კვირა, სექტემბერი 27, 2026

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ტურიზმში რუსეთზე დამოკიდებულება მაღალი არაა – ინტერვიუ

საქართველომ აგვისტოში საერთაშორისო ტურიზმიდან 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ჯამურად, რვა თვეში კი – $2.1 მილიარდი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის სრულად აღდგა. აღსანიშნია, რომ რვა თვის მონაცემებში რუსეთიდან ტურისტების კონტრიბუცია 467.9 მლნ დოლარია, ბელარუსიდან – $189 მლნ, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი – $215 მლნ.

ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და მდგრადობაზე BMG ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს ესაუბრა.

– რამდენად მდგრადია ტურიზმის აღდგენა იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ვიზიტებში რუსეთი დომინანტია?

– ჩვენი ტურიზმის სტატისტიკა საკმაოდ დივერსიფიცირებული და რიცხვებს რომ ჩავხედოთ, ვერ ვნახავთ ვერცერთ ქვეყანას, რაზეც დიდწილად ვართ დამოკიდებული.

– თუმცა რუსეთი ლიდერია, როგორც რაოდენობრივ ჭრილში, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით…

– ვიზიტორების მიხედვით, დღევანდელ სტატისტიკაში რუსეთის წილი 23%-ია, რაც თავის მხრივ, არ გულისხმობს იმას, რომ დამოკიდებულება მაღალია, მაგრამ წილით მოწინავეა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრებად ჩამოყალიბდა ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები; გამოვყოფდი საუდის არაბეთს; ასევე გერმანიას, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი აღდგენის დინამიკა გვაქვს ევროპული მიმართულებებიდან. ეს ყველაფერი კი, გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც გვაძლევს იმ შედეგებს, რაზეც ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, covid-პანდემიის შემდეგ აღდგენა სპეციფიკურია, რადგან ჩვენი სახმელეთო საზღვრები სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს; ასევე, მოგეხსენებათ, ავიაციას გლობალურად გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველო ტურიზმის აღდგენის დინამიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია. გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესო შედეგი გვაქვს ტურიზმის შემოსავლებში – ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დადებითი და დამაკმაყოფილებელი ტურისტული ნაკადების აღდგენის დინამიკა ტურიზმში და მეორე მხრივ, ვხედავთ რომ შემოსავლებში გვაქვს ბევრად მაღალი აღდგენის დინამიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ტურისტი ხარჯავს მეტს და ჩვენი ეკონომიკა იღებს უფრო მეტს.

– ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი ტურიზმს ნაკლებად ჰგავს – ვგულისხმობ რუსი მიგრანტების ეფექტს. IDFI-ის უახლესი სტატისტიკური დაკვირვებით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ერთ თვეზე მეტ ხანს რჩება საქართველოში, რაც ტურიზმად ვერ ჩაითვლება..

– ფიზიკურად ვერ გამოვა ისე, რომ ერთ კონკრეტულ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი დიდი გავლენა და ასე შეცვალოს ტურისტული შემოსავლების სტრუქტურა; მეორე მხრივ, გვაქვს ანალიტიკა, რომელსაც ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში წარვუდგენთ ჩვენს დარგს. ასევე, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მასტერქარდთან, საიდანაც ვიღებთ ძალიან საინტერესო ანალიტიკას და იქ ძალიან კარგად ჩანს მარტივი რაღაც – ფაქტობრივად, გაზრდილია ღამის თევების რაოდენობა, გაზრდილია საშუალო დანახარჯი სტრატეგიული სამიზნე ქვეყნებიდან მეტ-ნაკლებად, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ხელთ არსებული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ ტურიზმის შემოსავლებზე რომელიმე კონკრეტულ ერთ ქვეყანას აქვს ისეთი გავლენა, რომ ეს სტრუქტურა შეეცვალა, თუმცა გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ თითოეულ ტურისტულ ბაზარს თავისი ღირებულება აქვს.

– თქვენ ახსენეთ გერმანია, საიდანაც მაღალია ტურისტული ნაკადების აღდგენის ტემპი, მაგრამ აღსანიშნია, რომ ჯამურ სურათს თუ შევხედავთ, TOP-15 ქვეყანას შორის, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანია და პოლონეთი გვხვდება, თან პოლონეთიდან ვიზიტების ნაკადი ჩამორჩება როგორც შარშანდელ, ისე 2019 წლის ანალოგიურ დონეს. რა არის მიზეზი?

– გერმანია და პოლონეთი ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა… გერმანიიდან ვიზიტორების ნაკადის აღდგენის ტემპი აიხსნება იმით, რომ შარშან წარმატებით დავხურეთ მოლაპარაკებები. შედეგად, სამი ახალი ავიაკომპანია გვყავს გერმანიიდან შვიდი პირდაპირი მიმართულებით; მართალია, გერმანიიდან ვიზიტორების 100%-იანი აღდგენა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულია გლობალურ ავიაციაში არსებულ ვითარებაზე, ვგულისხმობ ტრანზიტული სიხშირეების აღდგენას.

რაც შეეხება პოლონეთს, საიდანაც ვიზიტორების ნაკადი შემცირებულია (აგვისტოში), როგორც ვიცით, ამ ქვეყნიდან ნაკადები ქუთაისის აეროპორტიდან მოდიოდა ანუ პოლონეთიდან ტურისტების შემოყვანაში Wizz Air-ს ჰქონდა ძალიან დიდი წვლილი, ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ სწრაფად დაგვებრუნებინა პირველი და მეორე ბაზა. Wizz Air-ისთვის, საქართველო, ფაქტობრივად, ერთ-ერთი პირველი მიმართულება იყო, სადაც მათ გადაწყვიტეს ჩვენთან ერთად რისკების აღება და ორი ბაზის დაბრუნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია – ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები...

არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.გვარამიას კითხვა დაუსვეს მის მიერ 20 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გვარამიამ განაცხადა, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.„მე რაც ვთქვი მაშინ, იმას გავიმეორებ კვლავ და თუ ვინმემ ვერ გაიგო მმართველ გუნდში, ეჭვი მეპარება, მაგრამ შეეცადოს, რომ გაიგოს. ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, არა. ჩვენ გვაქვს ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ვერ დაველოდებით იმას, ვის ვინ შეუყვარდება, ვის ვინ შესძულდება და ა.შ. ჩვენ უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენი მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ კარგ და დაცულ, მდიდარ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.მისივე თქმით, ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის სერიოზული შანსი არსებობს.„მერწმუნეთ, ჩვენ აფხაზების გარეშე ეს შეგვიძლია, აფზაზებს ჩვენ გარეშე ეს არ შეუძლიათ. ამიტომ, ძალიან სერიოზული შანსი არსებობს ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. კიდევ ვუბრუნდები თქვენ მიერ დასმულ საკითხს – ვის ვინ შეუყვარდება, ამაზე მე როგორ გელაპარაკოთ, შევუყვარდებით ვინმეს თუ არა. ხალხს შეუყვარდება აფხაზები თუ არა?! ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსმა და სახელმწიფო ჩინოვნიკმა იმუშაოს და შედეგს მიაღწიოს. სიყვარული არ ხდება დაკვეთით და მუშაობით. თავისთავადაც აღმოცენდება ხოლმე, როცა ადამიანები მშვიდობიანად, ერთად თანაცხოვრობენ. აქამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ და იქნება ეს ქვეყანა ერთიანი, ოღონდ ბიძინას გარეშე, ისე არ გამოვა არაფერი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ვიქტორ ყიფიანი – დღევანდელი დღე ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე, დღეს ისტორიის გადაწერა ხდება – უნდა გამოვხატოთ სურვილი, რომ აფხაზებთან და ოსებთან...

დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე , - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა "ჯერ საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, სოხუმის დაცემის დღისთვის მიძღვნილი მარშის დაწყებამდე.მისივე თქმით, დღეს “ისტორიის გადაწერა“ ხდება. ამ ფონზე, ყიფიანის თქმით, დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების წარმოებისთვის."დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე. ამას მეტად გაფერადება და სიტყვების მოძებნა არ სჭირდება, მაგრამ ახლა კიდევ სხვა დატვირთვა შეიძინა ამ დღემ, რადგან ისტორიის გადაწერა ხდება. როცა ჩვენ აქ შევიკრიბებით ჩვენი მთავარი სათქმელი ყველაფერთან ერთად იქნება, რომ ისტორიას ვცეთ პატივი შედეგის მიუხედავად. იმ მებრძოლებს ვცეთ პატივი, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. რითაც გარკვეულწილად საქართველოს გეოპოლიტიკურ შედეგსაც, ჯერჯერობით პოტენციურს, რომელიც რეალიზებული არ არის, ჩაუყარეს საფუძველი. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიდრე თბილისში არ შეიცვლება პოლიტიკური კონფიგურაცია ქვეყნის გარეთ დალაგება შეუძლებლად მიმაჩნია მსხვილ თემებზე, მით უმეტეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ შიდა ქართული თემა არ არის.ჩვენ დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების მიმართ პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების წარმოებისთვის მზად ვართ, რომლებიც არ იქნება მხოლოდ სენტიმენტებით გაჯერებული. სურვილი მაქვს, რომ ამას დღეს ხაზი გავუსვათ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დონალდ ტრამპი – ველოდები ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ კვირაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდება.როგორც „აქსიოსი“ წერს, კატარი და რეგიონის სხვა შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ, თუმცა საკვანძო საკითხებზე მხარეთა პოზიციები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ირანს სურს, ნებისმიერი მოლაპარაკება ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან ბირთვულ საკითხზე დათმობებზე წასვლას მოითხოვს.„ველოდები ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას (მომავალ კვირაში). მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მინდა. ეს ის შეთანხმებაა, რომელსაც, შესაძლოა, ერთი წლის წინ დავთანხმებულიყავით. მათ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანზე დარტყმების განახლებას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზე ყოველთვის ფიქრობს. ამასთან, ტრამპის განმარტებით, ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტიდან დიდი რაოდენობით ნავთობის გატანას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, შაბათ-კვირას სრუტის გავლით ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ყველაზე დიდი მოცულობა, 20 მილიონ ბარელზე მეტი გადაიტანეს.მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ტელეკომპანია NBC-ს განუცხადა, რომ ტრამპის მიერ ირანის შეთავაზების უარყოფის მიუხედავად, ირანი კვლავ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მიღწევას ცდილობს.როგორც მედია წერს, რეგიონის ორმა წყარომ დაადასტურა ტრამპის განცხადება, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება. მათი თქმით, ისინი აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი დიალოგის მორიგ რაუნდს უკვე ორშაბათს ელოდებიან. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მხარეები არსებული უთანხმოებების დაძლევას.ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს შესთავაზა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ერთი კვირის შემდეგ განახლება, იმ შემთხვევაში, თუ აშშ მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ნავთობის გაყიდვებზე დაწესებულ სანქციებს და მთელ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ „აქსიოსს“ განუცხადა, სამშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს განუმარტეს, რომ ირანი სრუტეს არ აკონტროლებს და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით მოთხოვნების დაყენება არ შეუძლია.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რითაც დაასრულა თავისი მეორე და ბოლო ხუთწლიანი ვადის შესრულება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, ამით მან გზა გაუხსნა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვუჩიჩის გადადგომა, რომელიც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე ხდება, ემთხვევა სერბეთში 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ნაბიჯი მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია - „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS) - ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

თბილისში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში, რომლის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართა და საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მცირემხედველთა შორის, J2 კატეგორიის ფინალში, ქართველმა პარაძიუდოისტებმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი გუნდი 4:2 დაამარცხეს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევანი გუგავა, და ბაჩუკი შელია ასპარეზობდნენ.ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, მედია მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფდა. მსოფლიო ჩემპიონატში რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის, 312-მა პარაათლეტმა მიიღო მონაწილეობა.

ბოლო სიახლეები