სლოვაკეთი არის საქართველოს ერთგული და დამცველი მეგობარი ევროკავშირში. სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან სხვადასხვა მიმართულებით ვისაუბრეთ, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განათლებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
ლაშხის თქმით, ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა განათლების ძალიან მასშტაბური რეფორმა განახორციელა.
„ჩვენ მათ გამოცდილებას გავიზიარებთ. მოგეხსენებათ, საქართველო ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ვისაუბრეთ როგორც ზოგად განათლებაზე, ასევე ცენტრალიზებულ მიმართულებაზე გამოცდილების გაზიარებაზე. ჩვენ მალე განათლების კომიტეტს ვუმასპინძლებთ, სადაც უშუალოდ რეფორმის ასპექტებს განვიხილავთ. მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბარი. სლოვაკეთში ამ მიმართულებით კარგი პრაქტიკა არსებობს და იმედია, საქართველოდან ახალგაზრდულ პარლამენტს სლოვაკეთში უმასპინძლებენ, სადაც გაეცნობიან ევროპული ქვეყნის პარლამენტის მუშაობას, ასევე პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადი განათლების კუთხით სკოლებში მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელეს, რაც, ერთი მხრივ, ორიენტირებულია ხარისხის უზრუნველყოფაზე და ასევე ეს არის ევროპული სტანდარტების ინტეგრირება უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე სამეცნიერო მიმართულებით. სამეცნიერო კუთხით კოდიფიცირების გეგმა გვაქვს და ამ თვალსაზრისითაც ევროპული ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინტეგრირება სამეცნიერო ფონდებსა და პროექტებთან, რაც ამ ოჯახთან უფრო მეტად დაგვაახლოებს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

