ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

ლე პენი და ორბანი საფრანგეთში გამართულ ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე ევროკავშირს აკრიტიკებენ

ლე პენი და ორბანი საფრანგეთში გამართულ ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე ევროკავშირს აკრიტიკებენ

საფრანგეთის მემარჯვენე რადიკალი ლიდერი, მარინ ლე პენი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ორშაბათს საფრანგეთში გამართულ მიტინგზე ევროკავშირის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოვიდნენ, რომელიც ევროპული პოლიტიკის ანტიმიგრაციული ფრთის ერთიანობისა და სიძლიერის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. შეკრებაზე, რომელიც ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ (RN) მიერ ევროპარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მოპოვებიდან ერთი წლის თავზე, პარიზის სამხრეთით, მორმანტ-სურ-ვერნისონში ჩატარდა, ულტრამემარჯვენე ძალების ლიდერებმა მთელი ევროპიდან მოიყარეს თავი. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და კონტინენტის მასშტაბით მიღწეული კარგი საარჩევნო შედეგების ფონზე, შეკრების ორგანიზატორთა განწყობა ოპტიმისტური და თავდაჯერებული იყო. ორბანმა, რომელმაც საკუთარი თავი „შავ ცხვარად“ და „ბრიუსელის კოშმარად“ მონათლა, მიგრაციის ევროპული პოლიტიკა „კონტინენტის კულტურული ბაზის ჩანაცვლების მიზნით მოსახლეობის ორგანიზებულ გაცვლას“ შეადარა.

იმის მტკიცების ფონზე, რომ ბრიუსელიდან სანქციების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, თავის ქვეყანაში „მიგრანტებს უკან დაახევინა“, ორბანმა რამდენიმე ათას შეკრებილ ადამიანს განუცხადა: „ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, გაანადგურონ ჩვენი ქალაქები, გააუპატიურონ ჩვენი გოგონები და ქალები, მოკლან მშვიდობიანი მოქალაქეები“.

„დავასრულოთ თამაში“

თავის მიმართვაში, მარინ ლე პენმა ევროკავშირი დაახასიათა, როგორც „პოლიტიკურად შეუსრულებელი დაპირებების სასაფლაო“ და ევროგაერიანებას „ვოუქი და ულტრალიბერალური“ უწოდა. „ჩვენ არ გვინდა მაგიდიდან ადგომა. ჩვენ გვინდა, თამაში დავასრულოთ და გავიმარჯვოთ, საფრანგეთსა და ევროპაში ძალაუფლება ავიღოთ და ის ხალხს დავუბრუნოთ“, – განაცხადა მან. მისი პარტია ადრე ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლას უჭერდა მხარს, მაგრამ ლე პენი დღეს ევროკავშირში დარჩენას და ევროპულ რეფორმებს ემხრობა, რითაც ის გარდაცვლილი მამის, ჟან-მარი ლე პენის პოლიტიკური მემკვიდრეობისგან გამიჯვნას ცდილობს და სურს, თავის პარტიას არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინოს. პარიზის მახლობლად გამართული მიტინგის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ იტალიის ვიცე-პრემიერი და პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი, ესპანეთის პარტია „ვოქსის“ლიდერი, სანტიაგო აბასკალი და ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში.

ისინი ევროპარლამენტში შედიან ჯგუფში, სახელწოდებით „პატრიოტები ევროპისთვის“, რომელიც მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური ძალების გაერთიანებას წარმოადგენს. თავის გამოსვლაში სალვინიმ მიგრაცია ევროპის „საფრთხედ“ შეაფასა. „ჩვენი შვილებისთვის საფრთხე არის არალეგალი მიგრანტების შემოსევა, ძირითადად ისლამისტების, რომლებიც ბრიუსელის ჩუმი თანხმობით არიან ორგანიზებულები და დაფინანსებულნი“, – განაცხადა მან ტრიბუნიდან და ევროპელ „პატრიოტებს“, „ევროპის ბედსა და მომავალზე კონტროლის დასაბრუნებლად“, ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. შეკრების ორგანიზატორების თქმით, მათი მიტინგის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ, ახლომდებარე ქალაქ მონტარჟიში მემარცხენე, ულტრამემარცხენე ძალების და პროფკავშირების დაახლოებით 4 000 წარმომადგენელი შეიკრიბა, რომლებიც „წინააღმდეგობის გაწევას“ აპირებდნენ და აცხადებდნენ, რომ მემარჯვენე რადიკალი ლიდერები „არასასურველი პერსონები“ არიან.

„თქვენ აქ ხედავთ რასისტული და ქსენოფობიური ევროპული მემარჯვენე რადიკალების ყველაზე უარეს წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ“, – აღნიშნა ფრანგმა მემარცხენე რადიკალმა ევროპარლამენტარმა, მანონ ობრიმ.

„ბრიუსელის გილიოტინა“

ულტრამემარჯვენეების შეკრება ჩატარდა იმ დროს, როდესაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ წელზე ნაკლები დროა დარჩენილი. მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამ არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის. მარინ ლე პენის RN ამაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსს ხედავს. თუმცა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენი მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ის ყალბი სამუშაო ადგილების შექმნის სკანდალში გაეხვა და ამ წლის დასაწყისში გამოტანილი მსჯავრი მას საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრის უფლებას არ აძლევს. მართალია, ლე პენმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სათადარიგო ვარიანტიც არსებობს – კულისებში იცდის მისი პროტეჟე და პარტიის 29 წლის ლიდერი ჯორდან ბარდელა, რომელიც იმ შემთხვევაში იყრის კენჭს, თუ ლე პენს ამის უფლებამოსილი არ იქნება. ბარდელა, რომელსაც გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მოგების შანსი აქვს, თავისი იმიჯის წარმოჩენას სხვადასხვა ხერხით, მათ შორის, ტოპ-წამყვან კარინ ლე მარშანთან ხანგრძლივი სატელევიზიო ინტერვიუს მეშვეობითაც ცდილობს, რომელიც მარინ ლე პენის თანამებრძოლის რბილი მხარეების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

„ჩვენ უარვყოფთ ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპას, უარვყოფთ მაკრონის ევროპას… ჭეშმარიტი ევროპის აღორძინებას ჩვენ წარმოვადგენთ“, – განაცხადა ბარდელამ მიტინგზე. ლე პენთან დაკავშირებული სამართლებრივი გაურკვევლობის გარდა, დიდწილად გაურკვეველი რჩება საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტურებიც. მემარჯვენე-ცენტრისტი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური მოთამაშეა, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ორბანმა ლე პენის „ეროვნული გაერთიანებას“ (RN) არჩევნებში ტრიუმფი უსურვა. „თქვენ გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ბრიუსელის აღებას (…), ვერ შევძლებთ ბრიუსელის გილიოტინისგან უნგრეთის გადარჩენას“, -აღნიშნა ორბანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე” – გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება."ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში. ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე – საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებსა და დაშავებულებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას

საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც პრემიერი აღნიშნავს, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს.„საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, რომლებიც ხანუქას აღსანიშნავად შეიკრიბნენ.ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას. ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო ღირებულებებს და მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ მათ, სადაც არ უნდა ხდებოდეს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები – ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის – მიხეილ ყაველაშვილი

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილის მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს კრიზისი და სხვადასხვა გამოწვევა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპა იპოვის საკუთარ თავში ძალებს, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.მან გლობალურად არსებული ვითარების ფონზე მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.„ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის და ა.შ.ეს ჩვენ რას გვაძლევს? - რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ეს იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები დამცველები. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ, კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმისთვის რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. გამარჯვებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში არ დავუშვათ რადიკალური, ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნების ჩარევები და ვიყოთ მომართულები იმისთვის, რომ უფრო სტაბილური გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა“, - განაცხდა პრეზიდენტმა.

როგორ გამოუტანა ძმის მკვლელს განაჩენი დამ, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ისტორია, რომელსაც ჟურნალი „თბილისელები“ მოგითხრობთ, გასული საუკუნის 70-90-იანი წლების მიჯნაზე მოხდა. მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია1979 წლის 13 თებერვალს, დილის 8 საათსა და 30 წუთზე 22 წლის მილიციის ზემდეგი ვახტანგ ჩხეიძე მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდა. ის პირველი მაისის (დიდუბის) რაიონის მილიციის განყოფილებაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებდა.ვახო ჩხეიძე სადგურის ქუჩაზე ცხოვრობდა და სამსახურიდან სახლში ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა. 24-ე სკოლას რომ გასცდა, ბაქოს ქუჩის მხრიდან ურთიერთსროლის ხმა შემოესმა და იქით გაემართა. ჩხეიძე უიარაღო იყო და მხოლოდ მილიციელის ფორმა ეცვა. უცებ ერთ-ერთი სახლის სახურავიდან შეიარაღებული მამაკაცი ჩამოხტა. მას პისტოლეტმომარჯვებული მილიციელები მისდევდნენ. მამაკაცი სკოლაში მიმავალ, ცხრა წლის ბავშვს დასწვდა, სხეულზე აიფარა და მილიციელების მიმართულებით ორჯერ გაისროლა, თან უღრიალა: ნუ მომდევთ, თორემ ბავშვს მოვკლავო. მილიციელები გაჩერდნენ. ატირებული ბავშვი კი მამაკაცს დაუსხლტა და სკოლისკენ გაიქცა. მამაკაცმა იარაღი მისკენ მიმართა. ათიოდე მეტრში ვახტანგ ჩხეიძე იდგა და ის ბავშვს დასწვდა და მას მთელი სხეულით აეფარა. მამაკაცმა რომ ფორმიანი მილიციელი დაინახა, მისი მიმართულებით გაისროლა და ის მკერდში დაჭრა. მდევარმა მილიციელებმა მამაკაცი დააკავეს.მძიმედ დაჭრილი ვახტანგ ჩხეიძე კი რკინიგზის საავადმყოფოში წაიყვანეს. დაპატიმრებული მამაკაცი, 36 წლის რეციდივისტი სამჯერ ნასამართლევი ბოგდან შენგელია იყო. მას მილიცია ეძებდა. ოპერჯგუფმა ის ბაქოს ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ალყაში მოიქცია და ამის მერე მოხდა ურთიერთსროლა თბილისის ცენტრში. ასეთი რამ, იმ წლებში უიშვიათესი შემთხვევა იყო.უმცროსი და22 წლის ვახტანგ ჩხეიძე სამი დღის შემდეგ, 1979 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ვახო თავის უმცროს დას, 18 წლის გვანცას ჩააკვდა ხელში, რომელსაც სამი დღე-ღამე თვალი არ მოუხუჭავს და უგონოდ მყოფი ძმის სასთუმალს წამითაც არ მოშორებია. გვანცა სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა, თან საავადმყოფოშიც მუშაობდა. ვახტანგი მხოლოდ სიკვდილის წინ მოვიდა გონზე. უმცროსი დის ხელი ჩაბღუჯა და მას დაუბარა:– ვკვდები, დაიკო, მაგრამ არ შეგეშინდეს. ცხოვრება გააგრძელე. მაგარი გოგო ხარ და შეძლებ. თემურს ძალიან უყვარხარ. ვიცი, შენც გიყვარს და ლამაზი ოჯახი შექმენით.25 წლის თემურ კობახიძე ჩხეიძეების უბნელი იყო. გვანცა ბავშვობიდან უყვარდა და ვახოს დის ხელი სთხოვა, რაზედაც ძმამ მიუგო: მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ გვანცაც თანახმააო. გვანცა თანახმა იყო. წყვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, შემოდგომაზე შეუღლებულიყვნენ, მაგრამ ვახოს დაღუპვამ ეს ამბავი შეაფერხა. გვანცამ ძმის სიკვდილი მძიმედ განიცადა, ძაძები სამი წელი არ გაუხდია. ამასობაში სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა და ექთნის დიპლომი აიღო. 1982 წელს კი თემურ კობახიძეზე იქორწინა და ქმრის გვარზე გადავიდა.ბოგდან შენგელიას კი სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ ვახტანგს მორიგეობა დასრულებული ჰქონდა და მოვალეობის შესრულების მომენტში არ იმყოფებოდა. გარდა ამისა, შენგელიებმა (სანათესაომ) პროკურატურა და სასამართლო მოქრთამეს. მილიციელის მკვლელი რეციდივისტი თბილისის „კრიტში“ (მკაცრი რეჟიმის საპყრობილე) იხდიდა სასჯელს და 1983 წელს მისჯილი თხუთმეტიდან უკვე მეოთხე წელს ასრულებდა.დიპლომის აღების შემდეგ გვანცა კვლავ რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა. 1983 წელს კი ის, როგორც გვანცა კობახიძე, თბილისის ციხის საავადმყოფოში („რეზბალნიცა“) გადავიდა სამუშაოდ. 22 წლის გოგონა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც კოლეგებში, ასევე პატიმრებში და აბა, ვინ წარმოიდგენდა თუ რა ედო მას გულში, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიიღო ქმრის გვარი, რომ საიმედოდ შენიღბულიყო.1983 წლის 16 თებერვალს გვანცა სამსახურში იმყოფებოდა. დილის 9 საათი სრულდებოდა, როდესაც „კრიტიდან“ „რეზბალნიცაზე“ სამი პატიმარი გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი ბოგდან შენგელია იყო. პალატებში განთავსებამდე მათ სამედიცინო დათვალიერება უნდა გაევლოთ, რომელსაც გვანცა ატარებდა. პირველი კაბინეტში შენგელია შევიდა. გვანცამ მას ტახტზე დაწოლა სთხოვა. შემდეგ მიუახლოვდა. მისკენ დაიხარა და ალესილი დანა ჩაასო, რომელიც სამედიცინო ჩანთაში ჰქონდა დამალული. შენგელია ჯერ კიდევ აზრზე იყო და გვანცამ მას სწრაფად მიახალა: მე გვანცა ჩხეიძე ვარ. შენ მიერ მოკლულ მილიციელის, ვახტანგ ჩხეიძის უმცროსი და. დღეს მისი დაღუპვის ოთხი წლისთავია და ჩაძაღლდი!შენგელიამ საშინლად დაიყმუვლა, შემდგომ კი სულიც დალია.P.S. გვანცა ჩხეიძე-კობახიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ის 1989 წელს გამოუშვეს. დღესაც ცოცხალია და თავის დიდ ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ნიუ დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.„იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

ბოლო სიახლეები