ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026

ლაშა ნაცვლიშვილი: როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ოჯახის, მშობლების, შვილის, სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა და მასზე ზრუნვა ავადმყოფობაა, ეს არის მისი ფსიქიკის დიაგნოზი

როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ოჯახის სიყვარული, მშობლების სიყვარული, შვილის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა და მისთვის ზრუნვა, ავადმყოფობაა, ეს არის მისი ფსიქიკის დიაგნოზი, – ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, სააკაშვილისა და გვარამიას განცხადებებს აფასებს და არაადეკვატურს უწოდებს. ნიკა გვარამიას მცდელობა, ავადმყოფობად მონათლოს ოჯახისადმი დამოკიდებულებები, ნაცვლიშვილის თქმით, გვარამიას არასწორ ღირებულებებზე მეტყველებს.

მმართველი პარტიის კონსულტანტის ბიძინა ივანიშვილის 2015 წლის პროგნოზსაც იხსენებს და ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ ქმედებებზე დიაგნოზს სვამს. ლაშა ნაცვლიშვილი, აცხადებს, რომ „ენის მოჩლექის დრო არ არის და სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას“.

„ზოგადად, ეს პროცესი, ჩემი აზრით, არის სააკაშვილის და მისი გუნდის ლუსტრაციის პროცესის გაგრძელება. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება და ეს უკვე მეორედ ხდება, ეს ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვახსოვს, როდესაც სააკაშვილი პირველად იქნა რეინკარნირებული უკრაინაში, ეს იყო 2015 წელი, როდესაც პრეზიდენტ პოროშენკოს მმართველობის დროს იგი გახდა ოდესის გუბერნატორი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს კომენტარი, მან თქვა, რომ აქედან გაასწრესო და შეიძლება იქედან ვერ გამოასწრონო. ერთხელ აუხდათ ეს ამბავი, გვახსოვს ეს ეპოპეა და ჩემი აზრით ახლოს ვართ მეორე, იმ ამბავთან, რომ მეორედ აუხდებათ ივანიშვილის ეს წინასწარმეტყველება. ლუსტრაციას ვგულისხმობ, როდესაც ვლაპარაკობ, ლუსტრაციის პროცესს. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ლუსტრაცია დაიწყო სააკაშვილის აღიარებით, რომ მას აქვს უმძიმესი დანაშაული ჩადენილი და არაერთი დანაშაული საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. ამას მოჰყვა მისი ნომინირება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ამ აღიარების მიუხედავად, რითაც ნაციონალურმა მოძრაობამ პრაქტიკულად აღიარა, რომ ის არა პოლიტიკური პარტიაა, არამედ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის ლიდერი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კრიმინალური, ყველაზე დიდი კრიმინალი, არქიტექტორი ამ არამხოლოდ ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმის, არამედ პირდაპირ, დანაშაულებრივი რეჟიმის.
ლუსტრაციის გაგრძელება და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თვითლუსტრაციის იყო ნიკა გვარამიას აბსოლუტურად უმსგავსი განაცხადი დაკავშირებული ივანიშვილის ოჯახთან. ძალიან მნიშვნელოვანია – მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო ის, რომ სააკაშვილმა 8 წლის თავზე აღიარა, რომ უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი და დაამთავრა, წერტილი დაუსვა მითს მისი ე.წ. პოლიტიკური დევნილობის შესახებ, ამ აღიარებით. შესაძლოა, ამას პოლიტიკური კონტექსტი, პოლიტიკური ნიშნით უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა, მაგრამ ჩემთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის, რომელიც ამ პროცესს დიდი ხანია აკვირდება, ეს უფრო ღირებული იყო, ის, რაც გააკეთა მისდაუნებურად გვარამიამ.
მან ავადმყოფობად, ავადობად, გადახრად გამოაცხადა ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის არის ბუნებრივი – ეს არის ოჯახის სიყვარული, მშობლების სიყვარული, შვილის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა, მასზე ზრუნვა და როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ეს არის ავადმყოფობა, ეს არის მისი არაცნობიერი დიაგნოზი, მისი ფსიქიკის. ეს ხალხი თავად არის ავადმყოფი. მე მესმის, რომ თქვენც ხართ შეზღუდული გარკვეული პოლიტკორექტურობის ცენზურით, რომ სიძულვილის ენა არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური კომენტარების დროს და ზოგადად პოლიტიკისთვის ეს სიძულვილის ენა მიუღებელია, მაგრამ მე შარი არ მინდოდა. მე არათუ უფლება მაქვს ახლა ვუპასუხო იმავე რეგისტრში, არამედ ვალდებულიც ვარ იმიტომ, რომ ავადმყოფობაა, როდესაც სიყვარული ავადმყოფობა გგონია და ესენი არიან დაავადბული ფსიქიკის ადამიანები, სწორედ ეს გადახრილი ფსიქიკა. მე არ ვიცი რისგან არის წარმოშობილი, არც ფსიქიატრი ვარ, არც ფსიქოლოგი, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ბავშვობის ტრავმებისგან, გენეტიკურია, სოციალურია, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ გვაქვს პროდუქტი, ეს არის დაზიანებული ფსიქიკის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ადამიანის ყველაფერი სძულს.
ამ გადახრისგან, ამ ავადმყოფობისგან მომდინარეობს ყველა ის დანაშაული და ყველა ის არაადამიანური ლტოლვა ძალაუფლებისკენ, რაც მათ გამოარჩევდათ – ეს ავადმყოფობის შედეგია. ამ ყველაფრის მიზეზი არის ეს მათი ავადმყოფური ვნებები, ასე გამძვინვარებით რომ იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ესეც ამის ნიშანია, რომ ისევ უნდათ დაიბრუნონ სადავეები, რომ დაიკმაყოფილონ საკუთარი ავადმყოფური ვნებები და ისევ იძალადონ საზოგადოებაზე, იძალადონ ხალხზე.
საბედნიეროდ, უკანასკნელი კვლევები, ყველა სახის ადასტურებს, რომ ეს მხოლოდ მათი ილუზიაა და ამას ასრულება არ უწერია, მაგრამ ეს ხაზგასმით უნდა ითქვას. ჩვენ ენის მოჩლექას თავი უნდა დავანებოთ, რომ რაღაცა არაკორექტულია, რომ ვიღაცა კოლეგაა, რომ ეს არ შეიძლება. ეს არათუ არ შეიძლება, ეს არის საჭირო. ეს არის დაზიანებული ფსიქიკის, შეპყრობილი ადამიანების ჯგუფი, რომელთა ქცევის კოდექსი უსაქციელოა და ყველაფრის კადრებაა და ეს არაამქვეყნიური, არაადამიანური ლტოლვაა. თითქოს უჰაერო სივრცეშია არიან და ერთი სული აქვთ ამოვიდნენ ამ წყლისქვეშეთიდან და ჩაისუნთქონ ძალაუფლება, როგორც ჟანგბადი. სხვანაირად თანაარსებობა მათ თავის თვისტომთან არ შეუძლიათ. ამიტომ, ეს უნდა ითქვას და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ლუსტრაციის პროცესში”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების ფარგლებში გაჟღერდება, თუ რა არის საზოგადოების ნება, პარტნიორობა გვექნება ყველასთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს

პარტნიორული ურთიერთობები გვექნება ყველასთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრები აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება.„საქართველოს საზოგადოება გაზრდილია და კარგად აანალიზებს, რა არის დეზინფორმაცია და რა – სწორი ინფორმაცია. ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში შეიცვალა მიდგომები, იქნება ეს აღიარების პოლიტიკა თუ სხვა საკითხები. მაგალითად, კაია კალასს არ აღიარებს მარკო რუბიო – ერთი ევროკომისარია, საგარეო პოლიტიკას მართავს, მეორე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი; დონალდ ტრამპი არ აღიარებს ევროკავშირის პოლიტიკას; აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპაში ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლისას, პირდაპირ უთხრა ევროპას, რომ მათი პრობლემაა არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ ევრობიუროკრატია. მაგრამ ეს არ უშლის ხელს მათ სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თანამშრომლობას.ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ევრობიუროკრატიას ჰქონდეს ზეწოლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც არ დაემორჩილა და არ დაემონა მის მითითებებს. ჩვენ მათ არ ჩავაბარეთ ქვეყნის სუვერენიტეტი. ახლა გახსნილად საუბრობენ ამ საკითხზე (ოთხი წლის წინ ამაზე დუმდნენ) და არ მალავენ იმას, რომ ქვეყანა, რომელიც შევა ევროკავშირში, არ იქნება სრულუფლებიანი წევრი, მას არ ექნება ვეტოს უფლება. მეტიც, დღეს მათაც კი აშინებენ, ვისაც აქვს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება და უნგრეთი ამის კლასიკური მაგალითია.მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფება ამერიკაში და გაეროს 81-ე სესიის ფარგლებში 24 სექტემბერს მოხსენებითაც გამოვა. ქართული დელეგაციის წევრებმა დღეს არაერთი პირდაპირი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და ეს შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 4 წლის წინ, როდესაც გამოვეყავით „ქართულ ოცნებას“ და შევქმენით „ხალხის ძალა“, ვთქვით, რომ მოვა დრო და საქართველოს მიმართ ინტერესი გაჩნდება. ჩვენი ინტერესი არ არის მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე გამოსვლა, სხვადასხვა ფორუმებში მონაწილეობა და პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებთან, არამედ ჩვენი სურვილია, მათი ინტერესიც გახდეს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება. და, როგორც ჩანს, ახლა დგება ეს დრო.გაეროში პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, წარმატებული ვიზიტი ექნება. შალვა პაპუაშვილი საკუთარ სათქმელს იტყვის და მორიგ ჯერზე დამტკიცდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება.პარტნიორული ურთიერთობები გვექნება მასთან, ვინც აფასებს საქართველოს სუვერენიტეტს. თუმცა ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდით კვლავ გაგრძელდება – დაფინანსებით, იდეოლოგიურად და ა.შ. ამ ეტაპზე, რადიკალური ქმედებების მასშტაბები აღარ არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს მასშტაბები არ გაიზრდება.ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ევროკავშირიდან არის დაფინანსებული ღონისძიება, სადაც მიწვეულია მომღერალი, რომელმაც მილიონობით ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა. სად არის ევროპული ღირებულებები? ამას ხედავს საზოგადოება კარგად და ამიტომაც აღარ სჯერათ ევრობიუროკრატიის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თეთრმა სახლმა აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა. შეთანხმებას ხელი მოეწერა 22 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.როგორც ტექსტშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მნიშვნელოვან გაფართოებას.ამასთან, „ვაშინგტონს შეეძლება პიტუფიკის სამხედრო ბაზის მოდერნიზება და იქ არსებული საქმიანობის გაფართოება, ასევე – ნარსარსუაკსა და მესტერსვიგში დამატებითი თავდაცვითი ზონების შექმნა. თუმცა, ამ ნაბიჯების კონკრეტულ პირობებსა და ტექნიკურ დეტალებზე მხარეებს ცალკე შეთანხმება მოუწევთ. მხარეებს ასევე შეეძლებათ, შეთანხმდნენ გრენლანდიაში სხვა ამერიკული თავდაცვითი ობიექტების შექმნაზე. ამერიკელ სამხედროებს ექნებათ უფლება, თავისუფლად გადაადგილდნენ გრენლანდიის თავდაცვით ზონებს შორის ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით. ამერიკულ თვითმფრინავებს შეეძლებათ გრენლანდიის ტერიტორიაზე გადაფრენა და დაშვება, ხოლო აშშ-ის გემებს – გრენლანდიის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილება.შეერთებულ შტატებს ექნება უფლება, შეშფოთება გამოთქვას თავდაცვითი ზონის სიახლოვეს ნებისმიერი შენობის, ობიექტის ან ნაგებობის მშენებლობასთან ან მისი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით, თუკი ეს თავდაცვითი ზონის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ეს უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გრენლანდიის საზოგადოებისა და გრენლანდიური ცხოვრების წესის ინტერესები, მათ შორის ნადირობა, თევზაობა და სხვა ტრადიციული, კულტურული, ისტორიული თუ სამომავლო საქმიანობა. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ გრენლანდიაში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში.შეთანხმება ითვალისწინებს ნატო-ს როლის გაზრდას არქტიკაში, განსაკუთრებით სამხედრო დაგეგმვის, სამხედრო ყოფნის, წვრთნების ჩატარებისა და სადაზვერვო მონაცემების ერთობლივი მოპოვების მიმართულებით. დანია ასევე იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს არქტიკაში საკუთარი სამხედრო ყოფნისა და შესაძლებლობების გაძლიერება.გარდა ამისა, შეთანხმება ზღუდავს გრენლანდიაში მესამე ქვეყნების სამხედრო და ეკონომიკურ ყოფნას. ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს ეკრძალებათ გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო ობიექტების შექმნა ან მუდმივი სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნება, თუ ამის შესახებ შეთანხმების მონაწილეთა თანხმობა არ ექნებათ.ასევე შეზღუდვები შეეხებათ იმ სახელმწიფოებსა და ინვესტორებსაც, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრი, ნატო-ს პარტნიორი ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. მათ შეეზღუდებათ კონტროლის მოპოვება ან მნიშვნელოვანი გავლენის დამყარება სტრატეგიულ სექტორებში, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში. აღნიშნული შეთანხმება უვადოა.იმ შემთხვევაში, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობას მოიპოვებს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ნატო-ს შემადგენლობაში დარჩეს და გადაიბაროს ის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც ამ შეთანხმებით ამჟამად დანიას ეკისრება“, – აღნიშნულია ტექსტში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ

„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ქართული უნივერსიტეტები მომავალში, რა როლი უნდა შეასრულონ ქვეყნის განვითარებაში და როგორ უნდა უპასუხონ თანამედროვე მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხილვა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ახალი რეგულაციების შეფასებით. უნივერსიტეტი ცოცხალი აკადემიური ორგანიზმია, რომლის განვითარებაც დაკავშირებულია ადამიანებთან - პროფესორებთან, მკვლევრებთან, სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ პერსონალთან და, შესაბამისად, ნებისმიერი სისტემური ცვლილების მთავარი საზომი საბოლოოდ უნდა იყოს ის, თუ რამდენად ქმნის ის უკეთეს პირობებს ცოდნის გადაცემისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და მისი თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სპეციალური მოწვევით - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და ამავე ასოციაციის გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ შეხვედრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ უნივერსიტეტები ცვლილებების ხარისხიანად, თანმიმდევრულად განხორციელებას. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რეფორმის პროცესში ერთმანეთთან ორგანულად იყოს დაკავშირებული განათლება, მეცნიერება და ინოვაცია. თანამედროვე მსოფლიოში უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობას მხოლოდ სტუდენტთა რაოდენობა ან საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობა აღარ განსაზღვრავს. უნივერსიტეტის წარმატებას სულ უფრო მეტად განაპირობებს მისი კვლევითი პოტენციალი, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ჩართულობა, ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა და ცოდნის კომერციალიზაციისა და ინოვაციურ პროდუქტად გარდაქმნის შესაძლებლობა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, ვუმასპინძლოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს, მინისტრის მოადგილეს ბატონ ზვიად გაბისონიას და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტს ჟოზეფ მ. გარელსა და გენერალურ მდივანს ამანდა კროუფუტს. მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული აკადემიური პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. ვფიქრობ, უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე ცვლილებები დროული და მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს, ამ მიმართულებით აღებული აქვთ სწორი და თანმიმდევრული გეზი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა განვიხილოთ უმაღლესი განათლების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ხარისხი არ არის მხოლოდ აკრედიტაციის პროცედურის ან კონკრეტული ინდიკატორების შესრულება. ხარისხი არის უნივერსიტეტის ყოველდღიური კულტურა - სწავლების ხარისხი, კვლევის დონე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო თანამშრომლობა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალი ცოდნის შექმნისა და მისი ტრანსფერის შესაძლებლობა. ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობა დღევანდელ კონფერენციაში სწორედ ამ შესაძლებლობას უსვამს ხაზს. ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება, ინსტიტუციური თანამშრომლობა, აკადემიური და სტუდენტური მობილობა, ერთობლივი კვლევები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები ის მიმართულებებია, რომლებიც ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის შემდგომ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და აკადემიური საზოგადოება ერთობლივად ვიმუშავებთ, შევძლებთ ისეთი უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს ახალგაზრდებს მისცემს თანამედროვე ცოდნის მიღების, კვლევისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, ხოლო ქვეყანას - კარგად მომზადებულ ახალგაზრდა სპეციალისტსა და მკვლევარს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა იცვლება დღეს, არამედ იმაზეც, თუ როგორი გვინდა იყოს ქართული უნივერსიტეტი ხვალ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხედვა რეალობად იქცეს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რომელმაც ყურადღება უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპზე, მის ძირითად მიმართულებებსა და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომ განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას მიესალმნენ და საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტმა ჟოზეპ მ. გარელმა და გენერალურმა მდივანმა ამანდა კროუფუტმა. როგორც ჟოზეპ მ. გარელმა აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის გაძლიერებას. მისი თქმით, უნივერსიტეტების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევები მოითხოვს გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიური საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. EUA-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნივერსიტეტების ავტონომიას, ხარისხის უზრუნველყოფას, კვლევისა და სწავლების განვითარებას, ასევე ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ენიჭება. მისი თქმით, ასოციაცია მზად არის, საქართველოს უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების შემდგომი განვითარების პროცესში საკუთარი გამოცდილება და საერთაშორისო შესაძლებლობები გაუზიაროს. ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე, მის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ. მინისტრის მოადგილის გამოსვლის შემდეგ, უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპისა და მის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უპრეცედენტო ვადით, 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი.ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.კერძოდ, აღინიშნება, რომ საფრანგეთმა წარმატებას მიაღწია ევროკავშირის სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებაში, რაც აზერბაიჯანთან პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების ნაწილია. მეორე რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი მას შემდეგ ამოიღეს სასანქციო სიიდან, რაც სლოვაკეთმა დაბლოკა მის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება.უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების შედეგად მათი აქტივები აღარ იქნება გაყინული და სამოგზაურო აკრძალვა მოეხსნებათ.Euronews-ის თქმით, უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებით გამოწვეული უკმაყოფილების კომპენსირების მიზნით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ვადა უპრეცედენტო ვადით - 36 თვით - გაახანგრძლივა. აქამდე, ამ ზომების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა, რაც წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ შესაძლებლობას აძლევდა, დათმობები მოეთხოვათ.

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას იმაზე სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე ხალხს ჰგონია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.ტრამპის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მჭიდრო მუშაობა ორივე ქვეყნის ლიდერებთან კონფლიქტის სწრაფად გადასაჭრელად. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბრძოლის ველზე არსებულ კატასტროფულ დანაკარგებზე და აღნიშნა, რომ ყოველთვიურად ათასობით ჯარისკაცი იღუპება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც მას უზარმაზარ სატარიფო უფლებამოსილებებს ანიჭებს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოყენებასაც გეგმავს.„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ეს მოხდება, ვფიქრობ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია.ვაგრძელებთ რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფული ომის დასრულების გზების ძიებას, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ყოველთვიურად ათასობით და ათასობით ადამიანს კლავს. გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე კონგრესის მიერ მიღებულ ახალ ძლიერ კანონს, რომელიც უზარმაზარ ახალ სატარიფო უფლებამოსილებებს მანიჭებს და, თუ საჭირო გახდა, მომიწევს მათი გამოყენება. დროა, მკვლელობები შეწყდეს“,- განაცხადა ტრამპმა.გარდა ამისა, ტრამპმა ხაზი გაუსვა პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ გაწეული სამუშაოსა და ძალისხმევას, რომლის ფარგლებშიც მრავალი დევნილი უკრაინელი და რუსი ბავშვი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა.

ბოლო სიახლეები