სამშაბათი, აპრილი 7, 2026

მდინარაძე ალასანიას განცხადებაზე: მათ გულში და ტვინში აქვთ დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ

„ისინი წლებია და შეიძლება ითქვას, ათწლეულებიც კია ყოფენ და ხლეჩენ საქართველოს. გაერთიანებული საქართველო ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მათ ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ არის, ისინი საუბრობენ იმას, რაც გულში და ტვინში აქვთ და გულში და ტვინში მათ აქვთ გახლეჩა, დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ მათ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ, რომ კიდევ მეტად გახლიჩონ და დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთთან“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი  განცხადებით, ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. მისივე თქმით, ერთადერთი გზა არის მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს. „ისინი ძალიან ხშირად დეზინფორმაციას უწოდებენ ხოლმე იმას, რომ ვიღაცები ომისკენ არ მოგვიწოდებდნენო, საერთოდ ასეთი ნარატივი არ არსებულაო, ვინ თქვაო ესო. ავიწყდებათ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები, მათი პირდაპირი და ირიბი მოწოდებები, მაგრამ ამავე დროს თავად წამოსცდებათ ისეთი რაღაც, ან შეგნებულად აკეთებენ ამას, შეიძლება არც კი წამოსცდებათ, რომ ომისკენ მოწოდებები ისევ ახლად დგება ხოლმე განახლებულად დღის წესრიგში. ეს მათი ნარატივია. იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე, ან იმიტომ აკეთებენ ამას სპეციალურად, რომ ეს არის მათი ნარატივი. ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. ხან უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ხან ჩვენი თანამემამულეები ოღონდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ახლა თემურ ალასანიამ პირდაპირ თქვა, კრებსითად მოახერხა იმის თქმა, რაც უნდათ წელიწად ნახევარია. საქართველო ისეთ შეცდომებს თავისი დების და ძმების წინაშე რაც დაუშვა, აღარასდროს დაუშვებს იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. მხოლოდ ტერიტორიებს კი არა, ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი ურყევი და ამ გზას ვერავინ გადაუვა, მკაფიო არის ის, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაიბრუნებს მშვიდობით, შერიგებით, პატიებით და არა სხვა ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა- მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების ციკლი, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი მოიცვა, რითაც საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალება მისცა უშუალოდ გაცნობოდნენ თანამედროვე ფიზიკისა და ბირთვული ინჟინერიის ძირითად პრინციპებს.სტუ-ის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მასტერკლასი ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) IPPOG კოლაბორაციის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, რამაც მონაწილეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა რეალურ ექსპერიმენტულ მონაცემებზე ემუშავათ და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის აქტუალურ კვლევებს გაცნობოდნენ. პროფესორ ბესიკ კეკელიას თქმით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების სერიამ მოსწავლეთა მაღალი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიწვია. პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ინჟინერიის პოპულარიზაციაში, ხელი შეუწყო მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა მსგავსი ინიციატივების აუცილებლობა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში.„პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ერთვებოდნენ ინტერაქტიულ ლექციებსა და პრაქტიკულ სესიებში, სადაც სწავლობდნენ, თუ როგორ ხდება დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) მონაცემების ანალიზი და ახალი ნაწილაკების აღმოჩენა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და მომავალი თაობის მოტივირება კვლევების მიმართულებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“, - აცხადებს ბესიკ კეკელია. სტუ-ის ინფორმაციით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ: ქუთაისში - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში; ბათუმში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თელავში - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გორში - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თბილისში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო დასკვნითი მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, IPPOG საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს CERN-ის მეცნიერებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს. მისი მთავარი მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართ ინტერესის გაღრმავება და ამ სფეროებში მოტივაციის გაზრდა. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, პროგრამის ფარგლებში გამოყენებული იყო ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად მიუახლოვდნენ თანამედროვე მეცნიერების რეალურ გარემოს.„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას ადრეული ასაკიდანვე გაეცნონ თანამედროვე მეცნიერების უახლეს მიღწევებს. CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების ციკლი სწორედ ასეთი უნიკალური პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს უქმნის საუკეთესო გარემოს რეალურ მონაცემებთან მუშაობისა და თანამედროვე კვლევითი პროცესების აღქმისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდა შესაძლებლობა დამოუკიდებლად ემუშავათ რეალურ ექსპერიმენტულ მონაცემებზე - ვგულისხმობთ ATLAS ან CMS ექსპერიმენტების ფარგლებში დეტექტორებიდან მიღებულ მონაცემებს - გაეკეთებინათ საკუთარი ანალიზი და დასკვნები. თითოეული დღის ბოლოს ისინი ერთვებოდნენ საერთაშორისო ონლაინ დისკუსიაში, სადაც მათი შედეგები განიხილებოდა CERN-ის ექსპერტებთან ერთად. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას. აღნიშნულმა მასტერკლასებმა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს, მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებში. წლევანდელი მასტერკლასები 180 მონაწილეზე იყო გათვლილი, თუმცა შემეცნებით ღონისძიებებში, ფაქტობრივად, 253 მოსწავლე ჩაერთო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის მიმართ მაღალ ინტერესსა და მის აქტუალობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მეცნიერების პოპულარიზაცია და განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.სტუ-ის ინფორმაციით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მონაწილეებმა გაიარეს ერთდღიანი „მეცნიერის გამოცდილება“, რომლის ფარგლებშიც მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკის კვლევების მიზნებს, ექსპერიმენტულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.

ვიქტორ ორბანი – შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომს პრეზიდენტ ტრამპამდე დაუჭირა მხარი, აშშ-ს ამჟამინდელი პოზიცია, რომელიც აშკარად მშვიდობის მომხრეა, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია

აშშ და რუსეთი თუ ჩათვლიან, რომ მათ შორის სამშვიდობო სამიტია საჭირო, ბუდაპეშტი კვლავაც სიამოვნებით უმასპინძლებს ამ შეხვედრას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპული სტრატეგია ჩავარდა.„შეერთებულმა შტატებმა რადგან ამ ომს პრეზიდენტ ტრამპამდე დაუჭირა მხარი, აშშ-ის ამჟამინდელი პოზიცია, რომელიც აშკარად მშვიდობის მომხრეა, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ამიტომ როდესაც ამერიკელი და უნგრელი პოლიტიკოსები ხვდებიან ერთმანეთს, მათ არ შეუძლიათ, არ ისაუბრონ რუსეთ-უკრაინის ომზე“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინის მდგომარეობა ახლა რთულია და ის მიიჩნევს, რომ ეს უკრაინელების დამსახურებაა. ორბანის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეტაპობრივად მოხსნის უკრაინის მიერ დაწესებულ ბლოკადას, რომელიც დაკავშირებულია ნავთობსადენ „დრუჟბასთან“.

ჯეი დი ვენსი – ძალიან ირონიულია, რომ ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ის ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებმაც თავად შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი პოლიტიკა

სასაცილოა, რომ ჩემს პრეზიდენტს პრორუსობაში ადანაშაულებენ, ჩემი პრეზიდენტი ევროპას ენერგიისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებით უფრო მეტად დაეხმარა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსოფლიოში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტი პრესკონფერენციისას განაცხადა.როგორც ვენსმა აღნიშნა, ირონიულია, რომ ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ის ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებმაც თავად შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი პოლიტიკა.„სასაცილოა, რომ ადამიანები, მაგალითად, ჩემს პრეზიდენტს ადანაშაულებენ პრორუსობაში. ჩემი პრეზიდენტი ევროპას ენერგიისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებით უფრო მეტად დაეხმარა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსოფლიოში. ეს ასუსტებს რუსეთს, რადგან ჩვენ გვსურს, ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს ჰქონდეთ გონივრული ენერგეტიკული პოლიტიკა, რათა მათი მომხმარებლები ნაკლებს იხდიდნენ. ასევე, ღმერთმა ნუ ქნას, თუ კონფლიქტი მოხდება, შეეძლოთ ჩვენზე და არა სხვა ქვეყანაზე დაყრდნობა ენერგიის მისაღებად. ამიტომ ჩემთვის ძალიან ირონიულია, რომ ხშირად სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ადანაშაულებენ, არიან პირები, რომლებმაც თავიდანვე შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი ეკონომიკა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ირანში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებთან იკრიბებიან

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე ირანელები ქვეყნის მთავარ ელექტროსადგურებსა და ხიდებთან იკრიბებიან.მედიის მიერ გავრცელებულ სურათებსა და ვიდეოებში ჩანს, როგორ იკრიბება ათობით ადამიანი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ ობიექტებთან. ირანელები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, აჰვაზში მდებარე თაღოვანი ხიდის გასწვრივ არიან შეკრებილი, კიდევ ერთ ფოტოსურათზე კი ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თეირანთან ახლოს, შაჰიდ რაჯაის ელექტროსადგურის წინ დგანან.ცნობისთვის, დღეს ირანის მთავრობამ სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებს ელექტროსადგურების გარშემო შეკრებისკენ და ცოცხალი ჯაჭვის შეკვრისკენ მოუწოდა. ირანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოცხალი ჯაჭვების აქცია მიმართულია საზოგადოებრივ დაწესებულებებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გასაპროტესტებლად.ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს მოწოდება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ და ისრაელი ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრებიან.

საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს – დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.„აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები