ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობას ვუხდი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიებს. პანდემიის მიუხედავად, ისინი 2 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.