პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026

მდინარაძე ალასანიას განცხადებაზე: მათ გულში და ტვინში აქვთ დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ

„ისინი წლებია და შეიძლება ითქვას, ათწლეულებიც კია ყოფენ და ხლეჩენ საქართველოს. გაერთიანებული საქართველო ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მათ ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ არის, ისინი საუბრობენ იმას, რაც გულში და ტვინში აქვთ და გულში და ტვინში მათ აქვთ გახლეჩა, დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ მათ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ, რომ კიდევ მეტად გახლიჩონ და დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთთან“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი  განცხადებით, ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. მისივე თქმით, ერთადერთი გზა არის მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს. „ისინი ძალიან ხშირად დეზინფორმაციას უწოდებენ ხოლმე იმას, რომ ვიღაცები ომისკენ არ მოგვიწოდებდნენო, საერთოდ ასეთი ნარატივი არ არსებულაო, ვინ თქვაო ესო. ავიწყდებათ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები, მათი პირდაპირი და ირიბი მოწოდებები, მაგრამ ამავე დროს თავად წამოსცდებათ ისეთი რაღაც, ან შეგნებულად აკეთებენ ამას, შეიძლება არც კი წამოსცდებათ, რომ ომისკენ მოწოდებები ისევ ახლად დგება ხოლმე განახლებულად დღის წესრიგში. ეს მათი ნარატივია. იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე, ან იმიტომ აკეთებენ ამას სპეციალურად, რომ ეს არის მათი ნარატივი. ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. ხან უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ხან ჩვენი თანამემამულეები ოღონდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ახლა თემურ ალასანიამ პირდაპირ თქვა, კრებსითად მოახერხა იმის თქმა, რაც უნდათ წელიწად ნახევარია. საქართველო ისეთ შეცდომებს თავისი დების და ძმების წინაშე რაც დაუშვა, აღარასდროს დაუშვებს იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. მხოლოდ ტერიტორიებს კი არა, ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი ურყევი და ამ გზას ვერავინ გადაუვა, მკაფიო არის ის, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაიბრუნებს მშვიდობით, შერიგებით, პატიებით და არა სხვა ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა- მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზრდება

154 წელია საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა რკინიგზის თანამშრომლებს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.„ამ დიდი ისტორიის მთავარი შემოქმედები თქვენ ხართ, ადამიანები, რომლებიც პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ყოველდღიურად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისა და ერთგულებისთვის. დღეს საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ახალი მენეჯმენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მართვაში, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ეფექტიანობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა მიმდინარე სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 175 მილიონ ლარს მიაღწია.„სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების დრო განახევრდა.სწორედ აღნიშნულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გავზარდოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

რამდენად რეალურია „შავი ჭირის“ პანდემია – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება

რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რამდენად რეალურია ინფექციის ფართომასშტაბიანი პანდემიის საფრთხე.„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბაქტერიული ინფექციის კორონავირუსივით სწრაფი და მასობრივი გავრცელება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. მისივე თქმით, შავი ჭირის რუსეთიდან გასვლის თეორიული შანსი ძალიან დაბალია. „არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, თუ რატომ არ შეიძლება კოვიდპანდემიისა და შავი ჭირის ლოკალური ეპიდაფეთქების შედარება. პირველ რიგში, კოვიდი არის ვირუსი, შავი ჭირი არის ბაქტერია. კოვიდითა და სხვა ვირუსული ინფექციებით, რომელიც რესპირატორული გზით ვრცელდება, ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს საკმაოდ დიდ მანძილზე. გარკვეულ შემთხვევებში, 4-5 მეტრზე შეიძლება დაინფიცირება. როდესაც საუბარი გვაქვს შავ ჭირზე, ის არის ბაქტერია, ბევრად უფრო მძიმეა და იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, მინიმუმ 2 მეტრზე უფრო ახლო კონტაქტი უნდა იყოს და ასევე უნდა იყოს ინტენსიური კონტაქტი. შესაბამისად, ამ დაავადების ფართომასშტაბიანი და სწრაფი გავრცელება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

ირაკლი კობახიძე: ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც მგზავრობის დრო განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე

2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სრულდება თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე.„ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად მიმდინარეობს არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია. ასევე ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე. ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა და დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანი, მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო განხორციელებული ცვლილებების შედეგად უკვე საათ-ნახევრით შემცირდა, 5,5 საათიდან 4 საათამდე, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები, ხოლო სატვირთო მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, – განაცხადა პრემიერმა.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის – 100 კგ, ხოლო ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვებას ილია სულამანიძე შეეცდება. 100 კგ-ში ქართველი სპორტსმენის პირველი მეტოქე უნგრელ ჟომბორ ვეგსა და ტაჯიკ ჯახონგირ მაჯიდოვს შორის გამარჯვებული იქნება.სულამანიძეს, წილისყრიდან გამომდინარე, კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი აქვს.ტურნირზე წინასწარი შეხვედრები – 10:30 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დავით სონღულაშვილი – ფერმერთა მხარდაჭერა მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ფერმერთა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა მცენარეთა დაცვის საშუალებების ხარისხის კონტროლისა და მათი სწორად გამოყენების მნიშვნელობაზეც. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებას სახელმწიფო შესაბამისი მექანიზმებით აკონტროლებს, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლს როგორც ქვეყანაში შემოტანისა და სერტიფიცირების, ისე რეალიზაციის ეტაპზე.„სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საზღვარზე პესტიციდების შემოტანისა და სერტიფიცირების, არამედ მათი შემდგომი რეალიზაციის კონტროლის მიმართულებითაც. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ცოდნაზე და კვალიფიციურ აგრონომიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ფერმერმა უნდა იცოდეს, რა დაავადებასთან აქვს საქმე და კონკრეტულ შემთხვევაში რომელი საშუალება და რა დოზით გამოიყენოს. შესაძლოა, პრეპარატი იყოს ხარისხიანი, მაგრამ მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პესტიციდების სწორად და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით გამოყენება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მინისტრის განცხადებით, ფერმერთა მხარდაჭერა ასევე მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას, გადამუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას. მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს აძლიერებს, რაც ფერმერებს წარმოებისა და გადამუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.„მექანიზაციის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე უკვე 20-ზე მეტი მიმართულება გვაქვს და ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები შევქმენით. ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდაჭერა, რათა მეურნეებს დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ასევე მუშაობს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე.„საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სხვადასხვა მხარდაჭერის მექანიზმით, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ხელს ვუწყობთ მეღვინეებს, კიდევ უფრო გაზარდონ ექსპორტი, აითვისონ ახალი ბაზრები და უკვე არსებულ ბაზრებზე თავიანთი პოზიციები გააძლიერონ“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები