საქართველოში ჯანდაცვის სისტემა (ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარება, კლინიკები) ძალიან გამართულად მუშაობს. არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.
„ყველა COVID-ით ავადმყოფს საჭირო შემთხვევაში ჩვენების მიხედვით უტარდება პროაქტიური მკურნალობა თანამედროვე მედიკამენტებით და ოპტიმალური მიდგომებით, მათ შორის ადრეული ანტივირუსული მკურნალობა სადღეისოდ საუკეთესო პრეპარატებით: პაქსლოვიდით და რემდესივირით. სწორედ ამის შედეგია, რომ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები დაყვანილია მინიმალურ ნიშნულზე, ხოლო გრიპით და სხვა რესპირაციული ინფექციებით კლინიკების უდიდესი გადატვირთვის მიუხედავად წლევანდელ სეზონში პრაქტიკულად არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ გვქონია. შესადარებლად 2009-2010 წლების გრიპის ეპიდემიის დროს საქართველოში სულ ცოტა 50 გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო ამერიკის CDC-ის ოფიციალური გათვლებით აშშ-ში წლევანდელ სეზონში დაფიქსირებულია გრიპის მინიმუმ 15 მილიონი შემთხვევა, 150 ათასი ჰოსპიტალიზაცია და 9300 გარდაცვალება. ასეთია სადღეისოდ ქვეყანაში COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების რეალური და არავირტუალური ეპიდსიტუაცია, რისი უარყოფაც ჩვენს ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი უჭირთ“, – აცხადებს ცერცვაძე.