ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„ძალიან დამამწუხრა ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ჩვენი ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 44 ადამიანია გარდაცვლილი.
შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევას მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა.