„არსებობს გამოწვევები, ყველაფერს ერთად ვერ მოვაგვარებდით, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც ქალაქში ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ, ერთდროულად ამდენი პროექტი არასდროს არ განხორციელებულა“, – განაცხადა „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნავთლუღში, არტურ ლაისტის მე-3, მე-4, მე-5 კორპუსების მცხოვრებლებთან შეხვედრისას.
კანდიდატმა, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, კახაბერ ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონსა და, ზოგადად, დედაქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„წლების განმავლობაში, ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორისაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. წლის ბოლომდე დედაქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ახალი სამარშუტო სისტემა მუშავდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მეტად კომფორტული გახდეს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ბევრი მწვანე სივრცე გაჩნდა. გახსოვთ, წლების განმავლობაში სად აშენებდნენ კორპუსებს. მაგალითად, ვაკის პარკის ტერიტორიაზე 9-სართულიან კორპუსი უნდა აშენებულიყო. ეს მიდგომა დაუშვებელია. 2017 წელს ჩემი დაპირება იყო, რომ არც ერთ რეკრეაციულ სივრცეს, სპორტულ მოედანს კორპუსებისთვის არ დავთმობდით. ამ დაპირებას ზედმიწევნით ვასრულებთ და ეს ასეც გაგრძელდება. დღეს ჩვენ კოლოსალურ თანხებს ვიხდით, რომ წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორიები გამოვისყიდოთ, მაგრამ ეს ქალაქისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვცდილობთ ქუჩებში მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შევცვალოთ, ზედაპირულად არაფერს ვაკეთებთ. ჩვენვე დავიწყეთ ძველი თბილისის განახლების პროექტი, თან ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ძველი იერსახე და გავუფრთხილდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, ყველაფერს ერთად ვერ მოვაგვარებდით, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც ქალაქში ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ, ერთდროულად ამდენი პროექტი არასდროს არ განხორციელებულა. 24-საათიანი შრომის შედეგი ეტყობა ქალაქს, თუმცა გპირდებით, მეტს გავაკეთებთ თბილისისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ.