კარგი იქნებოდა, ეუთო-ს ოდნავი პოლიტიკური და პრინციპული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნა დაეცვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის თანახმადაც, ჯო უილსონმა, როგორც ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
„რეზოლუციის ავტორი და ინიციატორი კარგად ცნობილი ჯო უილსონია. ამ ადამიანის მიზანია, ვიდრე ცოცხალია, საქართველოს წინააღმდეგ მაქსიმალური ნეგატივი გააჩინოს და ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს. ამ შემთხვევაში, როგორც ამერიკის კონგრესის წარმომადგენელი, ის აშშ-ის გარკვეულ ავტორიტეტს იყენებს.
ეუთო-ს რეზოლუციას რაც შეეხება, გნებავთ, „გლობალური ომის პარტიის“, გნებავთ, როგორც ისინი ამბობენ, „საქართველოში რეჟიმის ცვლილების“ მოსურნეთა პარტიის ერთი რეზოლუციაა, სადაც, ლგბტ-დან დაწყებული და გამჭვირვალობით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერი მიუღებელია. რა თქმა უნდა, მათ ქვეყნებში გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით იღებენ კანონებს, მიღებულ კანონებს კიდევ უფრო ამკაცრებენ, მაგრამ საქართველოში ეს დაუშვებელია. რატომ? – მათი გაგებით, საქართველოში ყველაფერი უნდა გასდიოდეთ და საქართველოთი მანიპულირება ადვილად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი ტიპის რეზოლუციებს სერიოზულად ვერ მივიღებთ. კარგი იქნებოდა, ეუთო-ს ოდნავი პოლიტიკური და პრინციპული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მათ მიერვე გაკეთებული დასკვნა დაეცვა. ბოლომდე დაცვასაც არ ვამბობ, ცოტა ხმამაღლა ამოეღოთ ხმა. რა თქმა უნდა, ამის პოლიტიკური ნება მათ არ ეყოთ, რადგან იქ დომინირებდნენ სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის მომხრეები არიან. ამიტომ მანიპულირება ხდება და ამით საქართველოზე ზეწოლა ხორციელდება. ეს არის დღევანდელი იდეოლოგიური მეინსტრიმი, რომელიც ევროპაში ჯერ კიდევ დომინანტია, მაგრამ ნელ-ნელა ამ დომინანტ იდეოლოგიასაც საფუძველი ეცლება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

