„მოქალაქეების“ დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსამართლოდ დააბულინგეს“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ქვეყნის გარეთ სწორ ნაბიჯებს დგამს, ეთანხმება.
„გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ამ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძეს ვეთანხმები, რადგან მე ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და ვიცი, იქ რა ნაბიჯებს ვდგამთ ერთად, მმართველი პარტია და ოპოზიცია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ეთქვა. გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსამართლოდ დააბულინგეს ამ განცხადების გამო”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
უკრაინის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას იწონებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე , უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვასა და ჰააგის სასამართლოში ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ საქმის გამოძიების დაწყებაზე. ვაშაძე ამბობს, რომ ამ საკითხების მიმართ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა.