პარასკევი, ნოემბერი 13, 2026

ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს ჯილდო მიანიჭეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

ღონისძიება ბილბაოს თეატრში ბასკეთის მმართველი პარტიის ორგანიზებით შედგა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს ჯილდოსთვის. ჩემთვის დიდი პატივია იმ ადამიანად ყოფნა, ვინც ერთგულია ბასკებთან და ბასკეთთან მეგობრობის.

მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას – საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის – საბინო არანას სახელს ატარებს.

რამდენიმე მეცნიერული დასკვნით დასტურდება, რომ ბასკებსა და ქართველებს შორის ისტორიული კავშირი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბასკეთსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული მანძილი საკმაოდ დიდია, აშკარაა მსგავსება კულტურაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში. მეღვინეობა ჩვენი კულტურების არსებითი მახასიათებელია, რაც მეტყველებს, რომ ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს. ასევე, ქართული და ბასკური ენები სტრუქტურულად ახლოსაა ერთმანეთთან. ქართველებმა კარგად იციან ეს კავშირი და ძალიან ამაყობენ ამით.

ამ კავშირმა მოტივაცია მისცა ქართველების წინა თაობებს, ასევე მე და ჩემს კოლეგებს, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის შემდგომ გაღრმავებას. თბილისი და ბილბაო, ვიტორია და ქუთაისი, ლაგუარდია და გურჯაანი ათწლეულების მანძილზე დაძმობილებული ქალაქები არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბასკური ენის განყოფილება დაარსდა. არსებობს უწყვეტი პარტნიორობა, მაგრამ ასევე ძალიან ფართო სივრცე კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, გასტრონომიისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ნება მომეცით აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავრგეთ რამდენიმე გერნიკას ხე, რაც ბასკ და ქართველ ხალხებს შორის ძლიერი კავშირისა და მეგობრობის სიმბოლოს გამოხატავს.

თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზი ქვეყანა საოცრად ლამაზი ბუნებით, პეიზაჟებით, ქალაქებითა და სოფლებით, მაგრამ ბასკეთის ყველაზე ღირებული სილამაზე მისი თბილი ხალხია. თითოეულმა ბასკმა, ვისაც ჩვენ შევხვედრილვართ, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, გაგვეძლიერებინა ჩვენი მეგობრობა. დიდი მადლობა ამისთვის!

ჩემი ქვეყანა – საქართველო დღესდღეობით რამდენიმე ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მისი მშვიდობიანი დეოკუპაცია ჩემი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული მიზანია. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში არსებობდა საფრთხე, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოზეც გავრცელდებოდა. ეს იყო ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი, რომ თავიდან აგვერიდებინა ომი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას წარმატებით მივაღწიეთ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამავდროულად, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ხელი შევუწყოთ მშვიდობას რეგიონში. საქართველო ასევე ცდილობს, ფასილიტატორის როლი შეასრულოს ორ მეზობელ ქვეყანას – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ყველა ერი თანმიმდევრულად უნდა გაჰყვეს ამ გზას.

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას აზიასთან და აქვს დიდი პოტენციალი, შემდგომ განავითაროს სატრანზიტო ფუნქცია და შესაძლებლობები. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაყოფიერ ნიადაგს ეკონომიკური საქმიანობისა და ინვესტიციებისთვის ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის.

ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განაცხადი და იმედია, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს. თქვენი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად.

საერთო ჯამში, ასევე ზოგადი კონტექსტი იძლევა ნაყოფიერ ნიადაგს ბასკეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. მე მივიჩნევ ამას, როგორც ჩემს პასუხისმგებლობას, გავაკეთო ყველაფერი ამ პოზიტიური ტენდენციის ხელშეწყობისთვის.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს და ყველა ჩვენს ბასკ კოლეგას ჯილდოსთვის, ასევე შესანიშნავი მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ბუღალტერთა კავშირის ინიციატივითა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ღონისძიების მიზანს ბუღალტერიის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში მისი როლის გააზრება, პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთკავშირის გაძლიერება, ასევე სტუდენტებში საბუღალტრო და საფინანსო სფეროს მიმართ ინტერესის ამაღლება წარმოადგენდა.სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, კონფერენციამ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლები გააერთიანა. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუღალტერიის, როგორც თანამედროვე ბიზნესისა და ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენის, როლს. „ბუღალტერიის საერთაშორისო დღე პროფესიული საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია. იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუღალტრის პროფესიის მნიშვნელობას ეკონომიკური სტაბილურობის, ბიზნესის მდგრადი განვითარების, ფინანსური პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფის პროცესში.ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სტუდენტური ჩართულობა და მომავალი პროფესიონალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო. მსგავსი ტიპის კონფერენციები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ მათ მიერ არჩეული პროფესიის პრაქტიკულ ასპექტებს, გააფართოონ პროფესიული თვალსაწიერი და გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ბუღალტრის საქმიანობას უკავშირდება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის აკადემიური სივრცისა და პროფესიული ორგანიზაციების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტი, როგორც საინჟინრო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და ბიზნესგანათლების მნიშვნელოვანი ცენტრი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თეორიული ცოდნა პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.საქართველოს ბუღალტერთა კავშირისა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და პროფესიულ საზოგადოებას შორის კავშირების გაღრმავებას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და დარგის აქტუალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას“, - აცხადებს დავით ლეშკაშელი. სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს პროფესიის განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე, ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და იმ ახალ მოთხოვნებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე სპეციალისტები დგანან. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ფინანსური ინფორმაციის დამუშავების ახალი მეთოდები, ავტომატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ბუღალტრის საქმიანობას სულ უფრო მრავალმხრივსა და საპასუხისმგებლოს ხდის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლების აუცილებლობას. თანამედროვე შრომის ბაზარი მომავალი სპეციალისტებისგან არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, ანალიტიკურ აზროვნებას, პროფესიულ ეთიკასა და ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტირების შესაძლებლობას მოითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები 3+3 ფორმატისა და ნეიტრალიტეტის თემის ნორმალიზებას ცდილობენ, თითქოს რუსეთი საქართველოს უსაფრთხოების გარანტორია, რაც ნონსენსია – რუსეთისგან გვჭირდება...

“ქართული ოცნების” “მოლაპარაკე თავებს” სურთ, დისკუსია შემოიტანონ, თითქოს რუსეთი საქართველოს უსაფრთხოების გარანტორია, რაც სრული ნონსენსია, რადგან საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და საფრთხე თავად რუსეთია, შესაბამისად, ჩვენ თუ უსაფრთხოება გვჭირდება, სწორედ რუსეთისგან გვჭირდება დაცვა და არა რუსეთის მეშვეობით , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” 3+3 ფორმატთან დაკავშირებით გააქტიურებულ დისკუსიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას გარკვეული შეხება უნდა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ, მისივე განმარტებით, პრიორიტეტული ამოცანა რუსეთისგან თავდაცვა და უსაფრთხოებაა.მან ასევე პარტია “ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის იდეას ეხება.ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული პარტია “ქართული ოცნებისგან” ფინანსდება, “ნეიტრალური საქართველო” კი თავის მხრივ იმ საკითხს უწევს ლობირებას, რომელიც ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტორად წარმოჩინებას ემსახურება.“მე არ ვიცი, რამდენად შორს წავა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებაში, ჩაერთვება თუ არა 3+3 ფორმატში, მაგრამ ფაქტია, როდესაც თავის “მოლაპარაკე თავებს” ალაპარაკებენ, ნიშნავს, რომ ამის ნორმალიზება უნდათ. ამ დისკურსის შემოტანა სურთ, რათა ეს თემა იყოს ლეგიტიმური დისკუსია, თითქოს საქართველოს უსაფრთხოების საკითხი შესაძლებელია განიხილებოდეს ნეიტრალიტეტის კონტექსტში და ამაზეც არის ცალკე პროცესი, ან რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში - ანუ რუსეთი, როგორც საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი, რაც თავისთავად ნონსენსია, რადგან საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და საფრთხე თავად რუსეთია, შესაბამისად, ჩვენ თუ უსაფრთხოება გვჭირდება, სწორედ რუსეთისგან გვჭირდება დაცვა და არა რუსეთის მეშვეობით.თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ გარკვეული შეხება ჩვენს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას უნდა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ ის, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს რუსეთისგან თავდაცვა და უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტული ამოცანა, რომელიც გაწერილია, მათ შორის, იმ დოკუმენტებში, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არის მიღებული.ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ძალიან მოკლე დროში ასეთი ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ის, რომ მათი ხალხი ამაზე საუბრობს, ეს იმის გამო ხდება, რომ საზოგადოებაში მოამზადონ განწყობა, რათა ეს შემდეგ არ იყოს ისეთი უცხო, როგორც ერთი ან ორი წლის წინ იყო, როდესაც ამაზე საუბარი დაუშვებელი და წარმოუდგენელი იყო და პირველად, როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი, ჩვენ გვახსოვს, რომ ძალიან ცუდი რეაქციები მოჰყვა ამ საკითხს.დღეს უკვე დაშვებები ხდება. “ნეიტრალური საქართველო” აშკარად ფინანსდება “ქართული ოცნებისგან”. კი ამბობენ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია არისო, მაგრამ… ძალიან კარგად ჟღერს ნეიტრალიტეტი და კარგია, რომ შეგეძლოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება, არც სამხედრო დანახარჯები გექნება ქვეყანაში და ფინანსებს მთლიანად სხვა პირობებისკენ მიმართავ, მაგრამ ნეიტრალიტეტი არ არის ის, რომ შენ გადაწყვიტო მარტომ. ნეიტრალიტეტი არის უზარმაზარი ფუფუნება, რომელიც მთელმა საერთაშორისო კონტექსტმა უნდა შექმნას, საქართველოს კი ამის ფუფუნების საშუალება არ აქვს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიები გეოპოლიტიკურად გარკვეული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია არავინ გვაძლევს საშუალებას იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ნეიტრალური. ნეიტრალიტეტი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ნეიტრალიტეტი სხვა ქვეყნების გადასაწყვეტია, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი აღიარონ და ხელშეუხებლობაზე შეთანხმდნენ.უტოპიურია და მავნებლობაა დღეს ამის ლობირება, როგორც გამოსავალი და როგორც საქართველოს უსაფრთხოების ალტერნატივა. მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ უსაფრთხოების კონფიგურაციაზე, როგორ უნდა გაკეთდეს, რა ვითარებაში, ახალი შესაძლებლობები როგორ გამოვიყენოთ, მაგრამ არა ის, რომ რუსეთი გახდეს ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი, რომელზეც საუბარი უკვე დაწყებულია”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ძმები ფეიქრიშვილების დედა – მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად...

მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ბრალი დაუმძიმეს, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად არიან - „პაგონიანი“ ბანდიტები უნდა დაისაჯონ! - ამის შესახებ ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა განაცხადა.„ვატო ყიფიანი სუს-ის „ნასედკაა”. სუს-მა სადამსჯელო ბრიგადა შეაგზავნა ციხეში, რომელსაც სათავეში ვატო ყიფიანი ჩაუყენა.პროკურორმა განაცხადა, რომ 19 რიცხვში მან მისცა ზარის უფლება დავითს, მაშინ როდესაც აკრძალული ჰქონდა კომუნიკაცია, რომ დავით ფეიქრიშვილს დედასთან დაერეკა და ეთქვა, „ციხეში არ მოხვიდეო და ხმა არ ამოიღოო“.მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ბრალი დაუმძიმეს, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, შეიძლება ახალმა სუს-ის უფროსმა არც კი იცის, რადგან ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად არიან.გეკა გელაძემაც ბევრი რამე იცის. მოტეხეს, მაგრამ მე ყველაფერს ვხედავ. „პაგონიანი“ ბანდიტები უნდა დაისაჯონ! სუს-ის თანამშრომელი იქნება თუ პოლიციის უფროსი, ყველა უნდა დაისაჯოს ისე, რომ სისტემაში მუშაობა აღარასოდეს შეძლოს.მშობლებისთვის დიდი ტვირთია, როცა შვილები ციხეში არიან. ჩვენი შვილები პირუტყვები არ არიან, ადამიანები არიან, აქვთ თავმოყვარეობა. არცერთი პატიმარი არ უნდა იყოს დაჩაგრული. მე ვიქნები ის ბოლო დედა, რომელიც ხმას ამოიღებს, რომ მსგავსი სახელმწიფო დანაშაული აღარასოდეს განმეორდეს.ალბათ, რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ ტელეფონში ან რაღაცის ჩადება უნდათ. ეს ბანდა თვითონ არის გახვეული დანაშაულში და როცა პასუხი მოსთხოვეს, ფეიქრიშვილებზე გაიშვირეს ხელი.არ გეგონოთ, რომ ციხის უფროსისა და მისი მოადგილეების მოხსნით პირს დავხურავ - არ დავხურავ! ყველაფერი სუს-იდან იწყება. გაარკვიონ, სად არის გიჩო მარგველაშვილი და მოსთხოვონ პასუხი!ძალიან ადვილია ბერა ივანიშვილისკენ თითის გაშვერა. ეს კლანები ისე გაღორდნენ, იმდენი ფული იშოვეს, რომ ახლა ძალაუფლება უნდათ და თითს იქით იშვერენ, გამოძიება ჩატარდეს!“ - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე: გენაცვალეთ ბიჭებო! ყველას აჩვენეთ რა არის ნამდვილი ქართული სული

ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.„გენაცვალეთ ბიჭებო! ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს.კავკასიაში გვაქვს სიტყვა იმ ადამიანებისთვის, ვინც ზურგიდან ეპარება მას, ვისაც რაოდენობრივად აღემატებიან“, წერს ბერა ივანიშვილი.როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქალაქ ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მზაობა და თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს, შუა დერეფნის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

ბოლო სიახლეები