უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს და მშვიდობას ვუსურვებთ უკრაინას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის მხრიდან საქართველოსთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების გააქტიურებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სომხეთში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ჰქონდა გარკვეულ საკითხებზე სასაუბრო.
„ჩვენ არანაირი პოზიცია არ შეგვიცვლია, რა პოზიციაც გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იმავე პოზიციაზე ვრჩებით. ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ გვაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა და არავის სიამოვნებს ის, რაც უკრაინაში ხდება. უმძიმესია ეს ყველაფერი, რადგან ომმა უკრაინელ ხალხს მოუტანა ძალიან დიდი უბედურება, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ეს ძალიან მძიმეა და მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას. მე არავის ვადანაშაულებ. ხალხი რატომ გვირჩევს პოლიტიკოსებს? იმისთვის, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ქვეყანას აარიდებს საფრთხეებს. უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც, პირველ რიგში, დაიცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს. მე ასე ვუყურებ და ასე წარმომიდგენია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მაქვს უკრაინასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საჭირო თუ გახდება იმ საკითხების გასაჯაროება, რაზეც პირველ პირებს შორის იყო საუბარი, ასეც მოხდება.
„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა. როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მას ჰქონდა რაღაც საკითხები და პრემიერ-მინისტრმა, რა თქმა უნდა, მოუსმინა, ეს დიპლომატიაა. თუ საჭირო იქნება საკითხების გაჟღერება ჩვენი მხრიდან ან მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ასეც იქნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

