გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომლებიც საძმებრო-სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართული.
„გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობას გადავუხდი, მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე მერიის სამსახურებს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

