ჩვენ გვაქვს საზღვარი, იქ დგას ქართველი მესაზღვრე და არცერთი ადამიანი ჩვენ საზღვარზე არ შემოდის შემოწმების გარეშე რაც არ უნდა მეორე მხარეს კილომეტრიანი რიგები იდგეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, ვინც შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ქვეყნისთვის, ის ვერც შემოდის.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ რიცხვი გაზრდილია, ვსაუბრობთ იმ რიცხვზე, ვინც ჩვენმა მესაზღვრემ მიიჩნია, რომ შეიძლებოდა შემოვიდეს ან ტრანზიტის მიზნით, ან ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ მას აქ აქვს წარსული, ჩვენი ქვეყნის შვილი იყო, შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და შესაბამისად აქაურად რჩება, ან აქვს ლეგიტიმური მიზანი რომ შემოვიდეს, ანუ ის უსაფრთხოა ქვეყნისთვის. ის, ვინც შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ქვეყნისთვის, ის ვერც შემოდის. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მხოლოდ რიცხვის გაზრდის გამო ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვიღაცას სურს, რომ ვიყოთ. მაგალითად, ისმის ყოველი მეორე თბილისში რუსია, გვიშველეთ, შემოგვესივნენ რუსები, – ეს რა თქმა უნდა, არ არის სერიოზული. საფუძველი შიშის არ არსებობს, რიცხვი გაზრდილია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მარტო იმათზე, ვინც შემოვიდა, ვინც ვერ შემოდის, ამათზე ნაკლები აქცენტი კეთდება და უნდა კეთდებოდეს, რადგან ეს საზღვრის მართვის საკითხია და ამისთვის გვაქვს ჩვენ საზღვარი და გვიდგას მესაზღვრე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.