საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრ მარკ რუტეს შეხვდა. ინფორმაცია მთავრობის მეთაურის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე. აღინიშნა ჰოლანდიელი ინვესტორებისა და ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.
შეხვედრისას, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.
მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია 16 თებერვალს გაიხსნა და ხვალ, 18 თებერვალს დასრულდება.