ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

ლე პენი და ორბანი საფრანგეთში გამართულ ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე ევროკავშირს აკრიტიკებენ

ლე პენი და ორბანი საფრანგეთში გამართულ ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე ევროკავშირს აკრიტიკებენ

საფრანგეთის მემარჯვენე რადიკალი ლიდერი, მარინ ლე პენი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ორშაბათს საფრანგეთში გამართულ მიტინგზე ევროკავშირის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოვიდნენ, რომელიც ევროპული პოლიტიკის ანტიმიგრაციული ფრთის ერთიანობისა და სიძლიერის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. შეკრებაზე, რომელიც ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ (RN) მიერ ევროპარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მოპოვებიდან ერთი წლის თავზე, პარიზის სამხრეთით, მორმანტ-სურ-ვერნისონში ჩატარდა, ულტრამემარჯვენე ძალების ლიდერებმა მთელი ევროპიდან მოიყარეს თავი. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და კონტინენტის მასშტაბით მიღწეული კარგი საარჩევნო შედეგების ფონზე, შეკრების ორგანიზატორთა განწყობა ოპტიმისტური და თავდაჯერებული იყო. ორბანმა, რომელმაც საკუთარი თავი „შავ ცხვარად“ და „ბრიუსელის კოშმარად“ მონათლა, მიგრაციის ევროპული პოლიტიკა „კონტინენტის კულტურული ბაზის ჩანაცვლების მიზნით მოსახლეობის ორგანიზებულ გაცვლას“ შეადარა.

იმის მტკიცების ფონზე, რომ ბრიუსელიდან სანქციების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, თავის ქვეყანაში „მიგრანტებს უკან დაახევინა“, ორბანმა რამდენიმე ათას შეკრებილ ადამიანს განუცხადა: „ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, გაანადგურონ ჩვენი ქალაქები, გააუპატიურონ ჩვენი გოგონები და ქალები, მოკლან მშვიდობიანი მოქალაქეები“.

„დავასრულოთ თამაში“

თავის მიმართვაში, მარინ ლე პენმა ევროკავშირი დაახასიათა, როგორც „პოლიტიკურად შეუსრულებელი დაპირებების სასაფლაო“ და ევროგაერიანებას „ვოუქი და ულტრალიბერალური“ უწოდა. „ჩვენ არ გვინდა მაგიდიდან ადგომა. ჩვენ გვინდა, თამაში დავასრულოთ და გავიმარჯვოთ, საფრანგეთსა და ევროპაში ძალაუფლება ავიღოთ და ის ხალხს დავუბრუნოთ“, – განაცხადა მან. მისი პარტია ადრე ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლას უჭერდა მხარს, მაგრამ ლე პენი დღეს ევროკავშირში დარჩენას და ევროპულ რეფორმებს ემხრობა, რითაც ის გარდაცვლილი მამის, ჟან-მარი ლე პენის პოლიტიკური მემკვიდრეობისგან გამიჯვნას ცდილობს და სურს, თავის პარტიას არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინოს. პარიზის მახლობლად გამართული მიტინგის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ იტალიის ვიცე-პრემიერი და პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი, ესპანეთის პარტია „ვოქსის“ლიდერი, სანტიაგო აბასკალი და ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში.

ისინი ევროპარლამენტში შედიან ჯგუფში, სახელწოდებით „პატრიოტები ევროპისთვის“, რომელიც მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური ძალების გაერთიანებას წარმოადგენს. თავის გამოსვლაში სალვინიმ მიგრაცია ევროპის „საფრთხედ“ შეაფასა. „ჩვენი შვილებისთვის საფრთხე არის არალეგალი მიგრანტების შემოსევა, ძირითადად ისლამისტების, რომლებიც ბრიუსელის ჩუმი თანხმობით არიან ორგანიზებულები და დაფინანსებულნი“, – განაცხადა მან ტრიბუნიდან და ევროპელ „პატრიოტებს“, „ევროპის ბედსა და მომავალზე კონტროლის დასაბრუნებლად“, ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. შეკრების ორგანიზატორების თქმით, მათი მიტინგის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ, ახლომდებარე ქალაქ მონტარჟიში მემარცხენე, ულტრამემარცხენე ძალების და პროფკავშირების დაახლოებით 4 000 წარმომადგენელი შეიკრიბა, რომლებიც „წინააღმდეგობის გაწევას“ აპირებდნენ და აცხადებდნენ, რომ მემარჯვენე რადიკალი ლიდერები „არასასურველი პერსონები“ არიან.

„თქვენ აქ ხედავთ რასისტული და ქსენოფობიური ევროპული მემარჯვენე რადიკალების ყველაზე უარეს წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ“, – აღნიშნა ფრანგმა მემარცხენე რადიკალმა ევროპარლამენტარმა, მანონ ობრიმ.

„ბრიუსელის გილიოტინა“

ულტრამემარჯვენეების შეკრება ჩატარდა იმ დროს, როდესაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ წელზე ნაკლები დროა დარჩენილი. მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამ არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის. მარინ ლე პენის RN ამაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსს ხედავს. თუმცა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენი მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ის ყალბი სამუშაო ადგილების შექმნის სკანდალში გაეხვა და ამ წლის დასაწყისში გამოტანილი მსჯავრი მას საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრის უფლებას არ აძლევს. მართალია, ლე პენმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სათადარიგო ვარიანტიც არსებობს – კულისებში იცდის მისი პროტეჟე და პარტიის 29 წლის ლიდერი ჯორდან ბარდელა, რომელიც იმ შემთხვევაში იყრის კენჭს, თუ ლე პენს ამის უფლებამოსილი არ იქნება. ბარდელა, რომელსაც გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მოგების შანსი აქვს, თავისი იმიჯის წარმოჩენას სხვადასხვა ხერხით, მათ შორის, ტოპ-წამყვან კარინ ლე მარშანთან ხანგრძლივი სატელევიზიო ინტერვიუს მეშვეობითაც ცდილობს, რომელიც მარინ ლე პენის თანამებრძოლის რბილი მხარეების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

„ჩვენ უარვყოფთ ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპას, უარვყოფთ მაკრონის ევროპას… ჭეშმარიტი ევროპის აღორძინებას ჩვენ წარმოვადგენთ“, – განაცხადა ბარდელამ მიტინგზე. ლე პენთან დაკავშირებული სამართლებრივი გაურკვევლობის გარდა, დიდწილად გაურკვეველი რჩება საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტურებიც. მემარჯვენე-ცენტრისტი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური მოთამაშეა, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ორბანმა ლე პენის „ეროვნული გაერთიანებას“ (RN) არჩევნებში ტრიუმფი უსურვა. „თქვენ გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ბრიუსელის აღებას (…), ვერ შევძლებთ ბრიუსელის გილიოტინისგან უნგრეთის გადარჩენას“, -აღნიშნა ორბანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პირველ სამშობიაროში, ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი – ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და „ლევად“ იღებდა პაციენტებს საღამოს...

პირველ სამშობიარო კლინიკაში, ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ნინო მუჯირის ოჯახის წევრები მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.კერძოდ, როგორც ნინო მუჯირის ოჯახის წევრი აღნიშნავს, ექიმს, რომელმაც გარდაცვლილს “სამედიცინო მანიპულაცია გაუკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და „ლევად“ იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში”.მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებს აქვთ ახალგაზრდა ქალსა და ექიმს შორის მიმოწერაც, სადაც პაციენტი აღნიშნავდა, რომ მას ვირუსი და ცხელება ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, “ნარკოზით გაუკეთდა ოპერაცია”.გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, კომაში ჩავარდა და 6 თვის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.„აქ არ არის შეცდომა. აქ საუბარია სამედიცინო, განზრახ დანაშაულზე! ეს სამედიცინო მანიპულაცია, რომელსაც იკეთებს ქალების 90%, 15 წუთში სრულდება, ერთ საათში სახლში მიდის ადამიანი. ეს მანიპულაცია კი გააკეთა ექიმმა, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ლიცენზია, არ აქვს საერთოდ ნემსის გაკეთების უფლებაც, ის ამ კლინიკაში მუშაობს მენეჯერად. გადაიმალა, ორი დღეა არ არის კაბინეტში.ჩუმად და „ლევად“ იღებდა საღამოს საათებში პაციენტებს. ლიცენზიაც წართმეული აქვს დროებით, ასევე პირობითი აქვს. ეს ერთი დანაშაული. ჩვენ გვაქვს გარდაცვლილის ტელეფონი, სადაც ყველაფერი წერია.ჩვენ უშუალოდ ნინოს და ეკატერინე გაგუას შორის მიმოწერა გვაქვს, სადაც ის კონსულტაციას უტარებს. ნინო ეუბნება, რომ ცხელება ჰქონდა, ის კი დანიშნულებას აძლევს, ანტიბიოტიკს უნიშნავს.12 იანვარს, როდესაც მოვიდა ნინო კონსულტაციაზე, ექიმმა სასწორზე დადო 35 წლის გოგოს სიცოცხლე და ფული. ყველამ ვიცით, რომ ვირუსი როდესაც აქვს ადამიანს, ნარკოზის გაკეთება არ შეიძლება.ჩანაწერი გვაქვს, სადაც ნინო ამბობს, რომ ვირუსი ჰქონდა, ექიმს უთხრა, რომ ცხელება ჰქონდა და მაინც გაუკეთა . ნინო ასევე წერს: „ალბათ, ნარკოზმა რეაქცია მომცა და ცუდად ვარ, რეანიმაციაში უნდა გადამიყვანონ“, - აღნიშნავს გარდაცვლილის ოჯახის წევრი “ფორმულასთან” საუბარში.გარდა ამისა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ამტკიცებს, რომ ოპერაცია მას არ გაუკეთებია და ის სხვამ ჩაატარა.„ლურჯი თითები და ლაქები ჰქონდა, პულსი არ ჰქონდა, გაყინული იყო თვალები და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. სხეული გაშეშებული ჰქონდა, მიცვალებული იყო უკვე.6 თვე იწვა გოგო რეანიმაციაში. შედეგს ვერ მივაღწიეთ. პირიქით დაღუპეს, მოკლეს, დაჩეხეს. ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა დღემდე იძახის, ოპერაცია მე არ გამიკეთებიაო. ვის მოვთხოვო პასუხი? - კლინიკის დირექტორს? კი ბატონო, აქ ვზივარ კაბინეტში, მაგრამ გაიპარა და წავიდა იმის გამო, რომ ექიმს ვითხოვ, რომ პასუხი მოვთხოვო”, - თავის მხრივ, აღნიშნეს გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა „ტვ პირველთან“.

მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.მისი განაჩენით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი მარიამ მეყანწიშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ის სასამართლოს ეზოში იმყოფება.აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, მათგან 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და ვახტანგ ფიცხელაურს, მათ ბრალი აღიარეს და 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.რაც შეეხებათ, მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს, მათ ბრალი არ აღიარეს.მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განმარტება გააკეთა. მოსამართლის თქმით, ის მოწმეთა ჩვენებებს მისი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეაფასებს."ჩემს გადაწყვეტილებაში ყურადღება ვიდეოჩანაწერებზე იქნება გამახვილებული. აღბეჭდილ კადრებს უფრო ნეიტრალური და სანდო მტკიცებულების სახე აქვს"... - განაცხადა მჭედლიშვილმა.ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ტელეკომპანია „პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა

ტელეკომპანია „პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, ცხოვრების ახალ ეტაპზეა - ის პირველ შვილის დედა გახდა . სასიხარულო სიახლის შესახებ   ჟურნალისტი ანა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

ალექსანდრე ტაბატაძე გენერალურ პროკურორს: ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ეფექტურია, ძალიან ბევრი ნარკორეალიზატორია დაკავებული და ამაში დიდია თქვენი როლი

გენერალურ პროკურორს პარლამენტში უსმენენ. გიორგი გვარაკიძე ანგარიშს რამდენიმე წუთში პლენარულ სხდომაზე წარადგენს, მანამდე კი გენპროკურორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმყოფებოდა.ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უწყების მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფულის გათეთრებას, ორგანიზებულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს, ქალთა მიმართ ძალადობას, ტერორიზმსა და პირადი ცხოვრების ხელყოფას.პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე აცხადებს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს."ცხადია, რომ დღეს პროკურატურის საქმიანობა და მუშაობა არის ძალიან ეფექტური. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ორგანიზებულ დანაშაულთან: ისეთთან, როგორიც არის ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა. აწუხებს საზოგადოებას ეს სენი, რაც არის ქურდული სამყარო. ეს საქართველოში აღარ უნდა ვრცელდებოდეს.ასევე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაა ძალიან ეფექტური, ძალიან ბევრი ნარკორეალიზატორია დაკავებული და ამაში დიდია თქვენი როლი", - აცხადებს ტაბატაძე.

ლევან ბეჟაშვილი: „ალიანსში“ ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული საუბრებია, ღირს თუ არა ისეთ „ალიანსში“ ყოფნა, რომელიც პატივს არ სცემს პოლიტპატიმრებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14-წლიან ბრძოლას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საკითხი საბოლოო სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც პარტიაში რეფორმების საკითხი დასრულდება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში.„ვიმეორებ, „ალიანსში“ ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება. 14-წლიან ოპოზიციაში ყოფნის პირობებში „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენინე ეტაპად შემოვიდნენ ახალი სახეები. დღევანდელი ლიდერების უმრავლესობა, სწორედ ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული: ლაშა ფარულავა, ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია, მარიამ დოლიძე, ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე. ეს ის ადამიანებია, ვინც პარტიას ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდნენ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ახალგაზრდებმა პარტიულ საქმიანობაში უნდა დაიკავონ მნიშვნელოვანი პოზიციები. ყველაფერი საბოლოოდ ყრილობის შემდეგ გადაწყდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, მათი რაოდენობა განპირობებული იქნება იმ მოცემულობით, რომელიც წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს შეიქმნება.„ანი წითლიძემ ერთ-ერთ გადაცემაში არც უარყო და არც დაადასტურა მისი კანდიდატად მონაწილეობა , ბუნებრივია, კანდიდატების რაოდენობა განპირობებული იქნება იმ მოცემულობით, რომელიც წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს შეიქმნება. ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ იქნებიან დარეგისტრირებული, ალბათ, ამის გათვალისწინებით შეიძლება, 3, 4 და 5 კანდიდატურაც კი დარეგისტრირდეს. მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ არჩევნების თარიღი გამოცხადდება და საარჩევნო წესი დამტკიცდება, კანდიდატებს რეგისტრაციის საშუალება ექნებათ. მე პირადად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას მხარს დავუჭერ. პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნანუკას კანდიდატურას მხარს უჭერს, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბოლო სიახლეები