიაშვილი ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
? დეკანოზი შიო მენაბდე ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
? დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
? დეკანოზი საბა ლევერაშვილი ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
? დეკანოზი თეოდორე ნადაშვილი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!
? დეკანოზი მიქაელ არაბიძე ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სეიედ ალი მოჯანი-დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის “უძლეველი ფლოტის” ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს

,,დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის "უძლეველი ფლოტის" ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

პეტერ ფიშერი – ვწუხვარ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.„ვწუხვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო.ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ სარჯველაძე – არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება – რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება,...

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო, რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრის თქმით, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება.მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.„მდგომარეობა არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე. ვცდილობთ, გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული. იქნებ არსებობდეს, რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. გნებავთ, კონსილიუმი დაარქვით, ან რაც გნებავთ. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები. მათთან კონსულტაციების გავლა ერთ-ერთი რეკომენდაციაა.არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება. უკლებლივ ყველაფერი გაკეთება, რათა დაუყოვნებლივ იყოს ასეთი საჭიროება უზრუნველყოფილი.საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია. ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს.ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით“,- აღნიშნავს სარჯველაძე.ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ,,ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის  რამდენიმე  ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს (საერთო წონით 248,95 გრამი) ნაკეთობები  და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 669 ლარი შეადგინა.ერთი  სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  36 322 ლარით დაჯარიმდა.

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას,...

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

ბოლო სიახლეები