სამშაბათი, ივნისი 2, 2026

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის” ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და იგი სრულად იზიარებს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას ნაციონალური მოძრაობის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. „კონსტიტუციით არის დადგენილი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად ,,ნაცმოძრაობის” აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმა უზარმაზარი საქმე შეკრა, სადაც გაერთიანებულია ყველა დანაშაული, რომელიც წინა ხელისუფლებას აქვს ჩადენილი. დამკვიდრებული იყო სისტემური პრაქტიკა, როგორც ადამიანის ღირსების შელახვის, წამების, ბიზნესის რეკეტი და უამრავი სხვა დანაშაული და არსებობს დანაშაულებები ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ჩაბარება, რასაც მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ. ახლა საუბარი მიდის დავით გარეჯის საზღვრის მონაკვეთზე, აქ შეიძლება უფრო მეტი სენსიტიურობაა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას ეხება საქმე, მაგრამ რა გააკეთეს 2005-2006 წლებში? მათ შემოხაზეს გაუქმებული საზღვრები იმ ოლქისა, რომელიც გააუქმა ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლებამ. ეს იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საზღვრები, რითაც დამატებით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და ხელი შეუწყო, რომ მათ განეხორციელებინათ ამ რეგიონის ოკუპაცია და დღემდე ეხმარება „ბორდერიზაციის“ პროცესის წარმართვაში. ეს ხომ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ცხადი დანაშაული! ეს დანაშაულებები შეიძლებოდა შეკრულიყო და შეიძლებოდა გამხდარიყო ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი. როდესაც ყველაფრისგან განყენებულად განვიხილავთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმი შეფასებულიყო და ასეთ შეფასებას მოყოლოდა შესაბამისი პოლიტიკური რეაგირებაც, რაც მოხდა, მაგალითად ნიურნბერგის პროცესზე. თავისი შინაარსით, შეიძლება მასშტაბებით ის გასაქანი არ ჰქონდათ, რაც ჰქონდა ფაშისტურ ხელისუფლებას, მაგრამ შინაარსით ნაციონალური მოძრაობა იყო ზუსტად იგივე ფაშისტური პოლიტიკური ძალა. 2012 წელს ეს რომ მომხდარიყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იქ იყო სხვადასხვა ფაქტორი და შეგნებულად არ შევალ სიღრმეებში. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას – დღეს რომ ვისაუბროთ ამ პარტიის აკრძალვაზე, ზოგადი მიდგომა შემიძლია გითხრათ თუ რა არის ევროპის ქვეყნებში. მიღებული პრაქტიკა არ არის თუნდაც უკიდურესად ექსტრემისტული პარტიების აკრძალვა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პარტიები, ,,ნაცმოძრაობის” მსგავსი პარტიები, როგორიცაა მაგალითად ნეონაცისტური პარტია გერმანიაში, ავსტრიაში თუ იტალიაში, ასეთი პარტიები იატაკქვეშეთში უფრო საშიშები არიან. როდესაც ისინი არიან ღია ცის ქვეშ, უფრო განეიტრალებულია დანაშაულებრივი ზრახვები. ჩვენ, მე და ირაკლი ღარიბაშვილს, გვაქვს ერთი დამოკიდებულება და მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ,,ნაცმოძრაობის” ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ამას ჩვენ ვამბობთ არა საკუთარი სუბიქტური გადმოსახედიდან, არამედ ქვეყნის ინტერესების გადმოსახედიდან. ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ,,ნაცმოძრაობა” არ იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ სპექტრში და როცა ვსაუბრობთ ,,ნაცმოძრაობაზე”, იქ იგულისხმება ყველა მისი განშტოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ბეჟაშვილი – ახლა მანდატებს ვერავინ აღადგენს, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დაიწყოს

ოპოზიციის ნაწილში აშშ-ის დელეგაციის განცხადება გულისხმობს, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ინსტიტუციონალიზაციის რესურსი, რათა უკეთესად წარმოადგინოს ოპოზიციური სპექტრის, ოპოზიციური ელექტორატის ინტერესები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას არჩევნები და დემოკრატიის დაბრუნება.„ამაში იგულისხმება ერთიანი პოზიციის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, როგორ ვუყურებთ დემოკრატიის განვითარებას და მათ შორის დემოკრატიის დაბრუნებას პირდაპირი ახალი არჩევნების გზით. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ არჩევნები ამ ქვეყანაში, როგორ წარმოგვიდგენია დემოკრატიის დაბრუნება. ბუნებრივია, ეს პოზიციები ჩვენთვის, არა მარტო ალიანსის წევრებისთვის, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა იყოს.  ამ მიმართულებით ყველამ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუციებთან თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ველი ერთიანი პოზიციით იყოს წარმოდგენილი, იქ არჩევნებში შევალ, არ შევალ და სხვადასხვა პირობების დაყენება კი არა, მნიშვნელოვანია, ერთიანი პოზიცია გვქონდეს, ეს ბევრად უფრო გააადვილებს პოზიციების დაახლოებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ამ შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღიაროს, რომ ქვეყანაში არის მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია არჩევნების გაყალბებით. ფაქტობრივი მდგომარეობა დღეს რაც არის, აქედან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.ბეჟაშვილის განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დაიწყოს.„ბუნებრივია, ახლა მანდატების აღდგენას ვერავინ ვერ მოახდენს და ვერც ცვლილებების განხორციელებას, მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, ეს აბსურდია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დაიწყოს, ამისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს საერთო ხედვა, როგორ უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში დემოკრატია, მათ შორის პირდაპირი არჩევნები როგორ ჩატარდეს და მეორე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ გაიაზროს ამ განცხადებაში მოყვანილი პოსტულატები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, გააუქმოს ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი განხილული არ ყოფილა, ვინაიდან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამას უკვე არანაირი შემხებლობა არ ექნება, წარსულში რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ამის განხილვას ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავიწყებდით, ის მოცემულობა უნდა მივიღოთ, რომელიც ახლა გვაქვს, როგორ გადავწყვიტოთ არსებული პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რამაც  ივანიშვილის რუსული რეჟიმი დარტყმის ქვეშ დააყენა და ფაქტობრივად განაპირობა, რომ დღეს ისინი არალეგიტიმურები არიან, არის ის შედეგი, რომელიც მოიტანა ოპოზიციური პარტიების ერთიანობამ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი შეწყდა, როდესაც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე გვთხოვეს. ოთხი წლის თავზე მივიღეთ კიდევ უფრო გაყალბებული არჩევნები, კიდევ უფრო თავხედური მიდგომა, კიდევ უფრო ზეწოლის შედეგად ჩატარებული არჩევნები, ამიტომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი უფლება აღარ ჰქონდა ოპოზიციას, მათ შორის 2020 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად 2 ივნისიდან ამოქმედდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება.სამინისტროს ცნობით, ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.„ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას.მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის, რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის ანგარიში – 2025 წელს საჯარო სექტორში 1421 სტაჟიორი შეირჩა, საიდანაც 2026 წელს სტაჟირების ხელშეკრულება 492 სტაჟიორს გაუგრძელდა, სისტემაში კი 199 პირი დასაქმდა

2025 წელს საჯარო სექტორში 1421 სტაჟიორი შეირჩა, საიდანაც 2026 წელს სტაჟირების ხელშეკრულება 492 სტაჟიორს გაუგრძელდა, სისტემაში კი 199 პირი დასაქმდა. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო სექტორის მასშტაბით სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.მათივე ინფორმაციით, ჯამურად, გამოქვეყნდა 338 დაწესებულების 1688 ვაკანსია 3179 პოზიციაზე როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებში.

პრემიერის ანგარიში – გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა

გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს, საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელმაც 7.5% შეადგინა. “2025 წელს, მშპ-მ 104.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 28,235 ლარს – 10,297 დოლარს გაუტოლდა.მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2026 წელს და იანვრის თვეში – 7.9%, თებერვლის თვეში – 8.8%, ხოლო მარტის თვეში 10.7% რეალური ზრდა დაფიქსირდა. შედეგად, 2026 წლის პირველი კვარტალის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ს გაუტოლდა. 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა და სხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. მაღალია შიდა მოთხოვნა და ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მოხმარებამ შეიტანა, რომელიც წლიურად 10.3%-ით გაიზარდა, ძლიერი საკრედიტო აქტივობისა და ხელფასების ზრდის ფონზე. მოხმარებასთან ერთად, მზარდი ტენდენციით ხასიათდება მომსახურების ექსპორტი, რაც კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და სატრანსპორტო მომსახურების ზრდას უკავშირდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.ანგარიში საუბარია სავალუტო ფონდის პროგნოზზე და ნათქვამია, რომ მათი ცნობით, 2026 – 2031 წლებში, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოდ – 5.1%-ის ოდენობით.„2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა; 2026 წელს ინფლაცია იანვარში 4.8% დაფიქსირდა, ხოლო აპრილში 5.9%-ამდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ის 2026 წლის შუა პერიოდში, ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს. ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური და კარგად მართვადი, რასაც ხელს უწყობს შესაბამისი მონეტარული პოლიტიკა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები. 2025 წელს, როგორც უმუშევრობის დონე, ისე დასაქმების დონე სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა და შესაბამისად, 13.9% და 46.9% შეადგინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია.ამასთან „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.

ბოლო სიახლეები