ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება „გირჩს“, პარტია „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის მოლაპარაკებები. შიდა კონსულტაციები ოპოზიციის ნაწილს შორის, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება. მათ, ვისაც სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი ჯერ არ უთქვამთ, გიორგი ვაშაძის პარტიასთან ის მთავარი საკითხები უნდა განიხილონ, რის სანაცვლოდაც, შესაძლოა პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადონ.
„ჩვენ გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება ამ არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განმარტა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.
14 იანვარს იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „ახალი არჩევნები მოვითხოვოთ მაშინ, თუ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს“.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის უკვე შედგა.

