ესაა ისტორიული გადაწყვეტილება და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრამა, მაია ცქიტიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის.
„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ერთის მხრივ, სტრასბურგის დასკვნა შერიგების პოლიტიკის ნაწილი გახდეს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ოკუპანტ სახელმწიფოზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

