სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026

ირაკლი კობახიძე – გახარია პარლამენტში საუბრობდა, რომ ქვეყანაში არ იყო კორუფცია, დღეს საუბრობს კორუფციაზე როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე, ჰკითხეთ, როდის ტყუოდა, საპარლამენტო ტრიბუნასთან, თუ როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა

რამდენიმე თვის წინ, გიორგი გახარია პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ იყო არავითარი კორუფცია. დღეს საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ, როდის ტყუოდა, საპარლამენტო ტრიბუნასთან, თუ როცა აკეთებდა ამ განცხადებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. კობახიძის თქმით, „მმართველ გუნდს აქვს ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია, პასუხი თავად გახარიასგან მოისმინონ“.

„თქვენ ხედავთ, ვინ აპიარებს გიორგი გახარიას. ძირითადად, ორი ტელევიზია „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. აქ ყველაფერი ნათელია და ყველაფერი ნათლად იკითხება, ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც დაკავშირებულია 17-18 თებერვალთან. რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში, პირველ რიგში, მას მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. 17-18 თებერვლის მოვლენები სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ უკვე მისი გაპიარება „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მხრიდან, ეს ყველაფერი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს. ამ კითხვებზე მას მოუწევს, ბუნებრივია, პასუხების გაცემა.

მან უნდა გასცეს ასევე პასუხი კითხვას, რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ აუცილებლად უნდა მოხსნილიყო იმუნიტეტი. ყველას არწმუნებდა და იმ ექვსმა დეპუტატმა, რომელიც დღეს საუბრობს სხვა რაღაცებს, ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას. რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მის არდაკავებას, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. პასუხი ვერ ექნება იმიტომ, რომ არის ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის იმუნიტეტის მოხსნის დროს და შემდეგ 17-18 თებერვალს. რა იყო ამ წინააღმდეგობის მიზეზი, პასუხი უნდა გაეცეს. გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია, მისგან მოვისმინოთ პასუხი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, 17-18 თებერვალს გიორგი გახარიამ მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში. გააკეთა ეს ნებსით, თუ უნებლიეთ. ნებსით, თუ უნებლიეთ ხდება „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ მისი გაპიარება თუ ა.შ, ამ კითხვებზე მან უნდა გასცეს პასუხი. აქტუალურიც არ არის მაინცდამიანც ეს თემა, განსაკუთრებით პრეზენტაციის შემდეგ.

წიქარიშვილს, უგულავას წამოსცდათ, თუ რა არის გახარიას დავალება, თუ ამოცანა. ეს არის ის, რომ რამენაირად დაგვაახლოონ ჩვენს 43% ნიშნულს. ვერ მიაღწევენ, ამის რესურსი არ აქვს არავის. არც გახარიას, არც „ნაცმოძრაობას“, არც ყველას ერთად. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენს დასახულ მიზანს ამ არჩევნებში მივაღწევთ ზუსტად ისევე, როგორც მივაღწიეთ.

რამდენიმე თვის წინ, ის პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ იყო არავითარი კორუფცია. დღეს ის საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას, როდის ტყუოდა, საპარლამენტო ტრიბუნასთან, თუ როცა აკეთებდა ამ განცხადებას. ეს არის, რა თქმა უნდა, თავდასხმა. ან მაშინ იტყუებოდა, ან ახლა იტყუება. მას დაუსვით ეს კითხვა, როდის იტყუებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ

„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ქართული უნივერსიტეტები მომავალში, რა როლი უნდა შეასრულონ ქვეყნის განვითარებაში და როგორ უნდა უპასუხონ თანამედროვე მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხილვა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ახალი რეგულაციების შეფასებით. უნივერსიტეტი ცოცხალი აკადემიური ორგანიზმია, რომლის განვითარებაც დაკავშირებულია ადამიანებთან - პროფესორებთან, მკვლევრებთან, სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ პერსონალთან და, შესაბამისად, ნებისმიერი სისტემური ცვლილების მთავარი საზომი საბოლოოდ უნდა იყოს ის, თუ რამდენად ქმნის ის უკეთეს პირობებს ცოდნის გადაცემისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და მისი თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სპეციალური მოწვევით - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და ამავე ასოციაციის გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ შეხვედრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ უნივერსიტეტები ცვლილებების ხარისხიანად, თანმიმდევრულად განხორციელებას. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რეფორმის პროცესში ერთმანეთთან ორგანულად იყოს დაკავშირებული განათლება, მეცნიერება და ინოვაცია. თანამედროვე მსოფლიოში უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობას მხოლოდ სტუდენტთა რაოდენობა ან საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობა აღარ განსაზღვრავს. უნივერსიტეტის წარმატებას სულ უფრო მეტად განაპირობებს მისი კვლევითი პოტენციალი, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ჩართულობა, ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა და ცოდნის კომერციალიზაციისა და ინოვაციურ პროდუქტად გარდაქმნის შესაძლებლობა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, ვუმასპინძლოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს, მინისტრის მოადგილეს ბატონ ზვიად გაბისონიას და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტს ჟოზეფ მ. გარელსა და გენერალურ მდივანს ამანდა კროუფუტს. მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული აკადემიური პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. ვფიქრობ, უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე ცვლილებები დროული და მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს, ამ მიმართულებით აღებული აქვთ სწორი და თანმიმდევრული გეზი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა განვიხილოთ უმაღლესი განათლების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ხარისხი არ არის მხოლოდ აკრედიტაციის პროცედურის ან კონკრეტული ინდიკატორების შესრულება. ხარისხი არის უნივერსიტეტის ყოველდღიური კულტურა - სწავლების ხარისხი, კვლევის დონე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო თანამშრომლობა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალი ცოდნის შექმნისა და მისი ტრანსფერის შესაძლებლობა. ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობა დღევანდელ კონფერენციაში სწორედ ამ შესაძლებლობას უსვამს ხაზს. ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება, ინსტიტუციური თანამშრომლობა, აკადემიური და სტუდენტური მობილობა, ერთობლივი კვლევები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები ის მიმართულებებია, რომლებიც ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის შემდგომ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და აკადემიური საზოგადოება ერთობლივად ვიმუშავებთ, შევძლებთ ისეთი უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს ახალგაზრდებს მისცემს თანამედროვე ცოდნის მიღების, კვლევისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, ხოლო ქვეყანას - კარგად მომზადებულ ახალგაზრდა სპეციალისტსა და მკვლევარს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა იცვლება დღეს, არამედ იმაზეც, თუ როგორი გვინდა იყოს ქართული უნივერსიტეტი ხვალ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხედვა რეალობად იქცეს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რომელმაც ყურადღება უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპზე, მის ძირითად მიმართულებებსა და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომ განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას მიესალმნენ და საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტმა ჟოზეპ მ. გარელმა და გენერალურმა მდივანმა ამანდა კროუფუტმა. როგორც ჟოზეპ მ. გარელმა აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის გაძლიერებას. მისი თქმით, უნივერსიტეტების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევები მოითხოვს გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიური საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. EUA-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნივერსიტეტების ავტონომიას, ხარისხის უზრუნველყოფას, კვლევისა და სწავლების განვითარებას, ასევე ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ენიჭება. მისი თქმით, ასოციაცია მზად არის, საქართველოს უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების შემდგომი განვითარების პროცესში საკუთარი გამოცდილება და საერთაშორისო შესაძლებლობები გაუზიაროს. ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე, მის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ. მინისტრის მოადგილის გამოსვლის შემდეგ, უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპისა და მის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უპრეცედენტო ვადით, 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი.ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.კერძოდ, აღინიშნება, რომ საფრანგეთმა წარმატებას მიაღწია ევროკავშირის სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებაში, რაც აზერბაიჯანთან პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების ნაწილია. მეორე რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი მას შემდეგ ამოიღეს სასანქციო სიიდან, რაც სლოვაკეთმა დაბლოკა მის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება.უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების შედეგად მათი აქტივები აღარ იქნება გაყინული და სამოგზაურო აკრძალვა მოეხსნებათ.Euronews-ის თქმით, უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებით გამოწვეული უკმაყოფილების კომპენსირების მიზნით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ვადა უპრეცედენტო ვადით - 36 თვით - გაახანგრძლივა. აქამდე, ამ ზომების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა, რაც წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ შესაძლებლობას აძლევდა, დათმობები მოეთხოვათ.

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას იმაზე სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე ხალხს ჰგონია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.ტრამპის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მჭიდრო მუშაობა ორივე ქვეყნის ლიდერებთან კონფლიქტის სწრაფად გადასაჭრელად. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბრძოლის ველზე არსებულ კატასტროფულ დანაკარგებზე და აღნიშნა, რომ ყოველთვიურად ათასობით ჯარისკაცი იღუპება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც მას უზარმაზარ სატარიფო უფლებამოსილებებს ანიჭებს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოყენებასაც გეგმავს.„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ეს მოხდება, ვფიქრობ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია.ვაგრძელებთ რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფული ომის დასრულების გზების ძიებას, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ყოველთვიურად ათასობით და ათასობით ადამიანს კლავს. გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე კონგრესის მიერ მიღებულ ახალ ძლიერ კანონს, რომელიც უზარმაზარ ახალ სატარიფო უფლებამოსილებებს მანიჭებს და, თუ საჭირო გახდა, მომიწევს მათი გამოყენება. დროა, მკვლელობები შეწყდეს“,- განაცხადა ტრამპმა.გარდა ამისა, ტრამპმა ხაზი გაუსვა პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ გაწეული სამუშაოსა და ძალისხმევას, რომლის ფარგლებშიც მრავალი დევნილი უკრაინელი და რუსი ბავშვი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა.

ყურძნის ფასის გაზრდაზე მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ფერმერებმა ყვარელში პროტესტი შეწყვიტეს და ქარხანაში მოსავლის ჩაბარება დაიწყეს

ყურძნის ფასის მომატების შემდეგ, მევენახეებმა ყვარლის ქარხანაში მოსავლის ჩაბარება დაიწყეს.როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, მთავრობამ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო - გათვალისწინებულია ხალხის ინტერესებიც და ღვინის ხარისხის შენარჩუნების საკითხიც.„ძალიან კარგი პოზიციებია შეთავაზებული მოსახლეობასთან. ვფიქრობ, მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვდა. ხედავთ, რომ ქარხანა გაიხსნა, მიმდინარეობს ჩაბარების პროცესი. მთავრობა არასდროს ყოფილა ხალხისგან შორს, არც დღეს არის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ხალხზე ორიენტირებისთვის, მათი ყოფის შესამსუბუქებლად,“ - განაცხადა კალმახელიძემ.მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებენ მევენახეებიც. მათი ნაწილისთვის ფასთა ცვლილება მისაღებია, ნაწილი კი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.„აქამდე არ იყო მისაღები, ახლა მისაღებია. მოვიტანე ყურძენი, შაქარი იყო 21-ზე ზემოთ. ჩავაბარე 1.5 ლარად. დღევანდელ გადაწყვეტილებას ვეთანხმები. რაც ვიცი, ამ გადაწყვეტილებას ყველა ეთანხმება და კმაყოფილები არიან,“ - აღნიშნა მევენახემ, დათო დათუნაშვილმა.,,ფასები, რაც ჩვენ გავიგეთ, ხალხის ნაწილისთვის მისაღებია, ნაწილისთვის მიუღებელია, როგორც მე შევამჩნიე,“ - აღნიშნა კიდევ ერთმა მევენახემ.ცნობისთვის, მევენახეების პროტესტის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება. კერძოდ, მაღალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავი 1.50 ლარი ეღირება, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი კი 1.30 ლარი. დაბალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარი იქნება, 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის კი 90 თეთრი. მევენახეები ყვარელსა და გურჯაანში, ღვინის საწარმოებთან აქციას ორი დღის განმავლობაში მართავდნენ და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დაკრეფილ მოსავალს არ აბარებდნენ.

ალექსანდრე თამაზაშვილი-„გლეხი ბენეფიციარი კი არა, ძლიერი პარტნიორი უნდა გახდეს,ვაზი მხოლოდ ბიზნესი არ არის – მევენახეობას სახელმწიფოს ახალი, გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება“

 ,,საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის. საქართველო ღვინის სამშობლოა - ეს კი ნიშნავს, რომ ამ დარგზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა აღიქმებოდეს როგორც მშობლის პასუხისმგებლობა საკუთარ შვილზე და არა როგორც ბიუჯეტისთვის აკიდებული ზედმეტი ტვირთი. ღვინის წარმოებისადმი მხოლოდ ცივი, წმინდა ეკონომიკური კალკულაციით ყურება დაუშვებელია. განვითარებული და ძლიერი მეღვინეობა ნიშნავს მსოფლიოს მხრიდან „ღვინის აკვნის“ მიმართ გაასმაგებულ ყურადღებასა და პატივისცემას. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს აუცილებლად დაუბრუნდება მილიონობით ტურისტის, მაღალი ცნობადობისა და ჩვენი ეკონომიკისთვის უზარმაზარი დივიდენდების სახით. ჩვენ ყველას გვახსოვს პერიოდი, როდესაც დარგი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ გლეხი აღარ აშენებდა ახალ ვენახებს, ძველი ვენახების რესურსი იწურებოდა და ხშირად ვაზის გაჩეხვის ტრაგიკულ პრეცედენტებსაც ვხედავდით... შეიძლება ითქვას, გარდაუვალი იყო დარგის სრული განადგურება. სწორედ ასეთ დროს, დარგის გადასარჩენად, ფეხზე წამოყენებისა და წახალისებისთვის, სახელმწიფო სუბსიდირების შემოღება უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა, ყველას გვესმის, რომ უსასრულო სუბსიდირება და მუდმივად ერთი და იგივე წერტილში დგომა ვერ გაგრძელდება. არ შეიძლება მოზარდი ზუსტად ისევე იკვებებოდეს, როგორც მცირეწლოვანი ბავშვი. დარგი გაიზარდა, გაძლიერდა და მასთან ერთად სახელმწიფოს მზრუნველობის ფორმაც უნდა შეიცვალოს - ის უნდა გახდეს უფრო მოწიფული, მოქნილი და სტრატეგიული. მიმდინარე რთველმა მკაფიოდ გამოაჩინა ახალი გამოწვევები - კლიმატის ცვლილება და უამინდობა, რამაც გლეხების უდიდესი შრომა საფრთხის ქვეშ დააყენა. ასეთ დროს საჭიროა არა ხისტი ბიუროკრატიული ჩარჩოები ან უეცრად შემოღებული მკაცრი წესები, არამედ პრაგმატული და მზრუნველობით მიღებული გადაწყვეტილებები. დროა, ნელ-ნელა გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და გამოაცხადოს ახალი, გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც ზუსტად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და ორ თანმიმდევრულ ნაბიჯს მოიცავს: 4-წლიანი გარდამავალი პერიოდი: ეს იქნება ლოგიკური და სამართლიანი დრო ადაპტაციისთვის. ამ 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინარჩუნებს ყურძნის სუბსიდირებას , რითაც გლეხს აძლევს დროს, უმტკივნეულოდ და მშვიდად მოემზადოს განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. 10-წლიანი სადაზღვევო ფარი: გარდამავალი პერიოდის შემდეგ სახელმწიფო გადადის დარგის მხარდაჭერის ევროპულ მოდელზე . უნდა შეიქმნას კარგად გამართული, ძლიერი სადაზღვევო სისტემა, რომელიც მორგებული იქნება მევენახეობის ყველა ნაცნობ გამოწვევაზე (სეტყვა, გვალვა, უამინდობით გამოწვეული შაქრიანობის ვარდნა). სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, მომდევნო 10 წლის მანძილზე მინიმუმ 80%-ით დაასუბსიდიროს გლეხის სადაზღვევო გადასახადი. რას მიიღებს გლეხი ამ სტრატეგიით?უპირველეს ყოვლისა - სტაბილურობასა და ხვალინდელი დღის რწმენას. გლეხი აღარ იქნება დამოკიდებული წლიდან წლამდე სუბსიდიის მოლოდინზე ან ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებებზე. ის მიიღებს დაცულობას ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, გარანტირებულ შემოსავალს საკუთარ მძიმე შრომაში და მკაფიო პერსპექტივას, რომ მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანით მისი ოჯახის კეთილდღეობა წლები გაგრძელდება. სწორი განვითარებით გლეხი იქნება არა სახელმწიფოს დახმარებაზე დამოკიდებული ბენეფიციარი, არამედ ძლიერი, დაცული და ამაყი პარტნიორი. ბოლოს კი მინდა ქართული ხალხური გადმოცემიდან ერთი ამბავი გავიხსენო: სამშობლოს დასაცავად მიმავალი ქართველი მეომარი, ბრძოლის ველზე გასვლამდე, ჩოხის ჯიბეში ვაზის ყლორტს იდებდა, რათა მისი დაცემის შემთხვევაში იმ ადგილას ახალი ვაზი გაზრდილიყო...''-ამის შესახებ ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბოლო სიახლეები