ორშაბათი, ივლისი 13, 2026

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეიძლება, ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან ადგილი ჰქონდეს საბოტაჟს კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით

საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებსა და სამოქალაქო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია ევროკავშირის მე-12 რეკომენდაცია შეეხებოდა სახალხო დამცველის არჩევის წესს. რეკომენდაციაში წერია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ამასთან დაკავშირებით ჩვენი დაპირება იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის, შესაბამისად, ექნება მაღალი ლეგიტიმაცია.

კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევხვდით საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და მათი პოზიციების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, შევათანხმეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან და წინასწარვე შეგვიძლია გითხრათ შეფასების წესთან დაკავშირებით:

1. ნებისმიერ პირს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე,

2. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით.

3. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრის საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ შვიდი კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.

აქვე საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით. კიდევ უფრო ნათელი, რომ იყოს საზოგადოებისთვის – თუ ასე ვთქვათ „პირს შეკრავენ“ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არცერთ კანდიდატურას, რომ პროცესი დაიბლოკოს და რეკომენდაციის პუნქტი არ შესრულდეს და ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტოვებთ კანდიდატის წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში – კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩავერთვებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემაში "კოტcast" საუბრობს, რატომ შეიძლება, ყინული ეპიდაფეთქების წყარო გახდეს და რატომ ჯობს, ზაფხულში დიდი ხნით ადრე მომზადებულ სალათებს მოვერიდოთ:- ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ, ჯობია ყინულს მოვერიდოთ. მაგალითად, როდესაც სასმელს ვუკვეთთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია, მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ, რადგან არავინ იცის, თუ რა წყლისგან არის ეს ყინული დამზადებული. ყინულთან ასოცირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები კი ძალიან ბევრი და ხშირია. ​გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევეხოთ სალათებს და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში, რესტორნებშიც კი, აჯობებს, ჯანსაღი კვება დროებით გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა ახლად მომზადებულ კერძებს მივანიჭოთ. აჯობებს, საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია.

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის – სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან – მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ცნობილი გახდა, რა ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებენ ქართველი მოჭიდავეები, რომლებმაც RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს.ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული გამარჯვებული სპორტსმენი 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულებს 200 000 გადაეცემათ.ტურნირზე გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს.რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, ვლადიმერ გამყრელიძე საჩემპიონო შეხვედრაში ამერიკელ კაილ დეიკთან 0:2 დამარცხდა.

„სრულიად საქართველოს ეხება!“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 6 ივლისით თარიღდება.„იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არამარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წყლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ. სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში,“ - წერს ეზოტერიკოსი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის­ როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება.მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები