იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, რომლებიც ადამიანების უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ამ ყველაფერში იყო ჩართული და ამას ამართლებდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
იოსელიანს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ნამდვილად არ მინდა, ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, რომელიც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. ძალიან ბევრია, ვინც ამას ამართლებდა, ვინც ამის მონაწილე იყო. არც ის ადამიანები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებები, ვინც ასეთ რამეში იქნება მხილებული. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, სარჩელს როცა ვნახავთ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, წინასწარ ასეთ რამეზე საუბარი მიჭირს. ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი რამ მომხდარა სხვა ქვეყნებშიც. საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა. გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც, თურქეთშიც, საქართველოშიც. ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე აკრძალა კომუნისტური პარტიის მონაწილეობა. სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, შემდეგ სტრასბურის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ეს ის საკითხი არ არის, რაც, საბოლოო ჯამში, გაურკვეველი დარჩება. თუ იქნება დასაბუთებული, სტრასბურგის სასამართლოც ან არ განიხილავს, არ მიიღებს წარმოებაში ან არ გაითვალისწინებს გამსაჩივრებლის პოზიციებს. ასე რომ, ვნახოთ, დაველოდოთ პროცესს. პერსონალურად ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, პერსონალურად არავინ მინდა ციხეში მოხვდეს, აიკრძალოს ან სხვა პრობლემები შეექმნას, მაგრამ ადამიანების უფლებებს ვინც ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

