ენერგომატარებლების მაღალი ფასი იყო იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ფასი რეკორდულად მაღალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„უკრაინის ომი აისახება არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკებზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ენერგომატარებლები მაღალ ფასს ინარჩუნებს და ზუსტად ეს მაღალი ფასი იყო იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ფასი რეკორდულად მაღალი იყო. ალბათ, ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გარდა მსოფლიოში არ დარჩენილი ქვეყანა, სადაც საწვავზე ფასის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდა.
„საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. თუმცა აქ არ არის საწვავის ყველაზე მაღალი ფასი. უკვე იყო სხვადასხვა ექსპერტის მხრიდან განცხადებები, რომ საქართველოში საწვავის ფასი არის ზოგიერთ ქვეყანაზე, ძირითადად ნავთობმწარმოებელ ქვეყნებზე უფრო მაღალი, მაგრამ ასამდე ქვეყანაა, სადაც საქართველოზე მაღალი ფასი დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს დამაიმედებელი არ არის. ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებზე და ეკონომიკაზე ეს მძიმედ აისახება. იმიტომ, რომ ნავთობპროდუქტები ბევრი სხვადასხვა პროდუქტის ფასწარმოქმნაში მონაწილეობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.