სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია ხდება განათლების რეფორმაზეც, რაზეც ყველა თანხმდებოდა, რომ რეფორმა საჭირო იყო, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლების უფასოდ მიღების საშუალება ექნებათ.
„ამისთვის აუცილებელი არ იქნება დედაქალაქში ჩამოსვლა. განათლების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება მათ სამყოფელ ადგილზე“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ამასთან, მარიამ ლაშხმა ისაუბრა, რა მიზნით ერთიანდება თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტები.
„უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს რაც შეეხება, არც საკანონმდებლო კუთხით, არც დადგენილებაში ქონებაზე საუბარი არ არის. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ სპეკულაციებს ვისმენთ. რაც უნდა ვისაუბროთ „ჰარვარდზე“, „ოქსფორდზე“, „კემბრიჯზე“, რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უდიდესი ისტორია, ფასდაუდებელი წვლილი აქვს ჩვენი ერის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
სამწუხაროდ, დღეს არცერთი ქართული უნივერსიტეტი არ არის მსოფლიო რეიტინგების ხუთასეულშიც კი. ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მათ შორის გაერთიანება, ემსახურება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში განათლების ხარისხის იმგვარად უზრუნველყოფას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი, სულ მცირე, ხუთასეულში მოხვდეს და შემდეგ უკვე, დიდ პერსპექტივაში, ორასეულშიც.
დეზინფორმაციაა, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება. ის, რომ სახელწოდება იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას. ეს არის ერთი ქოლგის, ერთი ქუდის ქვეშ ორი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის გაერთიანება და გაძლიერება. რეფორმის ფარგლებში დაანონსდა – „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“. რეფორმა გულისხმობს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც არაერთი ჰუმანიტარული მიმართულებაა, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასევე ტექნიკური მიმართულებებია, ან მილევად რეჟიმში უნდა ყოფილიყო, ან ერთმანეთში გადასულიყო.
მაგალითისთვის, ფიზიკის ფაკულტეტი სად უნდა იყოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში? ძალიან რთულია, ამაზე პასუხი გასცე, რადგან თსუ-ს დიდი წვლილი აქვს ფიზიკის დარგის განვითარებაში, თუმცა ეს აზრობრივად ტექნიკურია და ტექნიკური უნივერსიტეტი ფიზიკის გარეშე წარმოუდგენელია. ისევ დუბლირებებთან გვექნებოდა საქმე და რთული იქნებოდა, გაგვენაწილებინა, სად უნდა ყოფილიყო. ეს რომ არ მომხდარიყო, მნიშვნელოვანია, რესურსების გაერთიანება მოხდეს. გაერთიანება გულისხმობს რესურსების გაერთიანებასა და სწორ დაგეგმვას“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

