ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

იაპონიის სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

იაპონიაში, ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ჰარუ ბაშოს მე-6 დღეს ქართველი მებრძოლის მეტოქე პირველი მაეგაშირა ენდო იყო. ტოჩინოშინიმ სუმოსთვის უჩვეულო ილეთი გამოიყენა და მეტოქე ულამაზესი გდებით დაამარცხა.

მიმდინარე ბაშოზე ლევან გორგაძეს 6 ბრძოლის შემდეგ 4 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

ოსაკას სუპერტურნირს 6-დან 6 მოგებით იოკოძუნა კაკორიუ ლიდერობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ, დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და 8.5 მლრდ ლარს გადააჭარბა

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.„მივესალმები ფერმერებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც დგას ჩვენი სოფლის გაძლიერება  და ჩვენი  ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა. სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ყველას კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს დარგი მხოლოდ ფერმერთა ენთუზიაზმზე იდგა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა – ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ცოდნაში. შედეგები ხელშესახებია: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების რეესტრი, რომ დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება და გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

კახა კალაძე – აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, ჰერჩინსკიმ პირდაპირ ისაუბრა დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს, სახელმწიფოს, უნდა მოხდეს მისი დაბარება და დაისვას კითხვები

ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო, საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის თუ არა ის ევროპული ქვეყნების ოჯახს“.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც სჭირდება პარტნიორები და არა ბატონები.„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო – საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხები გვჭირდება. საქართველოს არაფრისგან გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და თავის „ხუშტურებზე“ გვატაროს, ასე ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და არა ბატონები, რომლებიც თითს დაგვიქნევენ. თითი დაუქნიონ მას, ვისაც აქამდე უქნევდნენ. ჩვენთან ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება პრინციპული პოზიცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს. საპატრიარქო საზოგადოებას ილია II-ის სურვილსაც შეახსენებს, თუნდაც ერთი ნაკლოვანების გამოსწორებასთან დაკავშირებით.„შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა.მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლებით, ამქვეყნად აღსრულებულ საქმეთა მიხედვით, მე-40 დღეს ხდება სულის დამკვიდრება იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება მეორედ მოსვლამდე; მეორედ მოსვლისას კი ხელახლა მოხდება საბოლოო ადგილის მიკუთვნება გარდაცვლილისთვის მის სახელზე შემდეგ აღსრულებულ სხვა სიკეთეთა გათვალისწინებით.ასე რომ, მე-40 დღე ფრიად მნიშვნელოვანია.ფაქტია, მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს. გარდა ლოცვისა, რა თქმა უნდა, სხვა შესაძლებლობებიც მრავალგვარია; დიდად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოყვასისათვის სიკეთის ქმნა.ამასთან, შეგახსენებთ ილია II-ის ერთ სურვილსაც, რომ, ღვთის სადიდებლად, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა და მას სამუდამოდ განვშორებოდით.თუ თითოეული ჩვენგანი ამას ჩვენი პატრიარქის სახელზეც გავაკეთებთ, წარმოიდგინეთ, უფლის რაოდენ დიდი მადლი და წყალობა მოეფინება ჩვენს ერს, როგორ გავახარებთ ამით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და როგორი დიდი შეწევნა იქნება ეს (როგორც ჩვენი, ისე) მისი სულისთვის", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი – იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ, საჭიროა ყველა შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება – არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია...

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.სააკაშვილი რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი შეფასებით, ოპოზიციის შეცდომაა.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება“.„დიქტატურა ირყევა, სინამდვილეში, ის უფრო სუსტია, ვიდრე როდისმე, ბოლო დღეებიც ამას ადასტურებს. წარმოშობილია უზარმაზარი ვაკუუმი, რომელიც აქტიურმა ადამიანებმა და ოპოზიციამ უნდა შეავსონ. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა. ჰოდა, გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც. დიდი შეცდომა იყო ეროვნული პატრიოტული თემის „ქოცებისთვის“ დათმობა, მაშინ, როცა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო ღრმად პატრიოტული, ჯანსაღად ნაციონალისტური ხელისუფლება, მაშინ როცა ამათ პატრიოტიზმი ცინიკურ იმიტაციამდე დაიყვანეს და სინამდვილეში, სამშობლოს აქტიურად ჰყიდიან. ჩვენ ვერ შევძელით ამის სათანადოდ კარგად ახსნა. დიდი შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან ომი და მშვიდობის თემის იგნორირება, უნდა აგვეხსნა, რომ სწორედ "ქოცური" კაპიტულანტობა, განიარაღება, მეგობრების დაკარგვა იწვევს აქ ომს. განსაკუთრებით დიდი შეცდომაა კონკრეტული სოციალური თემების თითქმის სრული იგნორირება, ისე რომ ეს ხალხს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია ისედაც კარგად ცხოვრობს, ხალხის პრობლემები არ აინტერესებს და ძირითადად, დაკავებულია საკუთარი თავის წარმოჩენით და ურთიერთ-გარჩევებით. შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება. ასევე, მცდარია ფაქტობრივად, შიდა ემიგრაციაში წასვლა, პასუხისმგებლობის მოხსნა და მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნა, რასაც ზოგიერთი ოპოზიციაში მუდმივად ასხივებს მუდმივი მკითხაობით: "აბა რუბიომ რაზე დარეკა, ალიევმა რა ჩამოიტანა", იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ - მავნებლობაა. ერთი და იმავე დაუსრულებელ წრეზე სიარული არაფერს გვაძლევს. თარიღების დაკიდება, თან სათანადო ახსნის გარეშე ბევრს არაფერს იძლევა, როგორც წარსულში არაერთხელ დავრწმუნდით. სამაგიეროდ, რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სპონტანური აქციები, როგორიც იყო „გავრილოვის ღამე“ და კობახიძის განცხადების შემდეგ გამოსვლები (ასევე უცხოეთის გამოცდილება (კიევი 2014, ნეპალი 2025)) რომლებიც მიგვიყვანა რეჟიმის შეცვლამდე პოლიტიკური სპექტრი რომ მზად ყოფილიყო, თუმცა სპონტანური აქციები ციდან არ ეცემა. ისინი დაგროვილი საპროტესტო ენერგიის გამოხატულებაა და ამ ენერგიის დაგროვება ხდება ხალხთან მუდმივი მუშაობით. ეს მუშაობა ვერანაირად შემოიფარგლება ვერც ტელევიზიებით და ვერც სოციალური ქსელებით. ყველა ტელევიზიის ყურებადობა (სამთავრობოც და ოპოზიციურიც, ნუ სამთავრობოსი უფრო) მკვეთრად შემცირებულია. სოციალურ ქსელებში ერთი და იმავე „ბაბლში“ ვტრიალებთ გაუთავებლად და ეს პირიქით, გათიშვას უწყობს ხელს. საჭიროა იდენტიფიცირება კონკრეტული პრობლემების და მათზე მუშაობა აქტიური ჯგუფების შექმნით, იმის გამოცხადება, რომ ახლა ჩვენ ვერ დავწვრილმანდებით, მთავარი ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება, ჩემი აზრით, არის ძირშივე არასწორი - როგორ უნდა შეიცვალოს, თუ მოვლენების სათავეში არ ჩავალთ. განსაკუთრებით მცდარია ის გამონათქვამები, რომ ფართო მასის აზრზე მეტად საკუთარი ვიწრო წრის აზრი გაინტერესებთ. ასეთი მიმართულება უფრო ადვილს ხდის ოპოზიციის ნეიტრალიზაციას, ვინაიდან მათ მჯდომარე სამიზნედ აქცევს. მაშინ, როცა კონკრეტულ პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივი მთლიანობაში მოუხელთებელი ჯგუფები პრობლემას უქმნიან რეჟიმს და პატარ-პატარა გამარჯვებებს იპოვებენ, რომელიც შემდეგ გადაიზრდება დიდ გამარჯვებაში იმიტომ, რომ საყოველთაო საპროტესტო ენერგიას აგენერირებს. ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მე არც იმ თეზისს ვეთანხმები, რომელიც განსაკუთრებით უნგრეთის ამბის შემდეგ მუსირებს, რომ მხოლოდ ძლიერი ლიდერი შეძლებს სიტუაციის შეცვლას. ასე მართლა იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს, მაგრამ შევარდნაძე დიქტატორი არ იყო, მითუმეტეს არც ორბანი. აქ დიქტატურაა და ამიტომ, ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ასიმეტრიული მოქმედებებით და საჭირო დროს გაერთიანებით ააყირავებს დიქტატურას. რა უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლის მერე. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეზისის წინააღმდეგ წასვლა იწვევს ლიბერალების წასევას, მე მაინც ვიტყვი, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. რატომ უარესი - იმიტომ, რომ კოალიცია იწვევს პოლიტიკურ კორუფციას. როცა რესურსები იმის მაგივრად, რომ ხალხისკენ მიიმართოს, კოალიციის სხვადასხვა წევრების მოსყიდვას ხმარდება. ასევე, კოალიციის პირობებში ბევრად უფრო ჭირს გადაწყვეტილების მიღება. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იმაშია, რომ ის ძალიან ადვილად პროგნოზირებადია დიქტატურისთვის. საერთო ჯამში, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ წინასწარ გაკვალული ტრაექტორიით ერთი და იგივე წრეზე სიარული. უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება, ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები