პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცრებული 61 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი ეწერება, კიდევ 10-მა კი შესაძლოა, კლინიკა უახლოეს მომავალში დატოვოს.
კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათში ახალი პაციენტები არ ჰყოლია.
მისივე თქმით, იმედი აქვს, ასე გაგრძელდება და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე კვირაში კორონავირუსთან ბრძოლას მოიგებს.
„დღეს კლინიკიდან ეწერება ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტის. იმედია, რომ ათივესთან მოვა განმეორებით უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომელთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – განაცხადა რატიანმა.