შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით. აქვე მინდა, მკაფიოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო: ჩვენი მიზანი არ არის ბევრი დაკავებული, ბრალდებული თუ დაჯარიმებული პირი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქართული სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც არ სჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ უწყებების თითოეულ თანამშრომელს, რომლებზეც დღეს მაქვს საუბარი და რომლებიც თავდაუზოგავად, მაღალი პროფესიონალიზმით და, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებიან საკუთარ საქმეს. ნამდვილად საამაყოა მათ მხარდამხარ სამშობლოს მსახურება.
ერთი სიტყვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით. თუმცა აქვე მინდა, მკაფიოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო – ჩვენი მიზანი არ არის ბევრი დაკავებული, ბრალდებული თუ დაჯარიმებული პირი. ჩვენი, ქართული სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც არ სჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენ ვზრუნავთ მაქსიმალურ პოზიტიურ შედეგებზე ყველა მიმართულებით, რასაც აუცილებლად მივაღწევთ, განსაკუთრებით ქვეყნის დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

