ლევან ჟორჟოლიანი: აფხაზეთში ჩატარებული და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. არჩევნები საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა

Read Time:1 Minute, 23 Second

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს საქართველოს დელეგაციის სახელით, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, მას შემდეგ რაც კოქსმა 42-ე პლენარულ სესიაზე კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა

„მადლობა გენერალურო მდივანო თქვენი განცხადებისთვის. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. დიდად ვაფასებთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა თავის რეზოლუციებში ადეკვატურად ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. რუსეთის ქმედებების მოდელი და სცენარები მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში ერთნაირია. 12 მარტს, მორიგი, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – აფხაზეთში. მომავალ თვეში, 10 აპრილს, ასეთივე უკანონო ქმედებაა დაგეგმილი ცხინვალის რეგიონში, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. აღნიშნული ე.წ. არჩევნები უკანონო და ბათილია და რუსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაციის უშედეგო მცდელობას წარმოადგენს,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მიმართვისას აღნიშნა, რომ ევროსაბჭომ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში ვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოქსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფოს.

„საერთაშორისო სამართლის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფოს და თქვენი ქვეყნის ამ ნაწილების ე.წ. დამოუკიდებლობა მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ის, რასაც ადგილი ჰქონდა, არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ისინი უნდა რეინტეგრირდნენ საქართველოს სახელმწიფოში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მე ვეწვიე საქართველოს და ვიყავი რუსეთშიც, როგორც საპრეზიდენტო კომიტეტის წევრი, ვიყავი ე.წ. სამხრეთ ოსეთში და მართლაც შევწუხდი იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მონიტორინგის მომხსენებლები მალე შეძლებენ თქვენს ქვეყანაში ვიზიტის განხორციელებას, ასევე, თუ მოახერხეს, ვიზიტს აფხაზეთში და შემოგვთავაზებენ გარკვეულ წინადადებებს“, -განაცხადა ტინი კოქსმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თაკო ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძეს: გონიერო, ვიცი, რასაც აკეთებ, მიხარია, რომ არ ვცდები შენში!
Next post ჰაერის დაბინძურების გამო, კიევის მოქალაქეებს ფანჯრების დახურვას სთხოვენ