ევროკავშირის ელჩი როცა პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჰერჩინსკის განცხადება თავისი შინაარსით უმძიმესია.
„ბატონი ჰერჩინსკი ასევე ემუქრებოდა ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ის მოუწოდებდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. რეალურად, ამას ნიშნავდა ბატონი ჰერჩინსკის მაშინდელი მოწოდება. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სწორედ ბნელ წარსულში დაბრუნებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამაში დაბრუნება არ უნდა ქართველ ხალხს. სწორედ ამის გამო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქართველმა ხალხმა საერთოდ არ იღო ყურად ჰერჩინსკის მოწოდება. მან მხედველობაში მიიღო საკუთარი ინტერესები და არა ევროკავშირის ელჩის მოწოდება, დაებრუნებინა ქვეყანა ხალხს საკუთარი ხელით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბნელ წარსულში. არ იყო ახალი არაფერი, რასაც მიჩვეული ვართ ევროკავშირის ელჩისგან, იგივე განცხადება გააკეთა რეალურად. არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება და სწორედ ამის გამო, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი, მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრმა მისგან განმარტებები. ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იყო ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა, რომ დიპლომატიური უწყება რეაგირების გზებს გამოიყენებდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ავლაბრის რეზიდენციაში 27 აპრილს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.
საქართველოს საგარეო უწყებაში შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

