ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა ზედმიწევნით შესრულდა

Read Time:2 Minute, 11 Second

მოლაპარაკებების ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ასეთ შემთხვევაში, აზრი არ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა.

„აღნიშნული ზეპირი შეთანხმება ზედმიწევნით აისახა კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ პოლიტიკური შეთანხმების პირველად პროექტში შემდეგი ტექსტით:

„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ:

– პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;

– უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა“.

აღნიშნული ტექსტის შესაბამისად მოქმედება „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო და საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით 24 მარტს წარუდგინა.

31 მარტს, როდესაც კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა და პოლიტიკური შეთანხმების პირვანდელი პროექტი გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განახორციელებდა.

სწორედ ამ დაპირებისა და კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი აპრილში სამი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას. კერძოდ:

– დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა – საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია სრული ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ შედგენილი შეფასებების, დაწერილი ქულებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;

– შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი – ახალი კანონი ადგენს იმის გარანტიას, რომ პარლამენტს არ წარედგინება არცერთი ისეთი კანდიდატი, რომელსაც წარუდგენელ კანდიდატზე ნაკლები ქულა აქვს მიღებული;

– შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების არათუ ორმაგი, ოთხმაგი გასაჩივრების წესი – ორ-ორჯერ გასაჩივრებას ექვემდებარება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები კანდიდატების კენჭისყრის ეტაპზე გადაყვანისა და პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რომელსაც არცერთ ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური – ჩვენ ვცვლით თამაშის წესებს
Next post კახა კალაძე: მე როგორც ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები დავნერგეთ