შაბათი, ივლისი 5, 2025

ლევან დავითაშვილი: ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე ჩატარებული გვაქვს წინასწარი ტექნიკური კვლევები და ისინი გვაძლევენ საფუძველს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა თბილისში დღეს განახლებადი ენერგიების სფეროში ოთხი ქვეყნის – საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამართული მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გახსნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკუ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

„ჩავატარეთ მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა, ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა განვიხილეთ შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპი. ჩვენ შარშან დავიწყეთ მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები იტალიურ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად, გვაქვს შესწავლის პირველი შედეგები, რომლებიც გავუზიარეთ კოლეგებს და ვიმსჯელეთ პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე კოორდინაცია იმისთვის, რომ პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ხაზს გაუსვეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას, ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ფარგლებში. შესაბამისად, კომიტეტის მუშაობის პროცესში აქცენტი გაკეთდა როგორც პროექტის მიმდინარე სტატუსზე, ისე პროექტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტის მიზანშეწონილობა ფაქტობრივად დადასტურებულია, თუმცა დამატებითი კვლევები მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს და წლის ბოლოსთვის უკვე იქნება სრული სურათი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიიდან განახლებადი ენერგიების მიწოდების საშუალებებს გააჩენს ევროკავშირში.

2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა – პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო- ანა ნაცვლიშვილი

მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო- ანა ნაცვლიშვილი

ნინო ლომჯარია ოპოზიციას მიმართავს – დასხედით დახურულ კარს მიღმა და არ გამოხვიდეთ, ვიდრე არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე

დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად, არ გამოხვიდეთ, ვიდრე არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე, თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით ყველა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის გარეშე არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არა – უპასუხისმგებლობაა.„გახარიას და „ლელოს“ თუ ამდენი საერთო ჰქონდათ პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე, რატომ არ გაერთიანდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ხუთი და ოთხი ნომერი თუ ასეთი ერთიანია პოლიტიკური ბრძოლის ფორმაში, რატომ გაიყვნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ცხადი ხომ იყო, რომ მასშტაბური გაყალბება იქნებოდა, ევროინტეგრაციას გააჩერებდნენ, სამოქალაქო სექტორს დახურავდნენ და პოლიტიკოსებს ციხეში გაუშვებდნენ? რატომ არ მოუსმინეს ამომრჩევლის დაკვეთას? რატომ არ დადგნენ საკუთარ ეგოზე მაღლა? ახლაც, ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების სისტემური წამების, ციხეში გამომწყვდევის, სამსახურებიდან გამოყრის, ფინანსური რეპრესიების შემდეგაც რომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე, ამას რა ქვია? ვინ ხართ თქვენ?ახლა, რაც შეეხება „პრაგმატულობას“. თვითმმართველობის არჩევნებზე არ იქნება არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. თვითმმართველობის არჩევნებზე გამსვლელი პარტიების მიერ დოკუმენტირებულ დარღვევებზე და სასამართლოებში წაღებულ დავებზე მე არაფერი მსმენია. არც მათი პარტიების წევრების ნაბრძოლ და დაცულ ხმებზე მსმენია რამე საარჩევნო უბნებზე. არჩევნებზე გასვლა მარტო სიის შედგენა და ფბ რეკლამა არ არის. კი, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, კი, პოლიტიკოსები უკანონოდ სხედან ციხეში, მაგრამ ასე მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის, კომისიის წევრებ და დამკვირვებელ მოუმზადებელი არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არ არის, უპასუხისმგებლობაა, რეპრესირებულ მოქალაქეებზე ემოციური ძალადობაა, საკუთარი ქვეყნის და აქამდე არსებული საპროტესტო სტრატეგიის საბოტაჟია, ლანგარზე მირთმეული საჩუქარია „ოცნებისთვის“.ამიტომ, სანამ დროა, დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად და არა ტელევიზორებში, არ გამოხვიდეთ, სანამ არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე და მერე გამოაცხადეთ ერთიანი გადაწყვეტილება. თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით აქ ყველა. ხალხის დაკვეთაა ეს და ემსახურეთ ხალხს“, – წერს ნინო ლომჯარია.

დეა მეტრეველი – მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია, – ამის შესახებ დეა მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ არის მიზანშეწონილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.„ჩემთვის, როგორც პარტია „ლელოს“ დამფუძნებლისთვის, მისი პოლიტსაბჭოს წევრისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, უზომოდ მნიშვნელოვანი იყო და არის პარტიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ვყოფილიყავით დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილი. ეს წლები ჩვენი გუნდი სწორედ ამ გზის და ამ ღირებულებების ერთგულია, რადგანაც რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა.სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.ვფიქრობ, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები.შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. ამავდროულად, ვრჩები იმ საერთო ბრძოლაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს – საქართველოს გათავისუფლება და მისი ევროპული მომავალი. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ბრძოლა გამარჯვებამდე“, – წერს დეა მეტრეველი.

იაგო ხვიჩია – “ლელოს” გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, ვაფასებ “ლელოურად”.

"ლელოს" გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, ვაფასებ "ლელოურად", – ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე იბრძვის საპატიო მეორე ადგილისთვის და ეს ასე უნდა მომხდარიყო."მოგეხსენებათ, „ლელო“ და მისი დაფინანსებული „ტვ პირველი“ თავიდანვე იყო იმ ხალხის მაწყევართა რიგში, ვინც არჩევნებში ვაპირებდით მონაწილეობას. მე ახლა უბრალოდ ის მაინტერესებს, როგორ შეცვლიან ჭიკჭიკს „ტვ პირველის“ და „ლელოს“ მხრიდან მოსყიდული სხვა ჟურნალისტები იმის სასარგებლოდ, რომ თავიდანვე იყვნენ არჩევნებში შესვლის მომხრე. დანარჩენი, ყველაფერი თავისთავად, ცხადია. ბატონი ხაზარაძე იბრძვის საპატიო მეორე ადგილისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ბუნებრივია, ეს ასე უნდა მომხდარიყო და არა სხვაგვარად. მგონი, „ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნების მერე ნამდვილად იქნება გადაშენების პირას მყოფი პარტია, მათ არ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენლები არც საკრებულოებში, არც პარლამენტში და არც სადმე სხვაგან. არ ექნებათ დიდი წითელი ხუთიანი და შესაბამისად, ალბათ ბოლო პოლიტიკურ ნაბიჯს ერთმანეთის ლანძღვაში და ჩხუბში ხარჯავენ, რაც, ცხადია, ბუნებრივი იყო, რადგან ასე თუ გაგრძელდებოდა უიდეოდ 4,5,9,25-ის ყვირილი, ისინი ერთმანეთში საბოლოო ჯამში იჩხუბებდნენ. ამ ჩხუბს ვუყურებთ ახლა ჩვენ. „ლელოს“ გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, „ლელოურად“ ვაფასებ. „ლელოს“ ეს აზრი ვიდრე თავში მოუვიდოდა, ჩვენ დიდი ხნით ადრე ვამბობდით, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა ერთიანი კანდიდატით, „ქოცების“ დასამარცხებლად და არა ისე „ლელოურად“, როგორც ახლა ხდება – ჯერ აგინო ხალხს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მერე თვითონ მიიღო მონაწილეობა და ხალხს მოუწოდო, რომ სხვანაირად ქცევა არასწორია," - განაცხადა ხვიჩიამ.დღეს გახდა ცნობილი, რომ კოალიცია "ლელო – ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს – დეტალები

28 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით,  საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ შემცირდება ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.შესაბამისად, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირების გამო მოსალოდნელია, რომ მოცდის დროც გაიზრდება.საზაფხულო რეჟიმი როგორც წინა წლებში, დაახლოებით, 15 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

ბოლო სიახლეები