შაბათი, მაისი 16, 2026

ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს.

„ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მსურს, შეგახსენოთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა სასამართლო სისტემაში 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დროს. რეალობა იყო უმძიმესი: სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული, 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს. უსამართლო და რეპრესიული სასამართლო სისტემის პირობებში 25 ათასს მიაღწია პატიმრების რაოდენობამ ციხეებში, სადაც დანერგილი იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა. შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ციხეებში პატიმრების რაოდენობა – 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი ათჯერ შემცირდა. გარდა ამისა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ოცჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი და ა.შ.

წინა ხელისუფლების და მისი სასამართლო სისტემის პირობებში ქართველი ხალხი საქართველოში სამართალს ვერ პოულობდა და იძულებული იყო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა. 2004-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების 5416 საჩივარი შევიდა. შედარებისთვის, 2013-2022 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1132-ს შეადგენდა. 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები – მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ.

სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ნათელი დასტურია იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნებისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია. საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა დღეს ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და დღეს ის უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა.

ხელისუფლებამ არაერთგზის მიმართა საქართველოს მოქმედი სასამართლო სისტემის კრიტიკოსებს მოწოდებით, წარმოედგინათ კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა. თუმცა, კრიტიკოსებმა დღემდე ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. სასამართლო სისტემის კრიტიკოსების არაობიექტურობის ნათელი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ, პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა „რუსთავი 2“-ის მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მხრიდან საქმის მოსამართლის მისამართით „განხორციელებული უსაფუძვლო მედიაშეტევები შეიძლება, განხილული იყოს, როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და აღნიშნულმა შეტევებმა, ზოგადად, წვლილი შეიძლება, შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში“. გვინდა, შეგახსენოთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები.

ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება, როგორც ერთ-ერთი მოწინავე. IPSOS FRANCE-ის კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში. პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს.

ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს.

ამიტომ, ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ ილია დარჩიაშვილის წერილში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები 26 მაისს დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები 26 მაისს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.აღნიშნულის თაობაზე მათ პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.როგორც ისინი აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია 26 მაისს იდგნენ იქ, სადაც პატიმრობაში მყოფი პირები იდგებოდნენ.„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეჟიმის ტყვეები საქართველოს ღირსების დაცვისთვის და საქართველოსსიყვარულისთვის უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაკეთოთ ის, რასაც ეს უღირსეულესი ადამიანები გააკეთებდნენ. 26 მაისს ვუერთდებით ეროვნულ დღესასწაულს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და უმნიშვნელოვანესია ვიყოთ იქ, სადაც იდგებოდა ნებისმიერი ბიჭი და გოგო, ვინც ახლა იმყოფება უკანონო ტყვეობაში“,- განაცხადა ნიკა კაციამ.

ანდრია ჯაღმაიძე ილია მეორისა და შიო მესამის შესახებ წერს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქ შიო მესამის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ წელს პირველად 17 მაისი ილია მეორის გარეშე აღინიშნება.„პირველად აღვნიშნავთ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილიაII ის გარეშე. პირველად შედგება ეს დღე ახლად არჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, შიო III ის პატრიარქობაში.2026 წლის 17 მაისი იქნება სახე, ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

დონალდ ტრამპი – არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს

არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა შეუძლია თუ არა ტაივანელ ხალხს თავი მეტ-ნაკლებად დაცულად იგრძნოს სი ძინპინთან მისი შეხვედრის შემდეგ.„არაფერი შეცვლილა. ამას ვიტყვი: არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს. და, იცით, 9,500 მილი უნდა გავიაროთ ომში საბრძოლველად. არ მინდა ეს. მინდა, რომ დამშვიდდნენ. მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს“, - განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა მკაფიო პასუხი არ გასცა კითხვას, მოაწერს თუ არა ხელს ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის პაკეტს, რომელიც დიდი ხნის წინ გადაიდო.„შემიძლია ეს გავაკეთო. შემიძლია არ გავაკეთო. ომებს არ დავეძებთ. თუ ასე დარჩება, ვფიქრობ, ჩინეთი ამას დაეთანხმება. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ თქვას: „მოდით, დამოუკიდებლები გავხდეთ, რადგან შეერთებული შტატები გვიჭერს მხარს“, - განაცხადა ტრამპმა.

გია ხუხაშვილი – პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომისკენ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს – თუ პარტიებს უნდათ, აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში, ხალხის მხარდაჭერა...

პოლიტიკური ლოგიკით, რა თქმა უნდა, 2026 წელს, შემოდგომისკენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს, - „ოცნებას“ სჭირდება არჩევნები, არა კეთილი ნების გამო, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.გია ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა.„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ძალის პოლიტიკა ესმის. „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა. ეს ინსტრუმენტი აქვს მხოლოდ ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ. თუ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ, რომ აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში და ფეხები კი არ უნდა აბაკუნონ, ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ და ხალხის ზეწოლით უნდა აიძულონ ხელისუფლება, რომ უკან დაიხიოს. მარტო პირობებს რომ აყენებენ ტელევიზორში, მეც დავჯდები და ჩამოვწერ ათ პირობას და დავაყენებ, მაგრამ პირობას რომ აყენებენ, შენ უნდა გქონდეს ინსტრუმენტები იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინო, თორემ აყენონ ეს პირობები და იყვნენ, მეორე მხარე დასცინებს, რასაც კობახიძე აკეთებს, მეტი არაფერი არ მოხდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.რაც შეეხება აქციების დროს დაკავებულების შეწყალების საკითხს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ილუზია და ყალბი იმედია“, რომ წმინდა სინოდის ან ახალი პატრიარქის თხოვნის საფუძველზე „ქართული ოცნება“ პატიმრებს შეიწყალებს.„როგორი ილუზია გვაქვს ხოლმე, მუდმივ ყალბ იმედებში ვცხოვრობთ. სინოდის წევრების განცხადებები არავის არ აინტერესებს. სინოდის წევრები არ განსაზღვრავენ, ვის გამოუშვან და ვინ არა. ვიღაც რაღაცას იტყვის ქულების დასაწერად ან სახის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამით პროცესი წინ ვერ წავა, მეტი არაფერი არ იქნება. დღევანდელი პატრიარქის და ილია მეორის წონა შეადარეთ, ასჯერ უფრო ნაკლები წონა აქვს და ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ იმის მეათედი წონა შეიძინოს, რაც ილია მეორეს ჰქონდა. თუ ილია მეორის დროს ვერ მოხერხდა, ახლა რა ლოგიკით ვსაუბრობთ, ეს უფრო მოახერხებს ვიდრე ილია მეორე?თუ მოინანიებენ, გამოუშვებენ, ამას არაფერი შუამდგომლობა არ უნდა, არც საპატრიარქო და არაფერი. ვინც მოინანიებს ისედაც ამოკრავენ წიხლს და გამოაგდებენ გარეთ, რად უნდათ ციხეში ეგეთი ადამიანი. ვინც მოინანიებს, ესე იგი გატყდა, უარი თქვა ბრძოლაზე, საშიში აღარ არის და გამოუშვებენ გარეთ. არ უნდა ამას არც საპატრიარქო და არც სინოდი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ილჰამ ალიევი – არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება

არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სახელმწიფო მეთაურების არაფორმალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ მთავარ სეგმენტად იქცევა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „შუა დერეფნის“ გასწვრივ საბაჟო პროცედურები მარტივდება.„თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ ფარგლებში შემუშავებული e-Permit სისტემა ელექტრონული ნებართვების სწრაფ გაცემას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ბოლო სიახლეები