არ ვიცი, ეს უნდა მიხაროდეს, თუ უნდა მწყინდეს, მაგრამ ადრე ხომ იყო „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, ახლა კი ვართ „ქოცები“ და „გირჩები“ მარტო, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„„ნაცებიც“ ხომ აღარ არიან და აღარ არიან, თავისი თავი თვითონ გააქრეს, „ლელო“ მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ალბათ, რამდენიმე ხანში გააკეთებს განცხადებას ხაზარაძე, წავედი, კარგად იყავითო. გიჟი უნდა იყოს, რომ არ წავიდეს. ასეთი გიჟიც არ მგონია და ამიტომ, ველოდები, რომ ხაზარაძე წავა. შესაბამისად, „ლელოსგან“ არაფერი არ დარჩება, „ნაცებისგან“ არაფერი არ არის დარჩენილი, საბოლოო ჯამში და დავრჩით ჩვენ. მე ეს კი არ მიხარია? იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ იმისთვის, რომ ოპონირება გავწიოთ ყველაფერზე და გავუწიოთ თან, ამხელა რესურსების მქონე ხელისუფლებას, მაგრამ სად არიან პოლიტიკოსები, მართლა სად არიან? თქვენი კოლეგები ნახეთ ოპოზიციურ არხებზე, პოლიტიკოსების მაგივრად ჰყავთ ვიღაც ახალგაზრდა აქტივისტები, ვიღაც დაკავებულის ოჯახის წევრები, ვიღაც ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები, თუ მოპოლიტიკოსო ელემენტები. არ არსებობენ პოლიტიკოსები, გაქრნენ, წავიდნენ, ზოგი ციხეში ზის და რომ გამოვლენ, მერე რა კონფიგურაციით გადალაგდებიან, ვერ გეტყვით ამწუთას და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ; „ენჯეოს“ დიდი ნაწილი მე მგონი, წავიდა, ან, რა ვიცი, სამსახური დაკარგეს და შესაბამისად, ეძებენ ახალ სამსახურებს და ძალიან ცოტა ნაწილი ჩანს მათი ფრონტზე. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უბრალოდ, ვინაიდან დაიმალა და ციხეში არ სხედან მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერი თვითონ დააანონსეს, ხალხი თვითონ დააჭერინეს, თვითონ წააქეზეს და მერე ვერ გაბედეს, წინ დამდგარიყვნენ, მათ ავტომატურად მოუწევთ პოლიტიკიდან გასვლა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანმა იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვა – გაექცა თუ არა პასუხისმგებლობას ოპოზიცია და მოუწევს თუ არა მას პასუხისმგებლობის აღება თუნდაც, იმ ადამიანებზე, ვინც მათი განცხადებების შემდეგ დააკავეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებას ახსოვს იგივე ღობესთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, იაგო ხვიჩია განაცხადა, რომ მას 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ შემოქმედება ჰგონია.
„ეს ბევრჯერ მითქვამს და სიმართლე გითხრათ, 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ შემოქმედება მგონია. სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერად შესრულებული, რომლითაც მათ რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭირეს. გეტყვით, რა მიმძაფრებს ჩემს ეჭვს. 4 ოქტომბრის მერე იმ ხალხს, ვინც 4 ოქტომბერს ამზადებდა, ყველაზე მეტად ევალებოდა, საზოგადოებისთვის აეხსნათ, რა მოხდა 4 ოქტომბერს. ეს ხალხი ხომ გადამალა ხელისუფლებამ და თქვა, ამათ არც წერილს დავაწერინებ და არც ადვოკატს არ შევახვედრებო. მე ასეთი სიგიჟე საერთოდ არ მინახავს. ამას ყველა ჩვეულებრივად იტანს, ვითომ არაფერია, რომ ეს ხალხი დაიმალა, მათ შორის, დაიმალა ისე, რომ წერილს ვერ წერს, ადვოკატს ვერ უკავშირდება, გარე სამყაროსთან კავშირი არ აქვს. გვარამია იძახის, დაივიწყეთ საერთოდ 4 ოქტომბერიო. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს რამე აუხსნან, ხელისუფლებას მიეცა საშუალება, აეხსნევინებინა საზოგადოებისთვის, რას აპირებდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მას ერჩივნა, ოპოზიციაში ერთმანეთთან შეთანხმებული ხალხი ყოფილიყო, მათთან დალაპარაკება შესაძლებელი ყოფილიყო და „ისეთი პირწავარდნილი მატყუარები არ ყოფილიყვნენ, რომ ერთი სიტყვის დაჯერება მაინც ყოფილიყო შესაძლებელი, რასაც გეუბნებოდნენ“.
„ჩემთვის ეს იქნებოდა უკეთესი და არა ის, „ქართულ ოცნებასთან“ მარტო დარჩენა, ამხელა რესურსებით ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით, მაგრამ სუფთა გულით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

