დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გრძელდება.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დღევანდელი სხდომის გადადების თაობაზე ნატალია ილიჩოვას ადვოკატის შუამდგომლობა.
წარმოდგენილი იყო ნატალია ილიჩოვას ერთ-ერთი ადვოკატის – სულხან კომახიძის წერილი, რომლითაც ის პროცესის გადადებას ითხოვდა და განმარტავდა, რომ ნაფიც მსაჯულთა პროცესი აქვს, რის გამოც დღევანდელ სასამართლოში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ ილიჩოვას ჰყავს სხვა ადვოკატიც, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრება და ერთი თვით ადრე ჩანიშნულ პროცესს ვერ გადადებდა.
პროცესის დაწყებამდე ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ ორი წელია, სასამართლო განხილვები ჭიანურდება, რაც შეკითხვებს უჩენს. მისი თქმით, სამართლებრივი საფუძვლები თავიდანვე არ არსებობდა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.