კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება

Read Time:2 Minute, 2 Second

მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარმაცევტული და სამრეწველო მიზნებისათვის, კანაფის ინდუსტრიის დაწყებას ითვალისწინებს, ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

“კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონოპროექტსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა და განხილვისთვის პარლამენტში გადააგზავნა. “ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი ასახულია ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე გასატან ახალ საკანონმდებლო ინიციატიების ჩამონათვალში.

მთავრობის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, გადაზიდვა და ექსპორტი, ასევე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და ექსპორტი სალიცენზიო საქმიანობა ხდება.

პროექტი ითვალისწინებს სამედიცინო და სამრეწველო მიზნით, მცენარე კანაფის ექსპორტზე გატანისათვის სალიცენზიო რეჟიმის შექმნას, ამ საქმიანობაზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრას და უსაფრთხოების წესების დადგენას.

კანონპროექტით აკრძალულია სალიცენზიო საქმიანობით მიღებული პროდუქტის საქართველოში რეალიზაცია.

პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება. სწორედ სააგენტო უზრუნველყოფს მცენარე კანაფთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ლიცენზიის გაცემას და სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგ სალიცენზიო საქმიანობის სახეებს: – სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია; სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია; სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია; სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია; მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია; მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია; მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია; სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია; სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია; სამრეწველო და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტს ექნება მცენარე კანაფის სამედიცინო და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანისა და კულტივირების უფლება, ასევე მცენარე კანაფის და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციისა და შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება-ექსპორტის, ასევე, სამრეწველო და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის და ნერგის იმპორტის უფლება.

კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული ლიცენზიები გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე 5 წლამდე ვადით, ხოლო ლიცენზიის მოპოვება შეეძლება მხოლოდ იურიდიულ პირს, ხოლო ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა იქნება აკრძალული. ასევე აკრძალულია კანონპროექტით მცენარე კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე პირის ჩაბმა, ხოლო ლიცენზიაში უნდა მიეთითოს მეწარმე სუბიექტისათვის დათესვისთვის, მოყვანისთვის, კულტივირებისთვის, წარმოებისთვის მცენარე კანაფის ნებადართული ოდენობა, ქვეყნის შიდა კვოტის გათვალისწინებით.

პროექტი ადგენს უსაფრთხოების მოთხოვნებს. კერძოდ, მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია, შენახვა დასაშვებია მხოლოდ დახურულ-შემოსაზღვრულ შენობა-ნაგებობაში. კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, შენახვა, წარმოება ნებადართული იქნება მხოლოდ ისეთ ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაში, რომელიც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ რეგულაციებს უნდა შეესაბამებოდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეგიონებიტყიბულში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, არის მსხვერპლი
Next post ირაკლი კობახიძე – პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო, მომდევნო კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება