პარასკევი, ივნისი 19, 2026

ირანის ელჩი: „რეგიონული თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა გაჩნდა-ახალი შესაძლებლობებით კავკასიის ქვეყნები და საქართველოც ისარგებლებენ“

,,რეგიონული თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა

წლების განმავლობაში რეგიონს ეუბნებოდნენ, რომ ირანის მიმართ მუდმივი მტრობის გარეშე უსაფრთხოება შეუძლებელი იყო. მილიარდობით დოლარი დაიხარჯა, შეიქმნა ალიანსები, დაიწყო პროქსი ომები, ხოლო მედია დღე და ღამე საუბრობდა „ირანის საფრთხეზე“.
თუმცა დღეს, როდესაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მისი პირობები გახდა ცნობილი, ყველამ დაინახა, რომ ირანის განადგურება შეუძლებელია. ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის უფლებებიც მტკიცედ შენარჩუნებულია. ასევე ირანის განუყოფელი უფლებაა ჰყავდეს რეგიონული პარტნიორები და მოკავშირეები. ირანის სარაკეტო შესაძლებლობებიც რჩება ძალაში.
ამ ვითარებაში უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩნდება კითხვა:
მაშ, რა ბედი ეწევა იმ ყველა ნარატივს?
ისრაელი — რეჟიმი, რომელიც ერთ დროს ახლო აღმოსავლეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ღერძად ითვლებოდა, დღეს ტრამპის თვალში ნაკლებად მნიშვნელოვან და ამ სხეულზე ჩამოკიდებულ ორგანოდ გამოიყურება. რეჟიმი, რომელმაც თავისი რეგიონული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ირანის შიშზე ააგო, ახლა ახალი რეალობის წინაშე დგას. რეალობის, სადაც ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანზიტი და რეგიონული თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ომი და კრიზისი.
მსოფლიო და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი — დასავლეთ აზიისა და კავკასიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ფართო სივრცე — დაიღალა ისრაელის მიერ თავსმოხვეული ომებით. როგორც ღია სამხედრო დაპირისპირებებით, ისე საინფორმაციო ომებით, როდესაც ისრაელთან დაკავშირებული მედია ევროპასა და ამერიკაში რეგიონის ქვეყნებს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს. ამ ქვეყნების მთავრობებსა და ხალხებს კი დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, სურთ განვითარება, კეთილდღეობა და ერთმანეთთან თანამშრომლობა.
ირანმაც, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა და გაღებული ფასისა, აჩვენა, რომ შეუძლია ერთდროულად მტკიცედ დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამავე დროს დიალოგის კარიც ღია დატოვოს.
თუ ეს შეთანხმება მდგრად სტაბილურობას მოიტანს, მთავარი დამარცხებულები იქნებიან ისინი, ვინც მუდმივი კრიზისით სარგებლობდნენ, ხოლო ნამდვილი გამარჯვებულები რეგიონის სახელმწიფოები და ხალხები გახდებიან.
ალბათ სწორედ ამიტომ დღეს რეგიონში ბევრი ადამიანი მრავლისმთქმელი ღიმილით ამბობს:
„ეს არის რეგიონული თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა.“
დადგა დრო, რომ რეგიონის ქვეყნებმა — სპარსეთის ყურიდან კავკასიამდე, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე — დამღლელი კონკურენციისა და დაძაბულობების ნაცვლად ყურადღება ეკონომიკურ, სატრანზიტო, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე გაამახვილონ.
ბოლო წლების გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ აღწევს მდგრად განვითარებას ომისა და არასტაბილურობის გზით. ამ რეგიონის მომავალი არა განხეთქილებების გაღრმავებაში, არამედ ხალხთა დაახლოებაში, ვაჭრობის განვითარებაში, ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობის ახალი ხიდების აშენებაშია.
თუ ბოლო შეთანხმება ასეთი გზის საფუძველი გახდება, მისი სარგებელი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ერგება. სტაბილურობით, კეთილდღეობითა და ახალი შესაძლებლობებით ისარგებლებს მთელი რეგიონი, მათ შორის კავკასიის ქვეყნები და საქართველოც.
ირანი ასევე მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ისეთი მომავლის შექმნაში, რომელიც თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო განვითარებას ეფუძნება”-ამის შესახები ირანის ელჩი ალი მოჯანის სოციალურ ქსელში წერს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა.ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობისთვის უკვე მოხსნილია.სარდლობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო გემები რეგიონში რჩებიან, რათა აშშ-ირანის შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა უზრუნველყონ.„დღეს აშშ-ის ძალებმა, პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, მოხსნეს ირანის პორტებსა და სანაპირო ზოლში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობის ბლოკადა. ამერიკული ძალები არ უშლიან ხელს გემების ტრანზიტს ირანის პორტებისკენ ან პორტებიდან. აშშ-ის სამხედრო ბლოკადის ძალაში ყოფნის ყველა მცდელობა შეწყდა. ჩვენი შესანიშნავი საზღვაო ხომალდები დარჩებიან საერთო არეალში, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა, შესრულება და სრული ძალითა და ეფექტურობით მოქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კახა კალაძემ „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა – ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს

„სტუდენტური ფესტივალი 2026“ საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს  მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.ღონისძიებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა.„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ახალი იდეებით, ცოდნითა და შრომით გვერდით უნდა დაუდგეთ ჩვენს სამშობლოს, რადგან თითოეული ახალგაზრდის როლი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტუდენტური ფესტივალი არის სივრცე, სადაც ერთიანდება უამრავი ახალგაზრდის  ნიჭი, უნარები და შემოქმედება. შესაბამისად, მჯერა, რომ გამოცდილება, რომელიც ფესტივალის ფარგლებში მიიღეთ, დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში, ხოლო ურთიერთობები, რაც აქ შეიძინეთ, შეგმატებთ თანამოაზრეებს ბევრი სასიკეთო იდეის განსახორციელებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, „სტუდფესტი 2026“, რომელშიც საქართველოში  მოქმედი 42 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 20 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა, მასშტაბური აღმოჩნდა.„ფესტივალის ფარგლებში გამართულ ჩემპიონატებში მონაწილე თითოეული გუნდი არის გამარჯვებული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს. მართალია, ფესტივალი დასრულდა, მაგრამ არ გემშვიდობებით. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც. თბილისის მუნიციპალიტეტს არაერთი ახალგაზრდული პროგრამა გააჩნია კულტურის, სპორტის, განათლების, სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ, რათა თქვენი შესაძლებლობები აქციოთ რეალობად. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ როგორც ჩვენი ქალაქისთვის, ისე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ფესტივალში მონაწილეობისთვის, ასევე ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელს ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.„სტუდენტური ფესტივალი 2026“ პირველ მაისს რუსთავში გაიხსნა და 14 ივნისს თბილისში მოხალისეობრივი გარბენით დაიხურა. ჩატარდა 45 საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ტურნირი თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.პროექტის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე სპორტსმენები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ესწრებოდნენ.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება მიიღო

ირანის სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება მიიღო.ირანის სულიერმა ლიდერმა შესაბამისი განცხადება ამჯერადაც წერილობითო ფორმით გააკეთა და ის ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.წერილის მიხედვით, ხამენეი თავდაპირველად არ ეთანხმებოდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, მაგრამ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის გარანტიების შემდეგ მას განხორციელების უფლება მისცა.ამასთან, სულიერი ლიდერი აღნიშნავს, რომ შეთანხმების მისაღწევად „სასოწარკვეთილმა დონალდ ტრამპმა ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა“.„როგორც მოგეხსენებათ, ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამ ეტაპის მიღწევის გზაზე ირანის ხელისუფლებამ თანაგრძნობითა და კეთილი ნებით ბევრი ძალისხმევა გასწია და, რა თქმა უნდა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ის, ვინც სასოწარკვეთილების გამო ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა ამ მიზნით. პრინციპში, მე განსხვავებული პოზიცია მქონდა, მაგრამ იმ ვალდებულების გამო, რომელიც პატივცემულმა პრეზიდენტმა, როგორც უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, საკუთარი და სხვა წევრების სახელით მომცა ირანელი ერისა და წინააღმდეგობის ფრონტის უფლებების დასაცავად და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას აიღებდა, მე მას ნებართვა მივეცი“,- ნათქვამია განცხადებაში.წერილში სულიერი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ თეირანი ვაშინგტონის მხრიდან პირობების შესრულებას ელოდება და თუ მომავალში აშშ-სა და ირანის ლიდერები პირისპირ მოლაპარაკებები გაიმართება, ეს არ ნიშნავს, რომ „თეირანი მტრის თვალსაზრისს იზიარებს“.

გერმანული მედიის ცნობით, ევროპული სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა

ევროპული სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ევროპის სადაზვერვო წრეებზე დაყრდნობით ავრცელებს.ექსპერტების შეფასებით, „ეკონომიკური შოკი, მაგალითად, სანქციების მასშტაბური პაკეტი ბანკების წინააღმდეგ ან ნავთობის ფასების მდგრადი დაცემა“, შეიძლება, უკანასკნელ წვეთად იქცეს და შეასრულოს სასხლეტის როლი.სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით, ყველაზე მოწყვლადი რუსეთის საბანკო სექტორია. ბანკების ბალანსი „ხელოვნურადაა გაბერილი“. მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ინვესტორების მოსაზიდად ბანკებმა შეამცირეს დაშვებული რისკების ზღვარი.ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთში სახელმწიფოს მიერ გაცემულმა სუბსიდირებულმა იპოთეკურმა სესხებმა გამოიწვია უძრავი ქონების გაძვირება, რაც დეფოლტის ტალღის საფრთხეს აჩენს. ამას ემატება ე.წ. ფარული ვალები – შეღავათიანი კრედიტები, რომლებსაც ბანკების გასცემდნენ კრემლის ზეწოლით და ამ სესხებს იღებდნენ სამხედრო საწარმოები, რომელთაც უზარმაზარი ფინანსური მოთხოვნილებები აქვთ.ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი ამ დრომდე ინარჩუნებს „მოჩვენებით დინამიკურ ეკონომიკას“, თუმცა ეს უკვე აღარ შეესაბამება რეალობას. მთავრობამ კი თავადაც აღიარა, რომ ეკონომიკა, უკვე ორი წელია, სტაგნაციაშია. წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0,4%-მდეა შემცირებული.გერმანული მედია აღნიშნავს, რომ „ევროპული სადაზვერვო სამსახურების ანგარიში არ გამოდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით, მაგრამ ის პოლიტიკოსებს აძლევს არგუმენტებს, რატომ არის ახლა სახარბიელო დრო მოქმედებისთვის“.

ირაკლი კობახიძემ „სტუდფესტი 2026“-ის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, კახა კალაძესა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ერთად, „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს სტუდფესტის წარმატებით ჩატარება მიულოცა.„20 ათასზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული წლევანდელ ღონისძიებებში. სტუდფესტმა წელს ღონისძიებების გამორჩეულად ფართო სპექტრი მოიცვა. მარტო გარბენში ჩართული იყო 2000-ზე მეტი ადამიანი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოტივაციასა და ენთუზიაზმზე მეტყველებს, რისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ გამარჯვებულებს! ჩვენი ვალია, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. შეგვიძლია, დავდოთ პირობა, რომ სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და კიდევ უფრო გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დედაქალაქის მერს და მერიას, რუსთავის მერს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.ახალგაზრდებს „სტუდფესტი 2026-ის“ წარმატებით ჩატარება მიულოცეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ. მინისტრმა სტუდფესტის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. „სტუდფესტი 2026-ის“ გამარჯვებულის ჯილდო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა.ფესტივალის დახურვის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდფესტის მონაწილეები დაესწრნენ.

ბოლო სიახლეები